სამხრეთ კორეა იძულებული გახდა რუსული თვითმფრინავის მიმართ გამაფრთხილებელი გასროლა განეხორციელებინა. სეული ადასტურებს, რომ დღეს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა სამხრეთ კორეის საჰაერო სივრცე დაარღვია.
რუსული თვითმფრინავი უცხო ქვეყნის საჰაერო სივრცეში აღმოსავლეთ ზღვის ტერიტორიის მხრიდან შეიჭრა, რის შემდეგადაც მისი მიმართულებით რამდენიმე გამაფრთხილებელი გასროლა მოხდა. სროლის შემდეგ, რუსულმა თვითმფრინავმა ტერიტორია დატოვა, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ ისევ დაბრუნდა. სამხრეთ კორეულმა თვითმფრინავებმა კვლავ გაისროლეს.
ამას გარდა, კიდევ ორი რუსული თვითმფრინავი მოძრაობდა დღეს სამხრეთ კორეის საჰაერო სივრცის მახლობლად. ინფორმაციას სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სეულმა რუსეთის საელჩოს ოფიციალურ პირებს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა საპასუხო განცხადება, რომელშიც ის სეულის ბრალდებებს უარყოფს. მოსკოვი აცხადებს, რომ რუსული ბომბდამშენები მხოლოდ იაპონიის ზღვის ნეიტრალური წყლების თავზე დაფრინავდნენ.
Facebook Forum