პალესტინელთა ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმის სამიზნე საავადმყოფო იყო

დღეს, 10 ნოემბერს, ისრაელის საჰაერო თავდასხმების ერთ-ერთი სამიზნე ღაზის უმსხვილესი საავამდყოფო ალ-შიფა იყო, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი ადამიანი და დაიჭრნენ თავშესაფარში მყოფი სხვა პირები. ინფორმაციას ამის შესახებ პალესტინელების ოფიციალური პირები ავრცელებენ.

განცხადების მიხედვით, დამატებითი საჰაერო დარტყმების შედეგად, დაზიანდა სხვა საავადმყოფოებიც. მათ შორისაა ინდონეზიური საავადმყოფოს ნაწილი და გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი წაეკიდა რანტისის პედიატრიულ და კიბოს სამკურნალო საავადმყოფოს ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში. ისრაელი ამბობს, რომ სწორედ იქ არიან "ჰამასის" მებრძოლები კონცენტრირებული.

ისრაელის ტანკებმა, რომლებიც თითქმის ორი კვირის განმავლობაში მიიწევდნენ ღაზის ჩრდილოეთით, დაიკავეს პოზიციები რანტისის, ალ-კუდსის და ნასერის ბავშვთა საავადმყოფოების გარშემო. ეს იწვევს პაციენტების, ექიმებისა და ევაკუირებულების შეშფოთებას.

„ისრაელი ახლა იწყებს ომს ღაზის ქალაქის საავადმყოფოების წინააღმდეგ“, განუცხადა საინფორმაციო სააგენტო "როიტერს" ღაზის მთავარი საავადმყოფოს დირექტორმა მოჰამედ აბუ სელმეიამ.

ასევე ნახეთ: ბლინკენი: „მეტი უნდა გაკეთდეს“ პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად

ისრაელს მომხდარზე კომენტარი დაუყოვნებლივ არ გაუკეთებია, მაგრამ ამბობს, რომ ის არ ისახავს მიზნად მშვიდობიანი მოსახლეობის მოკვლას და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ არ დაარტყას მათ. თუმცა, ისრაელი ასევე ამტკიცებს, რომ "ჰამასის" მებრძოლებს სამეთაურო ცენტრები და გვირაბები შიფას და სხვა საავადმყოფოების ქვეშ აქვთ მოწყობილი.

ამ ბრალდებებს პალესტინელთა ისლამისტური დაჯგუფება "ჰამასი" უარყოფს. შეერთებულ შტატებს, დასავლეთის ბევრ სხვა ქვეყანასთან ერთად, "ჰამასი" ტერორისტული დაჯგუფებების სიაში ჰყავს შეყვანილი.

„მაშინ, როდესაც მსოფლიო ხედავს უბნებს სკოლებით, საავადმყოფოებით, საბავშვო მოედნებითა და მეჩეთებით, "ჰამასი" ხედავს ექსპლუატაციის შესაძლებლობას“, - ამბობენ ისრაელის სამხედროები.

პალესტინელთა ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთთვიანი თავდასხმების შედეგად, დაღუპულია 10 000-ზე მეტი პალესტინელი ღაზის სექტორში. ამის გამო სულ უფრო გახშირდა მოწოდებები ისრაელისადმი, რომ შეწყვიტოს ცეცხლი, თუმცა ისრაელის მთავრობა ამბობს, რომ თუ გაჩერდებიან, ამას "ჰამასი" მათზე მორიგი თვადასხმისთვის გამოიყენებს.

"ჰამასის" შეიარაღებულმა ფრთამ პარასკევს განაცხადა, რომ ის კვლავ ისვრის რაკეტებსა და ჭურვებს ისრაელის მიმართულებით და ებრძვის ჯარებს ღაზაში. სირენები მართლაც ისმოდა თელ-ავივში და მის მიმდებარე რაიონებში, რათა ხალხი გაეფრთხილებინათ "ჰამასის" მორიგი სარაკეტო თავდასხმის შესახებ. მედიკოსებმა განაცხადეს, რომ თელ-ავივში ორ ქალს ზალპური აფეთქების შედეგად მიყენებული ჭრილობები აღმოუჩინეს.

სამხედრო კონფლიქტის გამო, ურთულესი ჰუმანიტარული მდგომარეობაა ღაზაში. საავადმყოფოები ცდილობენ გაუმკლავდნენ სამედიცინო მარაგის სიმწირეს და სუფთა წყლის დეფიციტს. სექტორში ელექტროენერგია აღარ არის, ხოლო გენერატორებისთვის საჭირო საწვავი ამოიწურა, ამიტომ ოპერაციები ანესთეზიის გარეშე კეთდება.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერმა აშრაფ ალ-ქიდრამ განაცხადა, რომ ისრაელმა ხუთჯერ დაბომბა შიფას საავადმყოფოს შენობები წინა ღამის შემდეგ. "მათ დაბომბეს სამშობიარო განყოფილება და ამბულატორიული კლინიკების შენობა. ერთი პალესტინელი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა დილით ადრეული თავდასხმის შედეგად", - თქვა მან.