ნავალნის თანამებრძოლს 7,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

დაპატიმრებული რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის კამპანიის ყოფილ ლიდერს, შვიდი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლომ, ნავალნის თანამებრძოლი, „ექსტრემისტული ორგანიზაციის შექმნის“ საქმეზე დამნაშავედ ცნო.

ლილია ჩანიშევას გამამტყუნებელი განაჩენი ურალის ქალაქ უფაში გამოუტანეს. ამას, ნავალნის მხარდამჭერების პროტესტი მოჰყვა.

ასევე ნახეთ: ვინ იღებს კრემლში გადაწყვეტილებებს?

ნავალნის თანაშემწე, ლიუბოვ სობოლი, სასამართლოს განაჩენს პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინმა, „სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, კიდევ ერთი მძევალი აიყვანა“. ნავალნის სპიკერი, კირა იარმიში აცხადებს, რომ ჩანიშევა თავისი ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლის გამო დაისაჯა. „ეს განაჩენი დანაშაულებრივია და ყველა, ვინც ამ საქმის გაყალბებაში მონაწილეობს, ადრე თუ გვიან დაისჯება“ - დაწერა იარმიშმა „ტვიტერზე“.

ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, ჩანიშევას წინასწარი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. გასულ თვეში გამართულ სასამართლო სხდომაზე, მან საკუთარ დასკვნით სიტყვაში თქვა, რომ მისი საქმე, რუსეთში განსხვავებული აზრის ამოსაძირკვად პუტინის ფართო კამპანიის ნაწილი იყო. „მაგრამ, პუტინი არის კორუფცია, დაბალი ხელფასები და პენსიები, ეკონომიკური ვარდნა და ფასების ზრდა. პუტინი არის ომი და ეს უკვე ყველას შეეხო!“ - თქვა ჩანიშევამ.

მაშინ, ჩანიშევამ სასამართლოს თხოვა, არ მიესაჯა მისთვის 12 წელი. სასჯელის ამ ზომას ბრალდების მხარე, პროკურატურა ითხოვდა.

„თუ ციხეში 12 წელი ჩამსვამთ, არ დამრჩება დრო იმისთვის, რომ ბავშვი გავაჩინო. მომეცით შანსი, გავხდე დედა“ - უთხრა მან სასამართლოს.

თაღლითობისა და სხვა ტიპის ბრალდებებით, პუტინის მთავარი ოპონენტი, ალექსეი ნავალნი 11-1/2 წლიან სასჯელს, თავისუფლების აღკვეთის კოლონიაში იხდის. ნავალნი აცხადებს, რომ საქმე მის წინააღმდეგ, მისივე გაჩუმებისთვის შეთხზეს. ნავალნის ასევე ემუქრება ბრალის „ექსტრემიზმის“ მუხლით დამძიმება. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი ყოფნის ვადა შესაძლოა ათლწულებით გაიზარდოს.

ასევე ნახეთ: ევროსასამართლო: ნავალნის საქმის გამოძიება არაადეკვატური იყო

უფლებადამცველი ორგანიზაციები, დასავლეთის სახელმწიფოები ნავალნის პოლიტიკურ პატიმრად განიხილავენ. კრემლი ამას უარყოფს, რეგულარულად ამბობს უარს მის საქმეზე კომენტარი გააკეთოს და არსებულ კითხვებს სასამართლოსთან და პროკურატურასთან ამისამართებს.