ნატოს გენერალური მდივანი ჩინეთს და რუსეთს აკრიტიკებს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ჩინეთსა და რუსეთს აკრიტიკებს. მეტიც, ის ამბობს, რომ ორივე ქვეყანა მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას, რომლის მიზანი ნატოს წევრი სახელმწიფოების უსუსურად წარმოჩენაა.

რუსეთი და ჩინეთი " ცდილობს ნატოელი მოკავშირეები წარმოაჩინოს როგორც უუნარო, მაგალითად ხანდაზმულთა დაცვის საქმეში ან ერთმანეთთან თანამშრომლობის კუთხით. ჩვენ ერთად ვმუშაობთ. სწორედ ამას ვაკეთებთ. გვაქვს მოსკოვიდან და პეკინიდან რამდენიმე განცხადების მაგალითი რომლებიც არასწორია. ეს განცხადებებები მიმართულია იმისთვის, რომ ძირი გამოუთხაროს ნატოს მოკავშირეების ერთიანობას. ეს განცხადებები ნატოს აბსოლუტურად არასწორად წარმოაჩენს,"- თქვა იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებთან ორშაბათს გამართული მრგვალი მაგიდის დროს.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთი და ჩინეთი ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ალიანსს და ალიანსში შემავალ ქვეყნებს არ შეუძლიათ კრიზისის დროს ერთმანეთს დაეხმარონ, რაც რეალობას არ შეესაბამება. მეტიც, სტოლტენბერგი ამბობს, რომ ალიანსში შემავალი ქვეყნები ერთმანეთს ეხმარებიან და ამ დახმარებას მომავალშიც გააგრძელებენ. "ჩვენ ვმუშაობთ ერთობლივად და ვეხმარებით ერთმანეთს საჭიროებისამებრ, ეს არის ის, როგორც ჩვენ ვმუშაობდით ვმუშაობთ და ვიმუშავებთ"- ამბობს სტოლტენბერგი.

ის, რომ დასავლეთის ქვეყნების მიმართ ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს დეზინფორმაციის გავრცელება გასულ კვირას ევროკავშირის დამკვირვებლებმა ისაუბრეს. მათ მიაჩნიათ, რომ რუსეთის ჩინეთის და ირანის "სამხრივი ნაკადი" ცდილობს დასავლეთის დისკრედიტაციას.