ორშაბათს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, “კოვიდ-19”-ისგან განკურნების შემდეგ სამსახურში დაბრუნდა გაფრთხილებით, რომ მეორე აფეთქების საშიშროების გამო, ჯერ კიდევ ძალიან სახიფათოა შემსუბუქდეს მკაცრი კარანტინი, რომელიც ბრიტანეთის ეკონომიკას დიდ ზიანს აყენებს.
ბორის ჯონსონმა, რომელიც სიცოცხლისათვის საშიში კორონავირუსის გადატანის შემდეგ კვლავ ჯანსაღად გამოიყურებოდა, დაავადება უხილავ ქუჩის კრიმინალს შეადარა, რომელსაც ბრიტანელები ებრძვიან.
55 წლის ჯონსონმა, დაუნინგ სტრიტის სახლის წინ განაცხადა: “თუ შევძლებთ ისეთივე ერთობის და სიმტკიცის სულის გამოჩენას, როგორც ბოლო 6 კვირის განმავლობაში გამოვიჩინეთ, ეჭვი არანაირად არ მეპარება, რომ მას დავამარცხებთ. გთხოვთ, თქვენი მოუთმენლობა მოთოკოთ, რადგან მჯერა, რომ ამ კონფლიქტის პირველი ფაზის დასასრულს ვუახლოვდებით და ყველა ტკივილის მიუხედავად, წარმატებას თითქმის მივაღწიეთ".
უმუშევრობის მაღალ დონესთან ერთად, ბევრი კომპანია გაჩანაგდა და რეცესიის რისკი გაჩნდა. ჯონსონმა თქვა, რომ ბიზნესების შეშფოთება ესმის და გაივლის კონსულტაციებს ოპოზიციურ პარტიებთან, რომლებიც კარანტინიდან გამოსვლის გზებთან დაკავშირებით, მეტ სიცხადეს ითხოვენ.
კარანტინმა ბრიტანეთი შესაძლოა, სამი საუკუნის განმავლობაში ყველაზე ღრმა რეცესიის და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მეტი ვალის წინაშე დააყენა. ჯონსონის მთავრობას, პარტიას და სამეცნიერო მრჩევლებს არ აქვთ ერთიანი პოზიცია იმასთან დაკავშირებით თუ მსოფლიოს სიდიდით მეხუთე ეკონომიკა როგორ და როდის უნდა დაუბრუნდეს სამუშაო მდგომარეობას, თუნდაც შეზღუდული ფორმით.
Facebook Forum