ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გააქტიურება თუ მეორედ ინფიცირება - შესაძლოა მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშე იდგეს


რამდენად არის შესაძლებელი რომ კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირდნენ ადამიანები? სამხრეთ კორეაში რამდენიმე ასეთ შემთხვევას იძიებენ. მართალია, მათი რაოდენობა ქვეყანაში ცოტაა, მაგრამ ეს ყოველდღიურად მზარდი სტატისტიკაა. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებსაც ჰქონდათ ახალი კორონავირუსი, შემდეგ განიკურნენ და ახლა ისევ აღმოაჩნდათ.

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ეს შესაძლოა იყოს ხელმეორე ინფიცირება, რელაფსი ან არათანმიმდევრული ტესტირების ბრალი. ასეთი შემთხვევების რაოდენობამ ქვეყანაში უკვე 150-ს გადააჭარბა.

რამდენად შესაძლებელია ხელმეორედ ინფიცირება? ამ კითხვაზე სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს ნაკლებ სავარაუდოა, თუმცა საინტერესო სცენარია. ისინი ვარაუდობენ, რომ პაციენტები არათუ ხელმეორედ დაინფიცირდნენ, არამედ ვირუსი ორგანიზმში ხელახლა გააქტიურდა.

რას ნიშნავს რელაფსი და როგორ შეიძლება ეს მომხდარიყო?

სპეციალისტების განმარტებით, რელაფსი ფიქსირდება მაშინ, როცა ვირუსი გარეკვეული დროის განმავლობაში გადადის არააქტიურ ფაზაში, ამის შემდეგ კი, თუ პაციენტს სუსტი იმუნიტეტი აქვს, ის იწყებს ხელახალ გააქტიურებას და სხეული თავიდან იწყებს ვირუსთან ბრძოლას.

გამომდინარე იქიდან, რომ არაერთი სპეციალისტის დასკვნით, ახალი კორონავირუსი აზიანებს იმუნიტეტისთვის აუცილებელ უჯრედებს და ერთხელ უკვე ინფიცირებული ადამიანის იმუნიტეტი სუსტდება, ვირუსის თავიდან გააქტიურების შემთხვევაში, ორგანიზმს უფრო უჭირს მასთან ბრძოლა, ნაკლებად შეუძლია ინფექციის წინააღმდეგ საჭირო ანტისხეულების წარმოქმნა და ბრძოლა.

თუ რელაფსი დაფიქსირდა და სპეციალისტების ვარაუდები გამართლდა, ეს მსოფლიოსთვის შესაძლოა უფრო რთული ახალი გამოწვევა აღმოჩნდეს, ვიდრე ის ფაქტი, რომ ადამიანები ხელახლა ინფიცირდებიან.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე არ ყოფილა შემთხვევა, როცა ხელმეორედ ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებიდან, ვირუსი სხვა ადამიანზე გადაცემულიყო.

სამხრეთ კორეაში ადამიანს გამოჯანმრთელებულად მიიჩნევენ მაშინ, თუ 48 საათის განმავლობაში, ზედიზედ 2 ტესტზე, რომელთა შორის მინიმუმ 24-საათიანი ინტერვალია, პასუხი უარყოფითი იქნება. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ტესტირების პროცესი გარკვეულ ცდომილებას შეიცავდეს. რაც ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა ცდომილება ტესტირების პროცესშიც იყოს და ტესტმა გვაჩვენოს ცრუ უარყოფითი ან ცრუ დადებითი პასუხი.

სპეციალისტები სამხრეთ კორეიდან ამბობენ, რომ როცა ვირუსის მაჩვენებელი ძალიან დაბალ დონეზე ფიქსირდება, ტესტის პასუხი შეიძლება არ იძლეოდეს ზუსტ პასუხს, რაც შეცდომას არ გამორიცხავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG