ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დამიბრუნეთ ჩემი ცხოვრება! - აქცია გერმანიაში


დღეს, ბერლინში გამართულ საპროტესტო მსვლელობაზე, გერმანიის პოლიციას აქციის დაშლა და აქტივისტების დაკავება მოუწია, რადგან ისინი ქვეყანაში მოქმედ კარანტინის წესებს არ იცავდნენ. დემონსტრაციის მონაწილეები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში პანდემიის გამო დაწესებულ, მკაცრ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ.

"დამიბრუნეთ ჩემი ცხოვრება" - სკანდირებდნენ დემონსტრანტები. "დაიცავით კონსტიტუციური უფლებები", "თავისუფლება ყველაფერი არ არის, მაგრამ თავისუფლების გარეშე ყველაფერი არარაობაა", "მამა, რა არის კოცნა"? ამდაგვარი ლოზუნგებით და ბანერებით, ქუჩაში გამოსული გერმანელები კოვიდ-19-ის გავრცელების გამო შემოღებულ კარანტინის წესებს აპროტესტებდნენ.

დემონსტრაციაზე გამოსულთა ნაწილი გზაზე იჯდა და ერთმანეთისგან სოციალური დისტანციის დაცვას ცდილობდა, მაგრამ ბევრი ჯგუფ-ჯგუფად იყო თავმოყრილი. პოლიციამ სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" დაწერა, რომ მათ 100-ზე მეტი მონაწილე დააკავეს.

აქტივისტები ავრცელებდნენ პუბლიკაციებს სახელწოდებით "დემოკრატიული წინააღმდეგობა". მასში ნათქვამი იყო, რომ ახალი კორონავირუსი სხვა არაფერია, თუარა შიშის დათესვა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა. პუბლიკაცია ციტირებს 127 ექიმს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, რომლებიც მკაცრი საკარანტინო ზომების საჭიროებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ.

პოლიციის პრესსპიკერი ტილო კაბლიცი ამბობს, რომ პუბლიკაციის გავრცელება უკანონოდ არ მომხდარა. თუმცა, ჯანდაცვის დეპარტამენტის რეკომენდაციით, ქვეყნის მთავრობას ჯერ არ გაუცია საჯარო დემონსტრაციების გამართვის ნებართვა.

"კორონავირუსის პერიოდში და ინფიცირების შეკავების რეგულაციების მიხედვით, საჯარო თავშეყრის პრევენცია ჩვენი მოვალეობაა" - თქვა კაბლიცმა პრესკონფერენციაზე. მან ასევე განაცხადა, რომ საპროტესტო აქციის დაშლაში შაბათს 180 პოლიციის ოფიცერი მონაწილეობდა.

ცოტა ხნით ადრე, გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოქალაქეებს აქვთ უფლება გამართონ საპროტესტო აქციები, ოღონდ, მათ სოციალური დისტანციები უნდა დაიცვან. გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო დემოკრატი აქტივისტების საჩივარი, რომელიც ამტკიცებდა, რომ კარანტინის წესები მშვიდობიანი თავშეყრის თავისუფლებას ეწინააღმდეგებოდა.

დღევანდელ აქციაზე მონაწილეების ერთ ნაწილს ხელში თეთრი ვარდი ეჭირა. ეს სიმბოლო ნაცისტური რეჟიმის წინააღმდეგ თეთრი ვარდის მოძრაობის შემდეგ დამკვიდრდა. "დღეს აქ ვართ... რათა ჩვენი აზრი დავიცვათ. რათა დავიცვათ ჩვენი კონსტიტუციური უფლებები, თავისუფლება და უპირველეს ყოფლისა - სიტყვის თავისუფლება" - თქვა სიტყვით გამოსულმა გერმანელმა ქალმა, რომელმაც დემონსტრანტებს თავი მხოლოდ სახელით - სარა - წარუდგინა.

როგორც მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში, გერმანიაშიც მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებს, თუმცა ორშაბათიდან მათი ოდნავ შემსუბუქება დაუშვეს. პანდემიის კოვიდ-19 გავრცელების შეკავების მიზნით, საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში თვეზე მეტი ხნის წინ, 17 მარტს შემოიღეს.

ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობით, გერმანია მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა. მის წინ არიან: ამერიკის შეერთებული შტატები, ესპანეთი, იტალია და საფრანგეთი.

თუმცა, პანდემიით გამოწვეული ფატალურობის პროცენტი გერმანელთა შორის გაცილებით დაბალია და კოვიდ-19-ის მართვის მხრივ, ის ერთ-ერთ სანიმუშო სახელმწიფოდ ითვლება. სიკვდილიანობა ასევე დაბალია შეერთებულ შტატებში. მაგრამ, ამერიკისგან განსხვავებით, ადრეული და ინტენსიური ტესტირების მაჩვენებლით, გერმანია მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა.

ინფიცირების წარმატებით კონტროლის გამო, მთავრობამ ორშაბათს ზოგიერთ მაღაზიას, ველოსიპედების და მანქანების დილერებს ბიზნესების გახსნის უფლება მისცა. თუმცა, სოციალური დისტანცირების დაცვა, ქვეყანაში ჯერჯერობით ისევ მკაცრად რეგულირდება.

დღეისთვის გერმანიაში 152 438 ინფიცირებულია, 2 055-ით მეტი, ვიდრე პარასკევს. კოვიდ-19-ით გარდაიცვალა 5 500 ადამიანი, აქედან 179 - ბოლო ერთ დღეში. ამ მონაცემებს რობერტ კოხის სახელობის დაავადებათა კონტროლის ეროვნუ ლი ინსტიტუტი ავრცელებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG