მთელი მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების შესაზღუდად დაწესებული ზომების შემსუბუქებას იწყებს. თუმცა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელიც კოვიდ-19-ით ავადმყოფობის შემდეგ ორშაბათს სამსახურში დაბრუნდა, ამბობს, რომ ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქების დრო ჯერ არ დამდგარა და ეს კვლავ ნაადრევი იქნება.
მთელ მსოფლიოში კორონავირუსით დაახლოებით 3 მილიონამდე ადამიანია ინფიცირებული, 206 000 -მდე ადამიანი კი - გარდაიცვალა. თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც ეს ციფრები მცირდება და პარალელურად ეკონომიკასთან დაკავშირებული შეშფოთება იზრდება, შემზღუდავი ღონისძიებების შემსუბუქებას იწყებენ.
მთელი საუკუნის განმავლობაში ყველაზე უარესმა პანდემიამ, რომელიც დეკემბერში ჩინეთში დაიწყო და შემდეგ მთელ მსოფლიოში გავრცელდა, ქვეყნების მთავრობები დილემის წინაშე დააყენა. კვირების განმავლობაში სახლში დარჩენილი ადამიანები მომავალს შიშით უყურებენ და ბევრი კითხვა აქვთ.
ეკონომიკური აქტივობა ბევრი მიმართულებით შეზღუდული ან შეწყვეტილია, დახურულია ბარები, მაღაზიები თუ საწარმოები. ეკონომიკური რეცესიის შიში უფრო და უფრო იზრდება. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის ვაქცინა ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის და ზოგან მეორე ტალღის ალბათობაც დიდია, ზოგიერთი ქვეყანა გარკვეულწილად ნორმალურ ცხოვრებასთან ეტაპობრივ დაბრუნებას ცდილობს.
იტალიაში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქვეყანაა მთელ მსოფლიოში, ვირუსით 26 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. თუმცა, 4 მაისიდან ზოგიერთი საქარმო და ქარხანა აქაც ამოქმედდება და ამით ევროპის ამ დრომდე ყველაზე ხანგრძლივი შეზღუდვა დასრულდება.
იტალია კრიზისის მეორე ფაზაზე საუბრობს, რომლის ფარგლებშიც ის ეკონომიკის განახლებას გეგმავს ისე, რომ ვირუსის გავრცელების მეორე ტალღის თავიდან აცილება მოხერხდეს.
ამავე დროს თვეზე მეტის ხნის გასვლის შემდეგ, ახალი ზელანდიის მცხოვრებლებისთვის ამ კვირაში უკვე ნებადართული იქნება თევზაობა, ცურვა, სერფინგი, ნადირობა და ბუნებაში ლაშქრობა. შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად, 400 000-მდე ადამიანი სამუშაო ადგილს დაუბრუნდება. მაგრამ, მაღაზიები და რესტორნები კვლავ დაკეტილი იქნება.
ახალი ზელანდიის 5 მილიონამდე მცხოვრები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი შეზღუდვების პირობებში იმყოფებოდა. პრემიერ-მინისტრ ჯაკინდა არდერდნის გადაწყვეტილებით, 26 მარტს ბარებთან, რესტორნებთან, სკოლებთან და ოფისებთან ერთად, ადგილზე მიტანის და თან წაღების სერვისებიც კი შეჩერებული იყო.
ნორვეგიაში მარტის შუა რიცხვებიდან დაკეტილ სკოლებში დაწყებითი კლასების მოსწავლეები დაბრუნდნენ, გაიხსნა მცირე ბიზნესის ნაწილი, მაგალითად სილამაზის სალონები. "ნელ გახსნას" იწყებენ გერმანიაშიც, სადაც მცირე მაღაზიებს და სხვა ბიზნესებს გახსნის უფლება მიეცათ.
Facebook Forum