მოზამბიკის ჩრდილოეთში რუსული კომპანიის სამხედრო კონტრაქტორების დაღუპვამ, აფრიკაში რუსეთის სამხედრო ჩართულობის თაობაზე შეკითხვები გაამწვავა.
5 ჯარისკაცი, რომლებიც "ვაგნერ გრუპის", კრემლთან კავშირების მქონე კერძო სამხედრო კომპანიის მიერ იყვნენ დაქირავებულნი და 20 ჯარისკაცი, რომლებიც მოზამბიკის თავდაცვის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები იყვნენ, კაბო დელგადოს პროვინციის ერთ-ერთ რაიონში, 27 ოქტომბერს ჩასაფრებულმა თავდამსხმელებმა დახოცეს. ამ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ავრცელებს. ამავე ცნობებით, თავდამსხმელებმა ორი ავტომობილიც დაწვეს.
"ამერიკის ხმა" მოზამბიკის მთავრობას ოფიციალური კომენტარისთვის დაუკავშირდა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. რუსეთი მოზამბიკში მისი ჯარისკაცების ყოფნას უარყოფს. დმიტრი პესკოვმა, კრემლის პრეს-სპიკერმა, ოქტომბერში განაცხადა, რომ იქ რუსი ჯარისკაცები საერთოდ არ იყვნენ. პესკოვის თქმითვე, რუსეთი უფრო მეტად მოწადინებულია, რომ გააღრმავოს კავშირები აფრიკის ქვეყნებთან როგორც ეკონომიკური, ასევე უსაფრთხოების მიმართულებით.