კრემლი აცხადებს, რომ სერბეთს მხარს უჭერს

ოთხშაბათს კრემლმა განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს სერბეთის მცდელობებს დაიცვას ეთნიკური სერბები ჩრდილოეთ კოსოვოში, მაგრამ უარყო პრიშტინის ბრალდება, რომ რუსეთი აღვივებს დაძაბულობას ბალკანეთში.

ეთნიკურმა სერბებმა ჩრდილოეთ კოსოვოში, ქალაქ მიტროვიცაში, სამშაბათს ბარიკადები აღმართეს. ეს მას შემდეგ, რაც ბელგრადმა განაცხადა, რომ დაძაბულობის ზრდის ფონზე თავისი არმია უმაღლეს საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა.

კოსოვოს შინაგან საქმეთა მინისტრის ჯელალ სვეკლას მტკიცების შესახებ, რომ სერბეთი, რუსეთის გავლენით, სერბი უმცირესობის მხარდაჭერით მიზნად კოსოვოს დესტაბილიზაციას ისახავს, კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ეს „არასწორია“.

„სერბეთი სუვერენული ქვეყანაა და აბსოლუტურად არასწორია აქ რუსეთის დესტრუქციული გავლენის ძიება“, – განაცხადა პესკოვმა. „ბუნებრივია, ის იცავს სერბების უფლებებს, რომლებიც ასეთ რთულ პირობებში ცხოვრობენ და ბუნებრივია მკვეთრ რეაგირებას ახდენს, როცა ეს უფლებები ირღვევა“, - თქვა მან.

ასევე ნახეთ: სერბეთმა ჯარი მზადყოფნაში მოიყვანა, კოსოვოში დაძაბულობა იზრდება

სერბეთი უარყოფს, რომ ცდილობს მეზობლის დესტაბილიზაციას და აცხადებს, რომ მას იქ მხოლოდ თავისი უმცირესობის დაცვა სურს. სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა სამშაბათს განაცხადა, რომ სერბეთი „განაგრძობს მშვიდობისთვის ბრძოლას და კომპრომისული გადაწყვეტილებების ძიებას“.

კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში დაახლოებით 50 000 სერბი ცხოვრობს და უარს ამბობს პრიშტინის მთავრობის და სახელმწიფოს აღიარებაზე. ისინი ბელგრადს თავიანთ დედაქალაქად განიხილავენ. კრემლმა განაცხადა, რომ ბელგრადს მხარს უჭერს.

„რუსეთი, რომელსაც სერბეთთან აქვს ძალიან მჭიდრო კავშირი ისტორიული და რელიგიური ურთიერთობების კუთხით, ძალიან ყურადღებით ადევნებს თვალს იმას, რაც ხდება, როგორ იცავენ და პატივს სცემენ სერბების უფლებებს“, - განაცხადა პესკოვმა და დასძინა: "„და, რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ ბელგრადს მის ქმედებებში“.

ასევე ნახეთ: სროლები ნატოსთან - კოსოვოს ჩრდილოეთში ვითარება კვლავ დაძაბულია

1998-1999 წლების ომის შემდეგ, რომელშიც ნატო ეთნიკური ალბანელი მოქალაქეების დასაცავად ჩაერია, ალბანურმა უმრავლესობამ სერბეთისგან კოსოვოს დამოუკიდებლობა დასავლეთის მხარდაჭერით 2008 წელს გამოაცხადა.