27 დეკემბერს, საპროტესტო აქციაზე გამოსულმა სერბებმა ჩრდილოეთ კოსოვოს ქალაქ მიტროვიცაში, გზები გადაკეტეს და ახალი ბარიკადები აღმართეს. ეთნიკურად დაყოფილ ქალაქში მათ ქმედებას წინ უძღოდა სერბეთის მთავრობის ოფიციალური განცხადება, არმიის მზადყოფნაში მოყვანის თაობაზე. ეს იყო პასუხი ბელგრადს და პრიშტინას შორის რამდენიმეკვირიანი დაძაბულობის ესკალაციაზე.
ორშაბათს, 26 დეკემბრის ღამით გაკეთებულ განცხადებაში, სერბეთის თავდაცვის სამინისტრომ თქვა, რომ მათი ქმედება რეგიონში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა. ისინი ფიქრობენ, რომ კოსოვო, ბარიკადების ძალის გამოყენებით დაშლას და სერბებზე შეტევის მიტანას გეგმავს.
განკარგულება სერბეთის არმიის მაღალ მზადყოფნაში მოყვანის თაობაზე, თავად პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩისგან მოდის. "პანიკის მიზეზი არ არის, მაგრამ შეშფოთების მიზეზი არსებობს" - აცხადებს სერბეთის თავდაცვის მინისტრი მილოშ ვუჩევიჩი ტელეკომპანიასთან RTS.
სერბებმა ჩრდილოეთ კოსოვოში ბარიკადების აღმართვა 10 დეკემბერს დაიწყეს. ადგილი ჰქონდა პოლიციასთან დაპირისპირებას და სროლებსაც, მას შემდეგ, რაც მიტროვიცაში ყოფილი სერბი პოლიციელი დააპატიმრეს. ადგილობრივი სერბები ბარიკადების მოხსნის წინაპირობად რამდენიმე მოთხოვნას აყენებენ, მათ შორის - პოლიციის დაკავებული ოფიცრის გათავისუფლებას.
ალბანური უმრავლესობით დასახლებულ კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში დაახლოებით 50 000 სერბი ცხოვრობს. ისინი უარს ამბობენ პრიშტინის მთავრობის ცნობაზე და საკუთარ დედაქალაქად ბელგრადს აღიქვამენ. მათ სერბეთის მთავრობაც მხარს უჭერს, რომლისგანაც კოსოვომ 2008 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად, კოსოვოელი ალბანელების მიერ სერბებთან გამოცხადებული დამოუკიდებლობა აღიარა მსოფლიოს ბევრმა სახელმწიფომ, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებმა და შეერთებულმა შტატებმა. სერბეთი კოსოვოს კვლავ თავის ავტონომიურ ოლქად თვლის.
ვითარების გამწვავება კიდევ უფრო ადრე, გასულ თვეში დაიწყო, მას შემდეგ რაც კოსოვოს მთავრობამ ივლისის თვეში მიღებული გადაწყვეტილების ამოქმედება დაიწყო. ის ითვალისწინებს სერბეთში გამოშვებული სამანქანო ნომრების კოსოვოს ნომრებით ჩანაცვლებას და სერბეთიდან საზღვრის გადასაკვეთად დროებითი დოკუმენტების ამოქმედებას. მთავრობის ქმედების გამო, პროტესტის ნიშნად ჩრდილოეთ მუნიციპალიტეტებში ეთნიკურად სერბი ქალაქის მერები გადადგნენ. პოზიციები დატოვეს ადგილობრივმა მოსამართლეებმა და 600-მდე პოლიციელმაც.
Facebook Forum