ჯო ბაიდენი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას ზრდის და ახალ ნაბიჯებს დგამს

ამერიკის ახალი, 46-ე პრეზიდენტი 100 დღიანი გეგმის ფარგლებში მორიგ ნაბიჯს დგამს. ჯო ბაიდენმა ინაუგურაციიდან ერთი კვირის თავზე ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც ის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას აფართოებს და ამარტივებს.

ამ ნაბიჯით ჯო ბაიდენი აუქმებს დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებებს და ამერიკის მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც არ აქვთ ჯანმრთელობის დაზღვევა, სთავაზობს ახალ პაკეტებს. პაკეტების შერჩევა და რეგისტრაცია სპეციალურ საიტზე www.helthcare.gov-ზე იქნება შესაძლებელი. პლატფორმის მუშაობა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს შეჩერებული იყო.

ასევე ნახეთ: ბაიდენი კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად რამდენიმე ბრძანებას გამოსცემს

დემოკრატი პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პლატფორმა უახლოეს დღეებში განახლდება, ხოლო მსურველებს რეგისტრაცია 15 თებერვლიდან - 15 მაისამდე შეეძლებათ. ესეც უპრეცედენტო მოვლენაა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვეულებრივ ამ პროგრამაში დასარეგისტრირებლად 6 კვირა იყო განსაზღვრული.

როგორც თეთრ სახლში განმარტავენ, ჯო ბაიდენის მიზანია ამერიკის მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი იყოს ჯანდაცვის პროგრამები, განსაკუთრებით ახლა, როცა მსოფლიოში წელიწადზე მეტია პანდემია გრძელდება და ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ინფიცირებულთა ასევე გარდაცვლილთა რაოდენობით, პირველ ადგილს იკავებს.

ასევე ნახეთ: პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 17 აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი

ამას გარდა, ჯო ბაიდენი უახლოეს პერიოდში გეგმავს აღადგინოს ჯანდაცვის ყველა ის პროგრამა, რომელიც ქვეყანაში ობამას ადმინისტრაციის დროს არსებობდა. ბაიდენის ჯანდაცვის პოლიტიკას რესპუბლიკელები არ იზიარებენ, მათ მიაჩნიათ რომ მთავრობა დაზღვევის სფეროში ნაკლებად უნდა იყოს ჩართული და ეს კერძო კომპანიების პრეროგატივად უნდა დარჩეს. ბაიდენი აბორტების საკითხზე წინა ადმინისტრაციის პირობებში დაწესებულ შეზღუდვესაც აუქმებს.

მხოლოდ ერთ კვირაში, ჯო ბაიდენმა, დონალდ ტრამპის მიერ მიღებული არაერთი გადაწყვეტილება გააუქმა. ამერიკის 46-ე პრეზიდენტმა შეიძლება ითქვას, რომ რეკორდული რაოდენობის აღმასრულებელ ბრძანებებს პირველივე სამუშაო დღეს მოაწერა ხელი.

ასევე ნახეთ: ფედერალურმა მოსამართლემ დეპორტაციის შეჩერებაზე ბაიდენის განკარგულება დაბლოკა

ერთ კვირაში თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა 40 აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა. ერთი კალმის მოსმით, მან ამერიკის შეერთებული შტატები დააბრუნა პარიზის კლიმატურ შეთანხმებაში, გააუქმა ტრამპის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდა დაეტოვებინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ბაიდენმა შეუწყვიტა დაფინანსება პროექტს, რომლის მიხედვითაც ამერიკა-მექსიკის საზღვარზე კედელი შენდებოდა.

აღმასრულებელი ბრძანებები ამერიკის ისტორიაში პრეზიდენტ ჯორჯ ვაშინგტონის შემდეგ მიიღეს, რომელიც პრეზიდენტს უფლებას აძლევს, კონგრესში დამტკიცების გარეშე, დამოუკიდებლად მიიღოს ან გააუქმოს ესა თუ ის კანონი თუ ქმედება. თუმცა, მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება უზენაესი სასამართლოს საშუალებით არის შესაძლებლი.

ასევე ნახეთ: აშშ კოდივ-19-ის ახალ ვარიანტებს დააკვირდება

კანონთა უმრავლესობის შემთხვევაში, იმისთვის, რომ ჯო ბაიდენმა საკუთარი გეგმები განახორციელოს, მას ამერიკელ კანონმდებელთა მხარდაჭერა სჭირდება. 2020 წლის არჩევნების შემდეგ კი, როგორ წარმომადგენელთა პალატას ასევე სენატს დემოკრატები აკონტროლებენ.

სპეციალისტების ნაწილს მიაჩნია, რომ ჯო ბაიდენის ქმედება მიეღო ერთდროულად ამდენი აღმასრულებელი ბრძანება არასწორია და შესაძლოა კითხვის ნიშნებს აჩენდეს. ფილ სკილორო, რომელიც დემოკრატი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას საკანონმდებლო საქმეებს ხელმძღვანელობდა, ამბობს რომ პრეზიდენტმა ობამამ აღმასრულებელი ბრძანებების გამოყენება მას შემდეგ დაიწყო, რაც დემოკრატებმა დაკარგეს კონტროლი წარმომადგენელთა პალატაზე. "აღმასრულებელი ბრძანებების გამოცემა უკანასკნელი საშუალება იყო პრეზიდენტისთვის"- ამბობს სკილორო.

ასევე ნახეთ: პრეზიდენტ ტრამპის მემკვიდრეობა

ჯო ბაიდენის ქმედებებს აკრიტიკებს რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტიც. ტრამპის მოკავშირე რონა მაკდენიელი ამბობს, რომ ბაიდენის მხრიდან ტრამპის პოლიტიკის ნაჩქარევი შეცვლა არასწორია.

იურისტები და დარგის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ბაიდენის მიერ მიღებული აღმასრულებელი ბრძანებების რაოდენობა დიდია, რაც მათი აზრით, შეიძლება არ იყოს სწორი. მეტიც, მათ მიაჩნიათ, რომ საკითხებს, რომელსაც პრეზიდენტი აწერს ხელს, თუ საზოგადოება ეთანხმება, მისი მიღება კანონით განსაზღვრული წესებით არის შესაძლებელი.