მეორე დღე ოვალურ კაბინეტში - ჯო ბაიდენის ინაუგურაციას მსოფლიო ლიდერები და პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები ეხმაურებიან.
ერთ-ერთი პირველი ვინც ჯო ბაიდენს მიულოცა, გერმანია იყო. განცხადება გერმანიის კანცლერმა გააკეთა. ანგელა მერკელმა დაწერა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობაში უფრო დიდი შესაძლებლობა არსებობს ვიდრე დღეს არის. "ეს აშკარაა, ამას მოწმობს მის მიერ ხელმოწერილი აღმასრულებელი ბრძანებები"- ამბობს გერმანიის კანცლერი. ანგელა მერკელი აქვე აღნიშნავს, რომ მისი ეს დამოკიდებულება არ ნიშნავს, რომ გერმანია და ამერიკის შეერთებული შტატები ყველაფერზე მოხერხებენ შეჯერებას.
ანგელა მერკელთან ერთად, ჯო ბაიდენს გაპრეზიდენტება მიულოცა გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, რომელმაც აღნიშნა, რომ სირთულეების მიუხედავად, ბედნიერია რომ ჯო ბაიდენმა ფიცი დადო.
ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების მომავალ გაღრმავებაზე და ბაიდენის ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმაც. "ტვიტერზე" გამოქვეყნებულ განცხადებაში მან ჯო ბაიდენს და კამალა ჰარისს მიულოცა და თქვა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას მოელის "ალიანსი ასეთი მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა,"- წერს მორისონი.
17 აღმასრულებელი ბრძანებიდან ერთ-ერთი, რომელსაც ხელი ჯო ბაიდენმა პირველივე სამუშაო დღეს მოაწერა, ამერიკის პარიზის კლიმატურ შეთანხმებაში დაბრუნებას გულისხმობს, სწორედ ამის შესახებ ისაუბრა "ტვიტერზე" ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა. ის ამბობს, რომ ახალი ზელანდიისა და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკური ხედვა და მისწრაფებები თანხვედრაშია. ჯასინდა არდერნმა მნიშვნელოვანი უწოდა ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ამერიკის შეერთებული შტატები არ დატოვებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას.
"კორეელი ხალხი და მე მხარს ვუჭერთ თქვენს მიზანს გაერთიანებულ ამერიკას,"- ასე დაიწყო საკუთარი განცხადება სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჯაე ინმა. ის ამბობს, რომ კორეა მაერიკელი ხალხის გვერდზე დგას.
"ამერიკის ძლიერი ხელმძღვანელობა გადამწყვეტ როლს ითამაშებს ჩვენს გამოჯანმრთელებაში და კოვიდ19-ის შემდგომი სამყაროს ფორმირებაში,"- წერს სინგაპურის პრემიერ-მინისტრი ლი სინ ლონგი.
ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გაღრმავების შესახებ ისაუბრა "ტვიტერის" მისალოცში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა. ბორის ჯონსონმა ჯო ბაიდენს პრეზიდენტობა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ახალ ადმინისტრაციასთან უკვე არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცდება და გაღრმავდება.
ამერიკის კათოლიკე პრეზიდენტს პრეზიდენტის ფიცის დადება მიულოცა რომის პაპმა ფრანცისკემ.
"თქვენი ხელმძღვანელობით, ამერიკელი ხალხი გააგრძელებს მაღალ პოლიტიკურ ეთიკურ და რელიგიური ღირებულებების პატივისცემას,"- ამბობს რომის პაპი.
"დემოკრატიის გამარჯვება,"- ასე დაიწყო მისალოცი წერილი ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო ვინც ჯო ბაიდენს და კამალა ჰარისს ფიცის დადება მიულოცა.
სანჩესმა გამოქვეყნებულ განცხადებაში გააკრიტიკა წინა ადმინისტრაციის ქმედებები და აღნიშნა, რომ რაც 20 იანვარს ამერიკაში მოხდა, არის "დემოკრატიის გამარჯვება ულტრა-მემარჯვენეებზე, მათ მასიურ ტყუილზე, ეროვნული დაყოფის მცდელობაზე და დემოკრატიული ინსტიტუტების ბოროტად გამოყენების მცდელობაზე, მათ შორის ძალადობით".
ჯო ბაიდენს გამარჯვება მიულოცა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტმაც. იტალიის მთავრობის მეთაური იმედს გამოთქვამს, რომ იმ საერთო ღირებულებებისთვის, რომელიც ორივე ქვეყანას აქვს, მუშაობა უფრო გაძლიერდება და ქვეყნებს შორის პარტნიორობა გაღრმავდება.
"ჩვენ ერთად ვართ,"- ასე იწყება განცხადება, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გამოაქვეყნა. მაკრონი ბაიდენს გაპრეზიდენტებას ულოცავს და ამბობს, რომ გამოწვევების წინაშე, ქვეყნები ერთად იქნებიან.
"ეს დღე მნიშვნელოვანია ამერიკელი ხალხისთვის. ჩვენ ერთად ვართ, ვიქნებით უფრო ძლიერები ჩვენი დროის გამოწვევების წინაშე. უფრო ძლიერ ნაბიჯებს გადავდგამთ ჩვენი მომავლის შექმნაში და პლანეტის დაცვაში. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პარიზის ხელშეკრულებაში"- წერს ემანუელ მაკრონი.
შეგახსენებთ, რომ პარიზის კლიმატური შეთანხმებიდან ამერიკის გასვლის გადაწყვეტილება პრეზიდენტობის საწყის ეტაპზე, დონალდ ტრამპმა მიიღო. ამერიკის 45-ე პრეზიდენტის ნაბიჯის შემდეგ, შტატებმა კლიმატური შეთანხმება ფორმალურად მხოლოდ 2020 წლის დეკემბერში დატოვა. თუმცა, 20 იანვარს, პრეზიდენტობის პირველივე დღეს, ჯო ბაიდენმა აღმასრულებელი ბრძანებით დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება გააუქმა და პარიზის კლიმატურ შეთანხმებაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
ჯო ბაიდენი რუსეთს კიბერთავდასხმისთვის პასუხს მოსთხოვს და კრემლთან კავშირზე გასვლას უახლოეს პერიოდში არ აპირებს. ინფორმაცია პირველივე დღის ბოლოს თეთრმა სახლმა გაავრცელა. შედგება თუ არა პირდაპირი კომუნიკაცია რუსეთის ინიციატივით, ეს უცნობია. ამერიკის 46-ე პრეზიდენტს ჯო ბაიდენს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცეს კრემლში. განცხადება ჟურნალისტებთან 21 იანვარს დიმიტრი პესკოვმა გააკეთა და თქვა, რომ რუსეთი მხარს უჭერს იარაღის კონტროლის განახლებული ხელშეკრულების შემუშავებას, რომელზეც მოლაპარაკებები უკვე თვეებია გრძელდება:
"რუსეთი და მისი პრეზიდენტი მხარს უჭერენ ამ შეთანხმების შენარჩუნებას... თუ ჩვენი ამერიკელი კოლეგები ამ მხრივ ნაბიჯს გადმოდგამენ და გამოხატავენ პოლიტიკურ ნებას, რომ შენარჩუნდეს არსებული შეთანხმება, ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება,"- ამბობს პესკოვი. თეთრი სახლის ადმინისტრაციას რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის განცახდებაზე კომენტარი ამ დროისთვის არ გაუკეთებია.
ზარი პუტინთან არ იგეგმება, თუმცა ჯო ბაიდენი პარასკევს კანადის პრემიერ-მინისტრს ჯასტინ ტრუდოს დაურეკავს. ინფორმაცია ჟურნალისტებს თეთრმა სახლმა მიაწოდა. ქვეყნის გარეთ, როგორც ჩანს პირველი ზარი ოვალური კაბინეტიდან სწორედ კანადაში განხორციელდება. პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს გამარჯვება ჯასტინ ტრუდომ უკვე მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის პარტნიორობა უფრო გაღრმავდება.
"ჩვენ ერთად უნდა ვებრძოლოთ კოვიდ19-ის პანდემიას და ეკონომიკის აღდგენას უნდა შევუწყოთ ხელი. უნდა ვიმუშაოთ და ხელი შევუწყოთ პლანეტაზე კლიმატის გაუმჯობესებას. ჩვენ წვლილი უნდა შევიტანოთ დემოკრატიის, მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვაში მთელს მსოფლიოში"- წერს კანადის პრემიერ-მინისტრი.
ჯო ბაიდენს გამარჯვება მიულოცა და დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა გაწეული მუშაობისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. ირაელის მთავრობის მეთაურმა ერთდროულად ორი განცხადება გამოაქვეყნა. პირველში ის ჯო ბაიდენს და კამალა ჰარისს გამარჯვებას ულოცავს და 20 იანვარს ისტორიულ დღედ მოიხსენიებს. ნეთანიაჰუ ჯო ბაიდენს მიმართავს და წერს : "მე და შენ პირადი თბილი და მეგობრული ურთიერთობა გვქონდა წლების განმავლობაში. იმედი მაქვს, რომ თქვენთან თანამშრომლობა გაგრძელდება და ამერიკა-ისრაელის ალიანსი კიდევ უფრო განმტკიცდება".
რაც შეეხება ნეთანიაჰუს განცხადებას დონალდ ტრამპთან დაკავშირებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი წერს: "პრეზიდენტო ტრამპ, მადლობა თქვენ იმ ყველაფრისთვის, რაც ისრაელისთვის გააკეთეთ. განსაკუთრებით კი - იერუსალიმის ისტორიული აღიარებით და ისრაელსა და ოთხ არაბულ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმებისთვის".
ამერიკის ახალ პრეზიდენტმა მილოცვები საქართველოდანაც მიიღო. პირველი, ვინც განცხადება გააკეთა, ამერიკაში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე იყო, რომელმაც "ამერიკის ხმასთან" საუბრის დროს იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები უფრო გაღრმავდება.
ჯო ბაიდენს გამარჯვება მიულოცა სალომე ზურაბიშვილმაც. საქართველოს პრეზიდენტმა განცხადება "ტვიტერში" გამოაქვეყნა. "თქვენი მადლიერნი ვართ წლების განმავლობაში სტრატეგიული პარტნიორობის მხარდაჭერისთვის. მოუთმენლად ველით მომდევნო თავს ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერების და მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვის საქმეში"- წერს ზურაბიშვილი.
განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმაც, რომელმაც ამერიკის 46-ე პრეზიდენტს წარმატებები უსურვა და სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების და გაღრმავების იმედი გამოთქვა.
Facebook Forum