ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი დირექტორი დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრში


ექიმი-ინფექციონისტი როშელ ვალენსკი
ექიმი-ინფექციონისტი როშელ ვალენსკი

კოვიდ-19-ის მიმდინარე კრიზისის ფონზე, შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრში ახალ დირექტორს ელოდებიან. ყოფილმა დირექტორმა რობერტ რედფილმა თანამდებობა დატოვა და თანამშრომლებს დღეს დაემშვიდობა.

მის ადგილს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ შერჩეული, ექიმი როშელ ვალენსკი დაიკავებს. ახალი დირექტორი პანდემიის პიკში ურთულესი მისიით მოდის: გამოასწოროს დისტრიბუციის არხებში გაჩენილი პრობლემები და გაზარდოს ქვეყანაში ვაქცინაციის მასშტაბი.

ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში, პანდემიასთან ბრძოლის საგანგებო ჯგუფის შემადგენლობაში, დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი უკანა პლანზე იყო გადაწეული. "სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, ცენტრი დაზიანებულია, თუ დროებით დაშავებული", მაგრამ რაიმე სასწრაფოდ უნდა იღონონ, რომ ის ძველ რელსებზე დააბრუნონ - ამბობს ტიმოთი ვესტმორლენდი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ჯანდაცვის მართვის პროფესორი.

სიტუაციის გამოსწორების ტვირთი ახლა 51 წლის ინფექციონისტს დააწვება მხრებზე. როშელ ვალენსკი ვაშინგტონში ჰარვარდის სამედიცინო სკოლიდან და მასაჩუსეტსის ცენტრალური საავადმყოფოდან გადმოდის. მის ფუნქციებში სხვა ბევრ პრობლემასთან ერთად, ორგანიზაციის პოლიტიკური გავლენებისგან დაცვა და თეთრი სახლის კონტროლიდან გათავისუფლებაც იქნება, რაც პრეზიდენტ ტრამპის პერიოდში აშკარად შეიმჩნეოდა.

თავად ვალენსკი ამბობს, რომ მისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრში კომუნიკაციის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ცენტრის მიმართ ნდობის ამაღლება იქნება. ორგანიზაციის შიგნითაც, მას თანამშრომლებში ნდობის აღდგენა სურს, რის მიღწევასაც მეცნიერების დაწინაურებით და პოლიტიკისგან მისი ჩამოცილებით გეგმავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG