შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, 9 მილიონამდე ამერიკელი კოვიდ-19-ზე უკვე აიცრა. მაგრამ, თეთრ სახლთან მოქმედ საგანგებო ჯგუფს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ეს რაოდენობა დაგეგმილზე გაცილებით ნაკლებია.
ამერიკის შტატებისთვის 25 მილიონამდე ვაქცინაა უკვე მიწოდებული. თუმცა, ამის მესამედიც კი არ არის რისკის ჯგუფებში ადმინისტრირებული - აცხადებს საგანგებო ჯგუფი, რომელიც ვაქცინების დისტრიბუციას კურირებს.
შტატები საწინააღმდეგოს ამტკიცებენ. მათ შორისაა მიჩიგანის გუბერნატორი გრეჩენ უიტმერი. ის ვაქცინების მწარმოებელ კომპანია "ფაიზერთან" მოლაპარაკების დამოუკიდებლად დაწყების და შესყიდვის ნებართვას ითხოვს.
ქალაქ ნიუ-იორკის მერი ბილ დე ბლასიოც ამბობს, რომ მათ ვაქცინის მარაგი საცაა ამოეწურებათ, თუ ფედერალური მთავრობა დამატებით დოზებს არ მიაწვდის. ბლასიოს გეგმის მიხედვით, ნიუ-იორკში იანვრის ბოლომდე მილიონამდე ამერიკელი უნდა აიცრას.
ვაქცინაცია თანდათან აქტიურდება ლოს-ანჯელესშიც. 10-მილიონიანი მოსახლეობით, კალიფორნიის შტატის ეს ქალაქი კვლავ პანდემიის ერთ-ერთი ეპიცენტრია. ჰოსპიტალიზაცია დღეში ზოგჯერ 8 000 ადამიანს აჭარბებს, რაც წინა თვესთან შედარებით თითქმის 900%-იან ზრდას შეადგენს.
შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი უდიდესი "დოდჯერების" სტადიონი, ორშაბათიდან მასობრივი ვაქცინაციის ცენტრად გადაკეთდა. ის აქამდე მასობრივი ტესტირების ცენტრი იყო, სადაც კოვიდ-19-ზე ტესტის აღება მანქანიდან გადაუსვლელად ხდებოდა.
10 იანვრის კვირის დასასრულს, კალიფორნიაში კოვიდ-19-ით ამერიკის შტატებს შორის, ყველაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. წინა კვირაში შტატში სიკვდილობის მაჩვენებელი 3 315 იყო. ზრდამ წინა კვირასთან შედარებით, 44% შეადგინა.
სიკვდილობის საერთო მონაცემებით, ყოველ 100 000 მოსახლეზე, ყველაზე მაღალი მონაცემი ახლა არიზონის შტატს აქვს. მეორე ადგილზეა როდ-აილენდი და მესამზე - დასავლეთ ვირჯინია.
კოვიდ-19-ის გართულებებით შეერთებულ შტატებში გასულ კვირაში 22 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ეს ზედიზედ მეორე კვირაა, რაც ამერიკა სიკვდილობის მხრივ საკუთარ რეკორდს აუმჯობესებს. ასევე ძალიან მაღალია ინფიცირების მაჩვენებლები.
Facebook Forum