ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფედერალურმა მოსამართლემ დეპორტაციის შეჩერებაზე ბაიდენის განკარგულება დაბლოკა


სამშაბათს, ტეხასში ფედერალურმა მოსამართლემ დროებით დაბლოკა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განკარგულება, რომელიც ბევრი იმიგრანტის დეპორტაციის 100 დღით შეჩერებას გულისხმობს. მოსამართლის გადაწყვეტილება ბაიდენის ამბიციური საიმიგრაციო დღის წესრიგის განხორციელების გზაზე პირველი დიდი დარტყმა იყო.



შეერთებული შტატების საოლქო მოსამართლე დრიუ ტიპტონმა, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ტეხასის სამხრეთ ოლქშია დანიშნული, გამოსცა დროებითი შემაკავებელი ორდერი, რომელიც ბაიდენის განკარგულებას ქვეყნის მასშტაბით ბლოკავს. მოსამართლის ეს გადაწყვეტილება ტეხასის შტატის მიერ იურიდიული სარჩელის შეტანას მოჰყვა.

მოსალოდნელია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია განჩინებას გაასაჩივრებს, იმავდროულად კი ორივე მხარე საქმის წერილობით შინაარსს წარადგენს.



პარასკევს შეტანილ სარჩელში, ტეხასის მთავარმა პროკურორმა კენ პაქსტონმა თქვა, რომ თუ დეპორტაციის შეჩერება ძალაში შევა, შტატს გამოუსწორებელი ზიანი მიადგება. რესპუბლიკელმა პაქსტონმა განაცხადა, რომ ტეხასში იმიგრანტების უკანონოდ დარჩენა განათლების და ჯანდაცვის ხარჯებს გაზრდის.

მოსამართლემ განჩინებაში თქვა, რომ ტეხასის შტატს, სულ მცირე ორ საკითხში “წარმატების საფუძვლიანი ალბათობა” აქვს. მათ შორის ერთ-ერთია პრეზიდენტის განკარგულებით ფედერალური კანონის დარღვევა, რომელიც აცხადებს, რომ დეპორტაციის საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხელისუფლებამ იმიგრანტები ქვეყნიდან 90 დღის განმავლობაში “უნდა გაიყვანოს”. მოსამართლემ ასევე ჩათვალა, რომ ტეხასი სავარაუდოდ წარმატებით დაამტკიცებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ “საკმარისი განმარტების გარეშე, თავის პირვანდელ პოლიტიკას თვითნებურად და კაპრიზულად გადაუხვია”, როდესაც დეპორტაციაზე მორატორიუმი გამოსცა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG