არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, თავისი ადმინისტრაციის მმართველობის პირველ დღეს, რადიკალური საიმიგრაციო კანონპროექტის წარმოდგენას გეგმავს. ის იმედოვნებს, რომ შეერთებულ შტატებში ლეგალური სტატუსის გარეშე მცხოვრები, დაახლოებით, 11 მილიონი ადამიანისთვის, მოქალაქეობისკენ მიმავალ 8 წლიან გზას უზრუნველყოფს. ეს, ტრამპის ადმინისტრაციის მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის შეტრიალებაა.
კანონპროექტის წარმოდგენით, ბაიდენი მთავარ წინასაარჩევნო პირობას შეასრულებს, რომელსაც ლათინურ-ამერიკული ამომრჩევლებისთვის და იმიგრანტთა სხვა თემებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ კანონპროექტი არ ითვალისწინებს ტრადიციულ საპირწონეს, საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერებას, რაც ბევრი რესპუბლიკელისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. ამის გამო, თითქმის თანაბრად გაყოფილ კონგრესში, კანონპროექტის გასვლა საეჭვოა.
პიროვნებამ, რომელიც კანონპროექტს იცნობს, ანონიმურობის დაცვის პირობით თქვა, რომ დოკუმენტი ასობით ფურცლისგან შედგება და მას ოთხშაბათს, ბაიდენის მიერ ფიცის დადების შემდეგ წარმოადგენენ.
კანონპროექტის თანახმად, 2021 წლის 1 იანვრისთვის შეერთებულ შტატებში ლეგალური სტატუსის გარეშე მცხოვრებმა პირებმა, შესაძლოა მწვანე ბარათის მისაღებად 5 წლიანი მარშრუტი მიიღონ, თუ გაივლიან პიროვნების შემოწმებებს, იხდიან გადასახადებს და სხვა საბაზისო მოთხოვნებს აკმაყოფილებენ. ამის შემდეგ, თუ მოქალაქეობის მიღებას გადაწყვეტენ, ნატურალიზაციისკენ 3 წლიანი მარშრუტი იქნება.
იმიგრანტთა ზოგიერთი კატეგორიისთვის ეს პროცესი უფრო ხანმოკლე იქნება. მათ შორის არიან ე.წ. “მეოცნებები”, რომლებიც შეერთებულ შტატებში ბავშვობის ასაკში შემოიყვანეს, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირები და დროებითი დაცვის სტატუსის მქონენი, თუ ისინი მუშაობენ, სწავლობენ ან სხვა მოთხოვნებს აკმაყოფილებენ.
კანონპროექტი ისეთივე ყოვლისმომცველი არ არის, როგორიც საიმიგრაციო რეფორმის ბოლო შეთავაზება იყო ობამას ადმინისტრაციის პერიოდში, როდესაც ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტი იყო.
მაგალითად, კანონპროექტში არ შედის საზღვრის უსაფრთხოების მყარი ელემენტი და მის ნაცვლად, სტრატეგიის შემუშავებისკენ მოუწოდებს. კანონპროექტი ასევე არ ქმნის ახალ სამუშაო ან სხვა სახის ვიზის პროგრამებს.
მოელიან, რომ ბაიდენი სწრაფად გააუქმებს ტრამპის საიმიგრაციო განკარგულებებს, მათ შორის, ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვას რამდენიმე ქვეყნიდან, სადაც მეტწილად მუსლიმი მოსახლეობაა.
ბაიდენის მოკავშირეები და ზოგიერთი რესპუბლიკელიც იმიგრაციას დიდ საკითხად აღიქვამენ და ადმინისტრაციამ შეიძლება იპოვოს საერთო პოზიცია სენატის რესპუბლიკელთა ლიდერ მიჩ მაკკონელთან და სენატორთა საკმაო რიცხვთან იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს ჩიხში შესვლა, რაც ორივე პარტიას ათწლეულების განმავლობაში აღიზიანებდა.
ასეთი გამარჯვება, თუნდაც ის კომპრომისსაც შეიცავდეს, კრიტიკული იქნება იმ დროს, როდესაც ბაიდენს სურს საკანონმდებლო გამარჯვებები მოიპოვოს თითქმის თანაბრად გაყოფილ კონგრესში, სადაც რესპუბლიკელები შეეწინააღმდეგებიან ბაიდენის სხვა პრიორიტეტებს, როგორიცაა 2017 წელს რესპუბლიკელების მიერ მიღებული ზოგიერთი გადასახადის შემცირების გაუქმება და ფედერალური ხარჯების გაზრდა.
Facebook Forum