პლუტონიუმის დონე შეშფოთებას იწვევს

პლუტონიუმის დონე შეშფოთებას იწვევს

იაპონიის ფუკუშიმას ბირთვული რეაქტორის ახლოს მიწაში პლუტონიუმის მომატებული დონე დაფიქსირდა. გუშინ გაკეთებულმა ამ აღმოჩენამ დაადასტურა, რომ ფუკუშიმას ერთ-ერთი რეაქტორი ლღვება.

ბირთვული ინჟინერი კეიკ ბარეტი, რომელიც ამერიკაში 1979 წელს მომხდარი ბირთვული გაჟონვის შემდეგ დასუფთავების სამუშაოებს ხელმძღვანელობდა აცხადებს, რომ იაპონელები მალე მოახერხებენ გაჟონვის შეჩერებას:

„ჩემი აზრით, სადგურის თანამშრომლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რეაქტორს დენის მიწოდება ბოლომდე აღუდგეს. დაბინძურებულ ტერიტორიებს რაც შეეხება, ჩვენ გვაქვს ტექნოლოგიური შესაძლებლობა, რომ საბოლოო ჯამში, ტერიტორია გავასუფთაოთ.“

აზიის ქვეყნებისა და შეერთებული შტატების ოფიციალური პირების განცხადებით, იაპონიის დაზიანებული ბირთვული რეაქტორიდან გაჟონილი რადიაცია მათ ტერიტორიებზეც დაფიქსირდა. თუმცა იგივე წყაროებზე დაყრდნობით, რადიაციის დონე ამ ეტაპზე ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის.

ჩინეთის გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, რადიოაქტიური ფონი ამაღლებულია ჩინეთის სამხერეთ-აღმოსავლეთში.

სამხრეთ კორეის ბირთვული უსაფრთხოების ინსტიტუტის განცხადებით, რადიოაქტიური იზოტოპები აღმოჩენილია სეულსა და კიდევ რამდენიმე დიდ ქალაქში.

იზოტოპები დაფიქსირდა შეერთებული შტატების ტერიტორიაზეც, კონკრეტულად კი ჰავაიზე, გუამსა და დასავლეთ სანაპიროზე მდებარე რამდენიმე შტატში.