იაპონიის მთავრობის განცხადებით, ცუნამით გამოწვეულმა ზარალმა 25 ტრილიონ იენს ანუ 309 მილიარდ დოლარს მიაღწია. 11 მარტს სტიქიის შედეგად დაინგრა ქალაქები, ფერმები, ქარხნები, გზატკეცილები, რკინიგზა და ელექტროხაზები. თითქმის ნახევარი მილიონი იაპონელი უსახლკაროდ დარჩა. ცუნამით გამოწვეული ზარალის მიუხედავად, ბევრი იაპონელი იმედს გამოთქვამს, რომ აღდგენითი სამუშაოების ფონზე იაპონიის ეკონომიკა გამოცოცხლდება, იუწყება ტოკიოდან "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი ჰენრი რიჯუელი.
თუ იაპონიის მთავრობის შეფასება გამართლდა, 11 მარტს მომხდარი მიწისძვრა და ცუნამი, რომელმაც იაპონიის ჩრდილოაღმოსავლეთი სანაპირო გაანადგურა, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე განმანადგურებელ ბუნებრივ კატასტროფად ჩაიწერება.
წინასწარი შეფასებით, ცუნამით გამოწვეულმა ზარალმა 309 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც სტიქიით ყველაზე დაზარალებულ შვიდ პროვინციაში განადგურებული სახლების, ბიზნესებისა თუ ინფრასტრუქტურის ღირებულებას შეიცავს.
ტოკიო მსოფლიოში მესამე უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის დედაქალაქია. ახლა ამ გლობალურ ფინანსურ ცენტრში პერიოდულად ითიშება ელექტროენერგია ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი მდგომარეობის გამო. აღსანიშნავია, რომ ცუნამით გამოწვეული ფინანსური ზარალის შეფასებაში ელექტროენერგიის გათიშვების გამო ბიზნეს დანაკარგები არ შედის.
იაპონიის ყოფილი ფინანსთა მინისტრი მაკოტო უცუმი, რომელიც ამჟამად იაპონიის გადამხდელუნარიანობის შეფასების სააგენტოს პრეზიდენტი გახლავთ, აღნიშნავს, რომ მომდევნო რამდენიმე თვის მანძილზე ეკონომიკური მდგომარეობა რთული იქნება:
„მოკლევადიან პერსპექტივას რაც შეეხება, რასაკვირველია ჩვენს წინაშე სერიოზული გამოწვევა დგას. ამდენად ჩვენ ალბათ ერთი, ორი ან სამი კვარტალის მანძილზე უარყოფითი ეკონომიკური ზრდა გველის. მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში მე მჯერა, რომ იაპონიის ეკონომიკა გამოცოცხლდება. ამას ხელს შეუწყობს აღდგენითი სამუშაოები, რაც ეკონომიკას სტიმულს მისცემს და მომდევნო სამი ან ოთხი წლის მანძილზე ეკონომიკურ ზრდას გამოიწვევს “- აღნიშნა მაკოტო უცუმიმ.
ცუნამი ეკონომიკური ცხოვრების ყველა სფეროს შეეხო.
ტოკიოს ტსუკიჯი-შიჯოს უბანში მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი თევზეულისა და ბოსტნეულის ბაზარი მდებარეობს. ყოველდღიურად აქ სასაქონლო საწყობებში საბითუმო ფასებში ათი ათასობით ტონა პროდუქტი იყიდება.
შეერთებულმა შტატებმა და რამდენიმე სხვა ქვეყანამ იაპონური წარმოშობის ზოგიერთი საქონლის სახეობის იმპორტზე შეზღუდვები შემოიღო იმის გამო, რომ არსებობს საშიშროება იმისა, რომ პროდუქცია ატომური ელექტროსადგურიდან გაჟონილი რადიაციით დაბინძურდა.
დახლების მესაკუთრეებს აღელვებთ ის, რომ შედეგად ისინი მნიშვნელოვნად დაზარალდებიან:
„ეს ხომ ფუკუშიმა არ გახლავთ. მაღელვებს ის რაც მოხდება ტოკიოსთან ახლოს მდებარე ჩიბასა და სხვა პრეფექტურებში, სადაც რადიაციამ მიაღწია და სადაც მე ბიზნესი მაქვს გახსნილი “- დარდობს ვაჭარი დაისუკე იჩიკავა.
ბევრმა საერთაშორისო კომპანიამ ტოკიოდან თანამშრომლები გაიწვია. ისინი შიშობენ, რომ ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე კატასტროფა მოხდება. ბევრი სემინარი, შეხვედრა, კონფერენცია თუ სხვა სახის საჯარო ღონისძიება გაუქმდა. ტურისტების რიცხვმა აშკარად იკლო. ყოველივე ამის ფონზე დაბალი ეკონომიკური ზრდა შეინიშნება. ნიშანდობლივია ისიც, რომ იაპონიის ეკონომიკა გლობალური რეცესიიდან მხოლოდ 2009 წელს გამოვიდა.
მიწისძვრამ და ცუნამიმ დაახლოებით 25,000 იაპონელის სიცოცხლე იმსხვერპლა, რაც მომხდარი ბუნებრივი კატასტროფის შემზარავ შედეგს ნათლად ასახავს. მაგრამ რაც შეეხება ცუნამით გამოწვეულ ეკონომიკურ ზარალს, სრულ შეფასებას ჯერ კიდევ ბევრი დრო დასჭირდება.