ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიაში რადიაციის დონემ იმატა


იაპონიაში რადიაციის დონემ იმატა
იაპონიაში რადიაციის დონემ იმატა

რადიოაქტიური ნივთიერებების შემცველობა იაპონიის ფუკუშიმა დაიჩის მიმდებარე ტერიტორიებზე ზღვის წყალშიც იმატებს. იაპონიის და კერძოდ ამ რეგიონისთვის ძალზე მნიშვნელოვანი მეთევზეობის ინდუსტრია დიდი რისკის ქვეშ აღმოჩნდა. ცუნამმა და მიწისძვრამ მეთევზეთა ისედაც მრავალი მცირე საწარმო დაანგრია და ახლა რადიაციის მატებამ მათთვის სასიცოცხლო დარგი კიდევ უფრო სერიოზული პრობლემის წინაშე დააყენა.

ოთხშაბათს იაპონიის მთავრობამ განკარგულება გასცა ზღვის წყლის ინტენსიური შემოწმების შესახებ. ფუკუშიმას დაზიანების გამო რადიოაქტიური ნივთიერებები უკვე აღმოჩენილია რძეში, ისპანახში და სასმელ წყალში. ოფიციალური პირების და მეცნიერების განცხადებით, მართალია რადიაციის დონე ნორმას აღემატება, მაგრამ სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის.

ფუკუშიმას კომპლექსში ერთი რეაქტორიდან ჯერ კიდევ ამოდის ორთქლი, მეორეს თავზე კი კვამლის ნაკადია. გვესაუბრება ბირთვული ინდუსტრიის უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ჰიდეჰიკო ნიშიამა.

იგი აღნიშნავს, რომ საკვების რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურება სიცოცხლისთვის ნაკლებად საშიშია, თუნდაც აღნიშნული დონე მთელი წლის განმავლობაში შენარჩუნდეს. ამასთან, ბატონი ნიშიამა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სარემონტო სამუშაოები წარმატებით მიმდინარეობს და რომელიმე რეაქტორიდან რადიაციის სერიოზული გაჟონვის რისკი ჯერჯერობით არ არსებობს.

მეშვიდე დღეა მეხანძრეები წყალს ასხამენ და აგრილებენ რეაქტორებს, რაც რადიაციის დონეს საგრძნობლად ამცირებს. იაპონიის პრემიერ-მინისტრის პრესმდივნის განცხადებით, როგორც კი რადიაციის დონე ნორმალურს მიუახლოვდება, ფუკუშიმას კომპლექსზე მეტ მუშახელს დააბრუნებენ და რეაქტორთა გაგრილების ჩვეული სისტემა აღდგება. შეგახსენებთ, გაგრილების შეწყვეტა ცუნამის დროს ელექტროსადენების დაზიანების გამო მოხდა. სადენების უმრავლესობა ექვსივე რეაქტორზე აღდგენილია და შემოწმების ბოლო ეტაპს გადის.

იაპონიის პოლიციის უკანასკნელ ანგარიშში ნათქვამია, რომ ცუნამის შედეგად დაღუპულთა და დაკარგულთა რაოდენობა დღეს 22 ათაასს აღემატება. ნახევარი მილიონი ადამიანი უსახლკაროდაა დარჩენილი და დროებით თავშესაფრებში ცხოვრობს.

XS
SM
MD
LG