ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მონდეილი სენდაის ტრაგედიაზე საუბრობს


მონდეილი სენდაის ტრაგედიაზე საუბრობს
მონდეილი სენდაის ტრაგედიაზე საუბრობს

მონდეილმა ამერიკის ხმასთან ისაუბრა იმის თაობაზე, თუ როგორ იღწვოდნენ 1995 წელს იაპონიის ქალაქ კობეში მომხდარი მიწისძვრის კრიზისის დაძლევაზე იაპონია და აშშ და იმის თაობაზე თუ რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს აწმყო კრიზისმა იაპონიაში მსოფლიო საზოგადოებრიობის აზრზე ბირთვული ენერგიის გამოყენების დარგში.

1995 წელს იაპონიის ქალაქ კობეში მომხდარ მიწისძვრას 6500 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მატერიალურმა ზარალმა 100 მილიარდი დოლარი შეადგინა. იაპონიისათვის ამ კრიზისულ პერიოდში აშშ-ს ელჩად ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი უოლტერ მონდეილი მსახურობდა. მონდეილმა ამერიკის ხმასთან ისაუბრა იმის თაობაზე, თუ როგორ იღწვოდნენ ამ კრიზისის დაძლევაზე იაპონია და აშშ და იმის თაობაზე თუ რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს აწმყო კრიზისმა იაპონიაში მსოფლიო საზოგადოებრიობის აზრზე ბირთვული ენერგიის გამოყენების დარგში. მონდეილმა ჩვენთან საუბარში გაიხსენა თუ თავის დროზე როგორ ეწვია ფუკუშიმა დაიჩის ატომურ ელექტროსადგურს:

-„ ერთი რამ კარგად მახსოვს: გაკვირვებული დავრჩი იმით, თუ რა უხმაუროდ მუშაობდა ეს სადგური, რა სუფთა და იდეალურ გარემოში აწარმოებდნენ იაპონელები ამ ენერგიას ისე, რომ გარემოს არავთარ დაბინძურებას არ ჰქონდა ადგილი. და აი ახლა 15 წლის შემდეგ იგივე ბირთვული სადგური, თუ შეიძლება ასე ითქვას ბიბლიური მასშტაბის საშიშროებას ჰქმნის.“

როგორც მონდეილმა აღნიშნა კარგად უწყის თუ რა საშინელი გრძნობა ახლავს თან კრიზისს, რომელიც რადიაციასთან არის დაკავშირებული. იგი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი იყო 1979 წელს, როდესაც ამერიკის ისტორიაში ყველაზე საშიში ბირთვული ავარია მოხდა პენსილვანიაში თრი მაილ აილენდის ატომურ ელექტროსადგურზე.

-„ორი საათის განმავლობაში ამ ატომურ ელექტროსადგურზე რეალური საშიშროება იყო იმისა, რომ მოხდებოდა რეაქტორის სრულიად მწყობრიდან გამოსვლა. ამას შეიძლებოდა მოჰყოლოდა წარმოუდგენელი მასშტაბების კატასტროფა, რადგანაც ამ სადგურის რადიუსში მილიონობით ადამიანი ცხოვრობდა. ამავე დროს შეუძლებელი იყო მათი ამ საშიშროების შესახებ გაფრთხილება ისე, რომ არ მომხდარიყო ადამიანების დიდი მასის ქაოტური და პანიკური გაქცევა. „

თავის დროზე აშშ-მ მოახერხა თრი მაილ აილენდის კრიზისის დაძლევა ისე, რომ ადგილი არ ჰქონდა მოსახლეობის მასობრივ ევაკუაციას, რასაც ვე რ ვიტყვით იაპონიაზე. ფუკუშიმას ელექტროსადგურიდან 20 კმ-ს რადიუსში 350 000 ადამიანი დროებით თავშესაფარებშია მოთავსებული. ამერიკელ ოფიციალურ პირებს მიაჩნიათ, რომ საევაკუაციო ზონა კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. მონდეილი დარწმუნებულია იმაში, რომ აშშ-მ დამოუკიდებლად უნდა შეაფასოს შექმნილი რისკი.

-„ ჩვენ ყველანაირად უნდა ვითანამშრომლოდ იაპონიასთან. მაქსიმალური კოორდინირება უნდა მოხდეს საჯარო ოფიციალური განცხადებებისა. თუკი ჩვენ მიგვაჩნია, რომ შექმნილი მდგომარეობა საშიშროებას უქმნის ამერიკელთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ჩვენი უპირველესი მოვალეობაა იაპონელებთან თანამშრომლობის პარალელურად ამერიკელებიც დავიცვათ.“

მონდეილმა ასევე აღნიშნა, რომ აწმყო კრიზისი ძალზე აგონებს მას 1995 წელს კობეს მიწისძვრის კრიზისს. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ აწმყო კრიზისი უფრო დიდი მასშტაბებისაა, ვიდრე კობეს მიწისძვრა. ოფიციალური მონაცემებით ათობით ათასი ადამიანია დაღუპული . მიყენებულია 235 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალი. მსოფლიო ბანკის მონაცემებით ამ კრიზისის დაძლევისათვის იაპონიას 5 წელი დასჭირდება. დღესაც არ არის ცნობილი სრული მასშტაბები 11 მარტის მიწისძვრისა და ცუნამისა. როგორც მონდეილმა აღნიშნა ჩვენთან საუბრისას უკვე მთელს მსოფლიოში კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოებას.

-„დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას დღეს ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოების საკითხი. ისმის კითხვა: რა დასკვნები გამოვიტანეთ სენდაის ტრაგედიიდან? რა საჭიროებს სასწრაფო გამოსწორებას არა მარტო იაპონიაში, არამედ მთელს მსოფლიოში? რამდენი ატომური ელექტროსადგურია აშენებული იმ რაიონებში, სადაც მიწისძვრის საშიშროება რეალურია? წინ ამ საკითხებზე ცხარე დებატები გველის.“

ატომური ელექტროსადგურების საზედამხედველო კომისია უკვე მუშაობს გეგმაზე, რომლის საფუძველზე იგი აშშ-ში იწყებს ყველა ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების გულდასმით შემოწმებას. დღესდღეობით აშშ-ში 104 ატომური ელექტროსადგურია.

XS
SM
MD
LG