ამერიკის შეერთებული შტატების სენატში ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი გრძელდება. კაპიტოლიუმზე ე.წ. მომაკვდინებელი თავდასხმის საქმეზე, დონალდ ტრამპის ბრალეულობის დამტკიცებას დემოკრატი კანონმდებლები, იმპიჩმენტის პროცესის მენეჯერები ცდილობენ. ისინი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დეტალურად და გრაფიკულად აღადგენენ 6 იანვარს კაპიტოლიუმში განვითარებულ მოვლენებს.
ფაქტებზე დაფუძნებული ვიდეო და ფოტო გრაფიკებით მარტივად აღქმადი ხდება თუ ვინ, სად და რა დროს იმყოფებოდა კაპიტოლიუმში. ახალი ვიდეოკადრები ძირითადად შენობის უსაფრთხოების სამსახურების სათვალთვალო კამერებით არის გადაღებული და ნათლად ასახავს იმ რთულ ვითარებას, რაც იმ დღეს კაპიტოლიუმის შენობაში იყო.
ერთ-ერთი ვიდეო რომელიც დემოკრატებმა იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში გამოაქვეყნეს, ასახავს ადგილს, სადაც კაპიტოლიუმში შეჭრილი მეამბოხეები ეძებენ ამერიკის მაშინდელ მოქმედ ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსს. როგორც ირკვევა, როგორც რესპუბლიკელმა მაიკ პენსმა, ისე სენატის დემოკრატების ლიდერმა ჩაკ შუმერმა, თავდამსხმელებს თავშესაფარში სულ რამდენიმე წუთით გაასწრეს.
საკანონმდებლო ორგანოში შეჭრილი ამბოხებულები კაპიტოლიუმში სენატის ცენტრალური დარბაზისკენ გადაადგილდებიან, იმ დროს როცა ჯერ კიდევ მიმდინარეობდა სხდომა პირდაპირ ეთერში, რომელსაც მაიკ პენსი ხელმძღვანელობდა. კონგრესის გაერთიანებული სხდომა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ფორმალურად ამტკიცებდა. მაშინ როცა დაცვამ ვიცე-პრეზიდენტი პენსის შენობიდან გაყვანის პროცესი დაიწყო, პენსსა და ამბოხებულებს შორის დაშორება სულ რამდენიმე მეტრი იყო. მანამდე კი ვაშინგტონში მოწყობილ საპროტესტო აქციაზე ვიცე-პრეზიდენტის ჩამოხრჩობის მოწოდებები ისმოდა.
Your browser doesn’t support HTML5
დონალდ ტრამპის მხარდამჭერები, რომლებიც იმ დროს უკვე შენობაში იმყოფებოდნენ, ხმამაღლა იძახდნენ, რომ მათ უნდა ეპოვათ ვიცე-პრეზიდენტი, რომელმაც არ გაითვალისწინა ტრამპის მოწოდება და არ "დაბლოკა", არ "შემოატრიალა" საარჩევნო კოლეგიის შედეგები ტრამპის სასარგებლოდ.
სენატორების და მაიკ პენსის გადარჩენა კაპიტოლიუმის დაცვის ერთმა თანამშრომელმა ოფიცერმა გუდმენმა შეძლო, რომელმაც დაინახა, თუ როგორ შეამტვრიეს კაპიტოლიუმის ფანჯრები დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა.
Your browser doesn’t support HTML5
ოფიცერი გუდმენი თავდაპირველად შეეცადა მოეგერიებინა თავადამსხმელები, თუმცა იმ ადგილზე ის მარტო იმყოფებოდა და ადგილის დატოვება გადაწყვიტა სხვების გადასარჩენად. გუდმენმა რამდენიმე წამში დისპეჩერს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, თუ სად იმყოფებოდნენ ამბოხებულები და როგორ გადაადგილდებოდნენ.
Your browser doesn’t support HTML5
მიტ რომნი, რესპუბლიკელი სენატორი, რომელიც ამ დროს სწორედ დერეფანში იმყოფებოდა, ოფიცერ გუდმენს ხვდება, რომელიც გარბის და სენატორს მოუწოდებს დატოვოს ადგილი სასწრაფოდ და სენატორიც გარბის.
კიდევ ერთი ახალი კადრი რომელიც იმპიჩმენტის პროცესის დროს გამოქვეყნდა, ასახავს სენატის ახლა უკვე დემოკრატების უმრავლესობის ლიდერის, ჩაკ შუმერის ევაკუაციის პროცესს. შუმერი დაცვის სამსახურის თანამშრომლებს გაჰყავთ შენობის ერთი მიმართულებით, თუმცა ის ტერიტორია უკვე ამბოხებულებს ჰქონდათ დაკავებული, რის გამოც რამდენიმე წამში ჩაკ შუმერი დაცვასთან ერთად უკან ბრუნდება. გასასვლელ კარს საკუთარი სხეულით კაპიტოლიუმის დააცვა აკავებს, შუმერს კი ტერიტორიას ატოვებინებენ.
Your browser doesn’t support HTML5
ეს კაპიტოლიუმის ერთ ნაწილში განვითარებული მოვლენებია, სენატის მხარეს, სადაც 100 სენატორი და ვიცე პრეზიდენტი ოჯახით იმყოფებოდნენ. არანაკლებ რთული ვითარება იყო წარმომადგენელთა პალატის მხარეს, სადაც ასევე მიმდინარეობდა შეკრება, რომელსაც ნენსი პელოსი უძღვებოდა. დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა, თავდაპირველად შენობაში შეღწევა სწორედ ფლიგელში შეძლეს.
ამბოხებულები, რომლებიც შენობაში შეიჭრნენ ხმამაღლა ყვიროდნენ სხვადასხვა შეურაცხმყოფელ სიტყვებს, ფრაზებს და წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ნენსი პელოსის ეძებდნენ.
ბოლო ვიდეოებით, რომლებიც დემოკრატებმა სხდომაზე წარმოადგინეს, ირკვევა, რომ აქციის მონაწილეები პოლიციელებს ხელჯოხებით და დროშებით უსწორდებოდნენ. მას შემდეგ, რაც მათ გაიგეს, რომ მაიკ პენსმა და ნენსი პელოსიმ შენობა დატოვეს, მათ ოფისები დაარბიეს და აქციის სხვა მონაწილეებს აძლევდნენ მიმართულებას, თუ როგორ უნდა შესულიყვნენ შენობაში.
საიმპიჩმენტო პროცესი დღესაც გაგრძელდება და შესაძლოა ის ამ კვირაში არ დასრულდეს.