შეერთებული შტატების კონგრესის მთავარ შენობაში შეჭრიდან ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, დემოკრატებით დომინირებულ წარმომადგენელთა პალატაში, კენჭს უყრიან პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს. ხელმეორე იმპიჩმენტის პროცესის დაწყების მიზეზი პრეზიდენტის როლი გახდა, რომელიც მან, კანონმდებლების შეხედულებით, ამერიკულ დემოკრატიაზე მიტანილ იერიშში შეასრულა.
ტრამპის მხარდამჭერების კონგრესის შენობაში შეჭრა მოხდა მაშინ, როცა ვიცე-პრეზიდენტ პენსის თავმჯდომარეობით, კონგრესის გაერთიანებული სხდომაზე, არჩევნების შედეგების სერტიფიცირების ფორმალური პროცესი მიმდინარეობდა. 6 იანვარს, კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრის გამო, დაიღუპა 5 ადამიანი, დაშავებულია ათეულობით ამერიკელი და ვანდალიზებულია კონგრესის შენობა. ვაშინგტონში საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული და მობილიზებულია ეროვნული გვარდია.
სულ ცოტა, 5 რესპუბლიკელი კანონმდებელი ამბობს, რომ მხარს დაუჭერს პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტს, იმის მიუხედავად, რომ მას პრეზიდენტის პოსტზე სულ 7 დღე აქვს დარჩენილი. ზუსტად ერთ კვირაში, ვაშინგტონში ინაუგურაციის ცერემონია იგეგმება, რომელზეც ამერიკის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და არჩეული ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დადებენ ფიცს. ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ, თეთრ სახლს ამერიკის 46-ე პრეზიდენტი დაიკავებს.
თუ წარმომადგენელთა პალატა იმპიჩმენტს დაამტკიცებს, ტრამპი ამერიკის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი იქნება, რომლის იმპიჩმენტი პალატაში ორჯერ მოხდა. თუმცა, კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება პროცესის გაგრძელება რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულ სენატში, რომელმაც მომხდარი უნდა განიხილოს და საბოლოო განაჩენი გამოიტანოს. დიდი ალბათობით, ეს პრეზიდენტის ოფისში ყოფნის პერიოდში არ მოხდება. სენატში 20 იანვრამდე უმრავლესობას რესპუბლიკელები ინარჩუნებენ.
დემოკრატებმა კვირის დასაწყისში ჯერ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს შესთავაზეს, რომ კონსტიტუციის 25-ე შესწორება აემოქმედებინა. შესწორება შეერთებული შტატების კონსტიტუციაში პრეზიდენტ რობერტ კენედის მოკვლის შემდეგ შეიტანეს. ის კაბინეტს უფლებას აძლევს პრეზიდენტი გამოაცხადოს "უუნაროდ, შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები". ასეთ დროს პრეზიდენტის მოვალეობებს ვიცე-პრეზიდენტი გადაიბარებს.
პენსმა 25-ე შესწორების ამოქმედებაზე უარი თქვა. "არ მგონია, რომ მოქმედების ასეთი მიმართულება ან ჩვენი ერის უმაღლეს ინტერესებში, ან ჩვენს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში იყოს" - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა მაიპ პენსმა სამშაბათს საღამოს, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსისადმი მიწერილ წერილში.
ვიცე-პრეზიდენტის მიერ მიწერილი წერილის მიუხედავად, რეზოლუციას წარმომადგენელთა პალატაში კენში ფორმალურად მაინც უყარეს. სამშაბათს საღამოს, მას 223-მა კანონმდებელმა მისცა ხმა, 205-ის წინააღმდეგ.
წარმომადგენელთა პალატა დღეს მზადაა, კენჭისყრაზე კვლავ დააყენოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი. ტრამპის პირველი იმპიჩმენტის პროცესისგან განსხვავებით, რესპუბლიკურ პარტიაში მისი მხარდამჭერების რიცხვი იკლებს. სულ ცოტა 5 რესპუბლიკელს შორის, რომლებიც აპირებენ, რომ ხმა მის იმპიჩმენტს მისცემენ, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლიზ ჩეინიც არის.
"შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხრიდან, ამაზე დიდი ღალატი არასდროს მომხდარა, საკუთარი ოფისის და კონსტიტუციისადმი დადებული ფიცის მიმართ" - განაცხადა ლიზ ჩეინიმ. ის ამერიკის ყოფილი რესპუბლიკელი ვიცე-პრეზიდენტის, დიკ ჩეინის შვილია. მისი თქმით, ვაშინგტონში "სწორედ ტრამპმა გამოიძახა ეს ბანდიტები, შეკრიბა ეს ყაჩაღები და [კაპიტოლიუმზე] ამ იერიშის კოცონი დაანთო".
წარმომადგენელთა პალატაში ლიზ ჩეინს გვერდში უდგანან რესპუბლიკელი კანონმდებლები: ადამ კინზინგერი, ჯონ კატკო, ჯეიმი ჰერერა ბატლერი და ფრედ აპტონი. პალატის რესპუბლიკელი უმცირესობის ლიდერებმა თავი შეიკავეს მოწოდებებისგან, არ დაეჭირათ მხარი პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტისთვის და განაცხადეს, რომ ეს კონგრესმენების ინდივიდუალური გადაწყვეტილება უნდა იყოს.
"ნიუ-იორკ თაიმსის" ცნობით, კონგრესში ტრამპის მხარდამჭერების შეჭრის შემდეგ, სენატის რესპუბლიკელთა უმრავლესობის ლიდერი მიტჩ მაკკონელიც მხარს უჭერს იმპიჩმენტის პროცესს. თუმცა, მას აღნიშნული განცხადება საჯაროდ არ გაუკეთებია.
გასულ ოთხშაბათს, ტრამპმა თავის მომხრეებს, რომლებიც ვაშინგტონში მისი მოწოდებით შეიკრიბნენ, კვლავ განუცხადა, რომ არჩევნებზე მათი ხმები გაყალბდა და მოპარულია. პრეზიდენტი ამას დღემდე იმის მიუხედავად იმეორებს, რომ 60-მდე სარჩელის უმეტესობა არცერთ დონეზე ამერიკულმა სასამართლოებმა სარწმუნოდ არ მიიღო და უარყო.
ვიდრე მიტინგზე შეკრებილებს კონგრესისკენ დაძვრისკენ მოუწოდებდა, პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებს "ცუდი ხალხის" წინააღმდეგ “ბრძოლისკენ” მოუწოდა. "ქვეყანას უკან სისუსტით ვერასდროს დაიბრუნებ. ძალა უნდა აჩვენო" - უთხრა მათ 6 იანვარს პრეზიდენტმა ტრამპმა. ის დაპირდა, რომ მომიტინგეებს კონგრესის შენობასთან შეხვდებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეები კაპიტოლიუმისკენ დაიძრნენ, ტრამპი იქ აღარ გამოჩენილა.
სამშაბათს, ტეხასში გაფრენის წინ, ჟურნალისტებს პირველად მიეცათ საშუალება პრეზიდენტ ტრამპისთვის კითხვა კონგრესის შენობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაესვათ. ტრამპის თქმით, მედიაში მისი სიტყვების არასწორი ინტერპრეტაცია ხდება. სინამდვილეში კი "რაც მე ვთქვი, სრულიად მისაღები იყო" - უპახუხა ჟურნალისტებს პრეზიდენტმა ტრამპმა.
Facebook Forum