ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რას უნდა ველოდოთ ტრამპის მეორე საიმპიჩმენტო სასამართლოზე?


ამერიკის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადვოკატები იმპიჩმენტის სასამართლოს მოსმენებისთვის ემზადებიან. სასამართლოს ტიპის მოსმენები სენატში სამშაბათს, 9 თებერვალს დაიწყება, თუმცა უცნობია როდის დასრულდება. სავარაუდოდ, მოსმენები ერთ ან ორ კვირას გაგრძელდება. პრეზიდენტს ბრალი, „ამბოხების წახალისებაში“ ედება.

რატომ გრძელდება საიმპიჩმენტო პროცედურა ყოფილი პრეზიდენტისთვის?

მართალია, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ამოწურვამდე სულ რამდენიმე დღე იყო დარჩენილი, მაგრამ დემოკრატებმა გადაწყვიტეს, რომ პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტი მაინც უნდა გამოეცხადებინათ. 6 იანვარს, ტრამპის მომხრეების კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ, დემოკრატებმა და რამდენიმე რესპუბლიკელმა თქვა, რომ მომხდარში დიდი წვლილი სწორედ პრეზიდენტს ჰქონდა. „დონალდ ტრამპი უნდა გასამართლდეს და ბრალი დაედოს იმისთვის, რომ არც ერთმა მომავალმა პრეზიდენტმა აღარ იფიქროს, რომ ამბოხის წაქეზებას არა უშავს“, - თქვა ნენსი პელოსიმ, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.

ნენსი პელოსი ხელს აწერს პრეზიდენტის იმპიჩმენტის მუხლს
ნენსი პელოსი ხელს აწერს პრეზიდენტის იმპიჩმენტის მუხლს

ტრამპი პრეზიდენტი აღარ არის, მისი უფლებამოსილება 2021 წლის 20 იანვარს, შუადღის 12 საათზე ამოიწურა, თუმცა მას მომავალი პოლიტიკური გეგმები აქვს. დემოკრატები ამ გეგმების შეჩერებას თუ არა, შეფერხებას მაინც შეეცდებიან. ნაკლებსავარუდოა, რომ ტრამპი სენატმა გაამტყუნოს, თუმცა ასეთი სცენარის გათამაშებისას სენატს, ასევე შეუძლია ყოფილ პრეზიდენტს მომავალში ნებისმიერი საჯარო თანამდებობის დაკავება აუკრძალოს.

გარდა ამისა, როგორც ნენსი პელოსიმ თქვა, მათ საიმპიჩმენტო პროცესი პრეზიდენტის ქმედებების საპასუხოდ წამოიწყეს. ასევე, სენატში გამართულ სასამართლოს ტიპის მოსმენაზე, მოსახლეობა პირველად მიიღებს დეტალურ, შეძლებისდაგვარად, სრულ ანგარიშს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა 6 იანვარს ვაშინგტონში.

დემოკრატები სენატში გამართულ სასამართლოზე შეეცდებიან დაამტკიცონ, რომ პრეზიდენტმა, ნამდვილად „წაახალისა ამბოხება“.

„ჩემთვის ნათელი იყო, რომ დემოკრატები ცდილობდნენ ეს უსაფრთხოების საკითხად წარმოეჩინათ... ისინი ცდილობენ, რომ ტრამპი წარმოაჩინონ, როგორც ნათელი, არსებული საფრთხე ამერიკის შეერთებული შტატებისა და ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციისთვის“, ამბობს ჯენიფერ მერსიერა, კომუნიკაციების პროფესორი ტეხასის უნივერსიტეტიდან, რომელიც ამერიკის პოლიტიკურ რიტორიკაზე მუშაობს.

რესპუბლიკელები თვლიან, რომ უფლებამოსილება ამოწურული პრეზიდენტისთვის საიმპჩენტო სასამართლოს ჩატარება არაკონსტიტუციურია. იგივე არგუმენტები აქვთ ტრამპის ადვოკატებსაც.

„კონსტიტუციური დებულების მიხედვით, ადამიანი პრეზიდენტის თანამდებობას უნდა იკავებდეს იმისთვის, რომ მას იმპიჩმენტი გამოუცხადონ. ვინაიდან ამერიკის 45-ე პრეზიდენტი პრეზიდენტი აღარაა, სენატისთვის შეუძლებელია აღასრულოს ნაწილი, სადაც წერია რომ „თანამდებობიდან უნდა გადაგდეს და უფლებამოსილება შეუწყდეს... მიზეზით“, წერია ტრამპის გუნდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დემოკრატები და რესპუბლიკელები ვერ თანხმდებიან იმაზე, უნდა გრძელდებოდეს თუ არა ყოფილი პრეზიდენტის საიმპჩმენტო პროცესი. თუმცა, ორივე პარტიის წევრი სენატორები თანხმდებიან, რომ სასამართლოს ტიპის მოსმენა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩატარდეს.

დემოკრატებს ეჩქარებათ, ვინაიდან ბაიდენის მიერ წარდგენილი 1,9 ტრილიონი დოლარის ღირებულების, კორონავირუსით დაზარალებულთა დახმარების პაკეტი აქვთ დასამტკიცებელი. ასევე, ბაიდენის მიერ წარდგენილი რამდენიმე თანამდებობის პირი სენატის დამტკიცებას ელოდება. ვერცერთი ზემოთხსენებული ვერ ჩატარდება, ვიდრე საიმპიჩმენტო მოსმენები არ დასრულდება.

იმპიჩმენტის მენეჯერებს იმპიჩმენტის მუხლები სენატში წარსადგენად მიაქვთ
იმპიჩმენტის მენეჯერებს იმპიჩმენტის მუხლები სენატში წარსადგენად მიაქვთ

საკუთარი მიზეზები აქვთ რესპუბლიკელებსაც. პირველ რიგში, ისინი თვლიან, რომ ეს მოსმენები არაკონსტიტუციურია. გარდა ამისა, მათ არ სურთ ყურადღება დიდხანს იყოს გამახვილებული 6 იანვრის მოვლენებზე და არეულობაზე, რომელიც ქვეყანაში იყო.

როგორი იქნება სენატის საიმპიჩმენტო მოსმენები?

დონალდ ტრამპი ამერიკის ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, ვისაც წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადა. ამიტომ ტრამპისა და მისი გუნდისთვის, სენატში ჩატარებული სასამართლოს ტიპის მოსმენები უცხო არ იქნება. მიუხედავად ამისა, წესები, დიდი ალბათობით, წინა მოსმენებისგან განსხვავებული იქნება.

ამერიკის კონსტიტუციაში ნათლად არ არის გაწერილი ის, თუ რამდენ ხანს და როგორ უნდა მიმდინარეობდეს სენატის საიმპიჩმენტო სასამართლო. ამიტომ, ყოველ ჯერზე, სენატის უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები წესებზე თანხმდებიან. წესები შეიცვლება კორონავირუსის პანდემიის გამოც. მიღებული იქნება სოციალური დისტანციისა და უსაფრთხოების დაცვის ზომები.

წინა საიმპიჩმენტო სასამართლო მოსმენა სენატში 3 კვირას გრძელდებოდა, არ დაუკითხავთ მოწმეები და პრეზიდენტს, როგორც ბრალდებულს, ჩვენება არ მიუცია.

დანამდვილებით ვიცით, რომ დონალდ ტრამპი არც ახლა აპირებს ჩვენების მიცემას. წერილზე, რომელიც მან სენატორ ჯიმ რასკინისგან, საიმპიჩენტო პროიცედურების ხელმძღვანელისგან მიიღო, პასუხი მისმა ადვოკატებმა წერილობითვე დაუბრუნეს. ადვოკატებმა თქვეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი ჩვენებას არ მისცემდა.

მედიაში, უკვე გავრცელდა პუნქტები, რომელზეც უმრავლეობის ლიდერი, დემოკრატი, ჩაკ შუმერი და უმცირესობის ლიდერი, რესპუბლიკელი მიჩ მაკონელი, შეთანხმდნენ. შეთანხმების მიხედვით, სამშაბათს, სენატში 4-საათიანი დებატები გაიმართება იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა კონსტიტუციური სენატის სასამართლო მოსმენა. ამის შემდეგ კი იგივე თემაზე სენატორები კენჭისყრას ჩაატარებენ საბოლოო აზრის დასაფიქსირებლად. სამშაბათსვე მხარეები ოფიციალურად შეთანხმდებიან სასამართლოს ტიპის მოსმენის წესებზე.

ოთხშაბათს, წარმომადგენელთა პალატის მენეჯერებს, ანუ ბრალმდებლებს 16-საათიანი დრო ექნებათ საკუთარი არგუმენტებისა და მოსაზრებების წარსადგენად. იგივე დრო და პირობები ექნებათ ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატებს, ანუ დაცვის მხარეს, საკუთარი არგუმენტებისთვის. ორივე მხარის მოსმენის შემდეგ, სენატორებს საშუალება ექნებათ კითხვები წერილობით დასვან. წინა საიმპიჩმენტო მოსმენის დროს, ორივე მხარეს, საკუთარი არგუმენტების დასასაბუთებლად 24 საათი ჰქონდა დათმობილი.

იმპიჩმენტის მენეჯერების მოთხოვნით, სენატში, ასევე გაიმართება კენჭისყრა იმასთან დაკავშირებით, უნდა დაიკითხონ თუ არა მოწმეები მოსმენების დროს. პრეზიდენტ ტრამპის მხარეს თავდაპირველად სურდა, რომ მოსმენები პარასკევს, მზის ჩასვლისას შეწყვეტილიყო და კვირას შუადღემდე არ განახლებულიყო. ასე, სენატი პატივს სცემდა ებრაული შაბათის წესების დაცვას. ტრამპის ერთ-ერთი ადვოკატი ებრაელია. თუმცა, ადვოკატმა, ორშაბათს, დღის ბოლოს ეს მოთხოვნა უკან წაიღო. თუ მისი მოთხოვნა შესრულდებოდა, მაშინ ტრამპის იურისტების გუნდს 16 საათზე ნაკლები ექნებოდა საკუთარი არგუმენტების წარსადგენად.

„ჩვენ ვასრულებთ რეზოლუციაზე მუშაობას, რომელსაც ყველა მხარე- წარმომადგენელთა პალატის მენეჯერები, ყოფილი პრეზიდენტის უფლებადამცველები, [უმცირესობის] ლიდერი მაკკონელი, ეთანხმებიან. მე კი ვუზრუნველყოფ, რომ დონალდ ტრამპისთვის გაიმართოს სამართლიანი, გულწრფელი, ორპარტიული საიმპიჩმენტო მოსმენები სენატში“, უთხრა ჟურნალისტებს ჩაკ შუმერმა მოლაპარაკებების პერიოდში. მოგვიანებით კი განაცხადა: "სტრუქტურა, რომელზეც შევთანხმდით, არის უაღრესად სამართლიანი".

ტრამპის პირველი საიმპიჩმენტო მოსმენებისგან განსხვავებით, წელს პარტიები უფრო მარტივად და უმტკივნეულოდ შეთანხმდნენ წესებზე.

დემოკრატებმა, 2019 წელს, პრეზიდენტს „ძალაუფლების გადაჭარბებაში“ დასდეს ბრალი. დაიწყო გამოძიება და დაიკითხნენ მოწმეები, ვისაც შეეძლო ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, სატელეფონო საუბრის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიეწოდებინა წარმომადგენელთა პალატისთვის. პალატამ ტრამპი დამნაშავედ ცნო და მას იმპიჩმენტი გამოუცხადა, თუმცა სენატმა პრეზიდენტი გაამართლა.

რატომ ტარდება სენატში სასამართლოს ტიპის მოსმენა, თუ პრეზიდენტი პალატამ დამნაშავედ უკვე სცნო?

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წარმომადგენელთა პალატამ უკვე ორჯერ გამოუცხადა იპმიჩმენტი, ეს არ არის საკმარისი პროცესის დასასრულებლად. ამერიკის კონგრესი ქვედა და ზედა პალატებისგან შედგება. წარმომადგენელთა პალატა, იგივე ქვედა პალატაა, რომელსაც აქვს უფლება დაიწყოს გამოძიება და გამოუცხადოს იმპიჩენტი პრეზიდენტს, თუმცა ეს გადაწყვეტილება სისრულეში კონგრესის ზედა პალატამ, ანუ სენატმა უნდა მოიყვანოს. ამისთვის სენატში სასამართლოს ტიპის მოსმენა იმართება, სადაც ნაფიც მსაჯულთა როლი სენატორებს აქვთ მორგებული, წარმომადგენელთა პალატის წევრები, ე.წ მენეჯერები, პროკურორების როლში არიან, ხოლო პროცესს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უძღვება.

სენატს არ შეუძლია შეცვალოს წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილება იმპიჩმენტის გამოცხადებასთან დაკავშირებით, თუმცა, მხოლოდ სენატს აქვს პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის პრივილეგია.

წარმომადგენელთა პალატაში ჩატარებული გამოძიების, ფაქტებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, სენატი საკუთარ მოსმენებს ატარებს და ყველა მხარის არგუმენტისა და მტკიცებულების მოსმენის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას.

იმისთვის, რომ იმპიჩმენტ-გამოცხადებულ პრეზიდენტს უფლებამოსილება შეუწყდეს, საჭიროა სენატის 2/3-ის თანხმობა. 2020 წლის არჩევნების შემდეგ, სენატში 50 რესპუბლიკელი და 50 დემოკრატია. რაც იმას ნიშნავს, რომ დემოკრატებს, მინიმუმ 17 რესპუბლიკელის მხარდაჭრა სჭირდებათ ტრამპის გასამტყუნებლად. დასავლური მედია და პოლიტიკის ექსპრტები თვლიან, რომ ეს, თითქმის, წარმოუდგენელია.

იმ შემთხვევაში თუ პროგნოზების მიუხედავად, სენატი ტრამპს მაინც გაამტყუნებს, მაშინ სენატს შეუძლია, ასევე კენჭი უყაროს რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც, ამერიკის 45-ე პრეზიდენტი მომავალში ნებისმიერი საჯარო სამსახურის დაკავებისგან დაიბლოკება. შესაბამისად, ვერც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG