ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, კვირას განაცხადა, რომ ადვოკატების ახალი გუნდი აიყვანა საიმპიჩმენტო მოსმენებზე მის დასაცავად.
პრეზიდენტის ახალი წარმომადგენლები დევიდ შოენი და ბრიუს კასტორი იქნებიან. შოენი სატელევიზიო ეთერით ხშირად აკეთებს კომენტარს ქვეყანაში მიმდინარე იურიდიულ პროცესებზე. კასტორი კი პენსილვანიის ყოფილი პროკურორია. ორივე იურისტი მომავალ კვირას, სენატში გამართულ სასამართლოს ტიპის მოსმენაზე პრეზიდენტის მხარეს წარმოადგენს.
ტრამპის გუნდის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ორივე ადვოკატი წერს, რომ მათთვის პატივია ამ საქმის წარმოება.
„ჩვენი კონსტიტუციის ძალა ახლა იმაზე მეტად გამოიცდება, ვიდრე აქამდე მომხდარა ისტორიაში. ის [კონსტიტუცია] ძლიერი და გამძლეა. ეს არის დოკუმენტი, რომელიც საუკუნეებისთვის გასაძლებად არის დაწერილი და ის კიდევ ერთხელ და ყოველთვის გაიმარჯვებს პარტიულ დაყოფაზე“, თქვა კასტორმა.
ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრამპის ადვოკატები სენატში ბაჩ ბოუერსი და დებორა ბარბიერი უნდა ყოფილიყვნენ. თუმცა, ტრამპი და მისი მომავალი ადვოკატები დაცვის სტრატეგიაზე ვერ შეთანხდნენ. უთანხმოების საგანი სხვა თემებთან ერთად, ხმების გაყალბების საკითხიც იყო.
ტრამპს ბრალი „ამბოხის წახალისებაში“ ედება. ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი ერთადერთია ქვეყნის ისტორიაში, ვისაც წარმომადეგენელთა პალატამ იმპიჩენტი მეორედ გამოუცხადა. იმისთვის, რომ იმპიჩენტის პროცესი საბოლოოდ დასრულდეს, საჭიროა, რომ თავისი განაჩენი კონგრესის ზედა პალატამ, სენატმა გამოაცხადოს. განაჩენამდე კი სენატში სასამართლოს ტიპის მოსმენა ჩატარდება.
ამ მოსმენაზე კონგრესის ქვედა პალატის, იგივე წარმომადგენელთა პალატის წევრები, ე.წ იმპიჩმენტის მენეჯერები პროკურორების როლში იქნებიან. სწორედ ისინი წარადგენენ ბრალს და მტკიცებულებებს პრეზიდენტის ბრალეულობის დასადასტურებლად. ნაფიცი მსაჯულების როლი კი სენატორებს ექნებათ. პროცესს ამერიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გაუძღვება.
იმისთვის, რომ პრეზიდენტს საბოლოოდ უფლებამოსილება შეუწყდეს სენატის 2/3-ის თანხმობაა საჭირო. წელს, ამისთვის, დემოკრატებს 17 რესპუბლიკელის თანხმობა დასჭირდებათ.
მართალია, დონალდ ტრამპი მოქმედი პრეზიდენტი აღარ არის და ხშირად ისმის შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რა აზრი აქვს მისი იმპიჩმენტის პროცესის გაგრძელებას. თუმცა ამ სასამართლო პროცესს ტრამპის პოლიტიკური მომავლის განსაზღვრა შეუძლია.
ამერიკის კონსტიტუციის მიხედვით, თუ პრეზიდენტის ბრალს სენატიც დაამტკიცებს, მაშინ იმავე სხდომაზე, მათ შეუძლიათ უყარონ კენჭი რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტს სამომავლოდ აეკრძალება ნებისმიერ საჯარო სამსახურში მუშაობა. ეს გულისხმობს იმასაც, რომ დამნაშავედ ცნობილი ყოფილი პრეზიდენტი სამომავლოდ ვეღარც საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
ტრამპმა აქამდე რამდენჯერმე მიანიშნა, რომ მას სურს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება. იმ შემთხვევაში, თუ წარმომადგენელთა პალატის შემდეგ, მას სენატიც გაამტყუნებს, ამერიკის 45-ე პრეზიდენტი მომავაალში პრეზიდენტად კენჭს ვეღარ იყრის, ვინაიდან კონგრესის გადაწყვეტილება საბოლოოა და ის არ საჩივრდება.
Facebook Forum