ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის საქმიანობას გამოიძიებენ


საარჩევნო უბანი ვირჯინიის შტატში
საარჩევნო უბანი ვირჯინიის შტატში

დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანო აცხადებს, რომ იწყებს გამოძიებას შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით. გამოძიება შეეცდება დაადგინოს, იყო თუ არა დეპარტამენტის რომელიმე თანამშრომლის მხრიდან მცდელობა, გაეუქმებინა ჯო ბაიდენის გამარჯვება 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

განცხადება გენერალურმა ინსპექტორმა მაიკლ ჰოროვიცმა ორშაბათს გააკეთა. მისი თქმით, მოხდება იუსტიციის დეპარტამენტის ამჟამინდელი და ყოფილი თანამშრომლების საქმიანობის გამოძიება.

დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა ოფისი ბაიდენის ინაუგურაციამდე დატოვა. თანამდებობიდან ის დაახლოებით ერთი თვის წინ გადადგა. უილიამ ბარი აცხადებს, რომ იუსტიციის დეპარტამენტს "არ დაუდგენია ისეთი მასშტაბის დარღვევა, რასაც არჩევნების შედეგის შეცვლა შეუძლია".

ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრი სახლიდან ისე წავიდა, რომ საკუთარი დამარცხება არ აღიარა და გამუდმებით იმეორებდა, რომ არჩევნების მასობრივი გაყალბება მოხდა. ეს იმის მიუხედავად ხდებოდა, რომ ტრამპის კამპანიის დაახლოებით 60 საჩივარი მოსამართლეებმა, მტკიცებულების არქონის გამო, განსახილველადაც კი არ მიიღეს. აქედან ბევრი თავად ტრამპის შერჩეული იყო.

ჰოროვიცის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, "ნიუ-იორკ ტაიმსმა" გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ გენერალური პროკურორის თანაშემწე ჯეფრი კლარკი დეკემბერში პრეზიდენტ ტრამპთან განიხილავდა ჯეფრი როზენის მოხსნას, ადამიანის, რომელიც უილიამ ბარის გადადგომის შემდეგ, გენერალური პროკურორის მოვალეობას ასრულებდა. ამის შემდეგ უნდა გამოცხადებულიყო, რომ არჩევნები მასობრივად გაყალბდა.

ეს ყოველივე "ნიუ-იორკ ტაიმსის" ინფორმაციით, 6 იანვრამდე ხდებოდა, როცა კონგრესმა არჩევნების შედეგები საბოლოოდ დაადასტურა და ფორმალურად გააფორმა. ჯეფრი კლარკი აღნიშნულ ცნობებს უარყოფს, ჯეფრი როზენი კი კომენტარისგან თავს იკავებს. ისინი დღეს თანამდებობაზე აღარ არიან.

6 იანვარს ვაშინგტონში განვითარებული მოვლენების გამო, წარმომადგენელთა პალატამ ტრამპს იმპიჩმენტი მეორედ გამოუცხადა. ამერიკის 45-ე პრეზიდენტს ამბოხების წახალისება ედება ბრალად. ტრამპმა 6 იანვარს, თეთრ სახლთან შეკრებილ, არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ათასობით მხარდამჭერს, კაპიტოლიუმისკენ დაძვრისკენ მოუწოდა. ამ დროს იქ კონგრესის გაერთიანებული სხდომა სწორედ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდა.

აქციის მონაწილეები შენობაში შეიჭრნენ, სხდომა ჩაშალეს და იქ მყოფ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს და საკანონმდებლო ორგანოს წევრებს საფრთხე შეუქმნეს. 5 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი პოლიციელი. არიან დაშავებულები, ასობით ადამიანს ბრალი აქვს წაყენებული. ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის მხარდამჭერებს კანონმორჩილებისკენ მხოლოდ შტურმის შემდეგ მოუწოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG