ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინაუგურაცია, რომელიც სხვას არ ჰგავს


“ვფიცავ, რომ პირნათლად შევასრულებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობას და გავაკეთებ ყველაფერს, რაც შემეძლება, რომ შევინარჩუნო, გავუფრთხილდე და დავიცვა ამერიკის კონსტიტუცია” - ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ, არჩევნებში გამარჯვებული, არჩეული კანდიდატი ამერიკის პრეზიდენტი ოფიციალურად ხდება.

ინაუგურაცია კონსტიტუციით განსაზღვრული ბოლო ნაბიჯია იმისთვის, რომ არჩეულმა პრეზიდენტმა ქვეყნის მართვის სადავეები გადაიბაროს. სწორედ ამიტომ ინაუგურაცია კონსტიტუციური წესრიგის, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის, დემოკრატიის ერთგვარი სიმბოლოცაა და ერის წინაშე ფიცის დადება არის უმნიშვნელოვანესი ცერემონიული ნაწილი, რომლის გარეშეც ახალი პრეზიდენტი საქმიანობას ვერ შეუდგება.

თუკი 2 თვის წინ გლობალური პანდემიის გამო პროტოკოლის ცვლილებაზე, დამსწრეთა დისტანცირებაზე, სტუმართა რაოდენობის შემცირებაზე და ნიღბების აუცილებლობაზე იყო საუბარი, 6 იანვარს კაპიტოლიუმზე დონალდ ტრამპის მხარდამჭერების თავმდამსხმის შემდეგ, ინაუგურაციასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები უპრეცედენტოდ გამკაცრდა. წლევანდელი ინაუგურაცია უკვე ფასდება, როგორც დღე, რომელიც ინაუგურაციის ყველა სხვა - 58 ღონისძიებისგან განსხვავებული იქნება.

ტრადიციულად, პრეზიდენტი, რომელიც ოვალურ კაბინეტს ტოვებს, მომავალ პრეზიდენტს, ინაუგურაციის დღეს თეთრ სახლში მასპინძლობს და სწორედ ამის შემდეგ მიემგზავრებიან ისინი კაპიტოლიუმისკენ, ფიცის დადების ცერემონიაზე. მაგრამ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ აპირებს ინაუგურაციას დაესწროს. ის თეთრ სახლს ცერემონიამდე დატოვებს და საპრეზიდენტო თვითმფრინავით, ფლორიდაში გაემგზავრება. ის ამერიკის ისტორიაში, ბოლო 150 წლის განმავლობაში, პირველი პრეზიდენტი გახდება, რომელიც მომდევნო პრეზიდენტის ინაუგურაციას არ დაესწრება.

თუმცა საინაუგურაციო ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და მისი მეუღლე. ცერემონიას მეუღლეებთან ერთად დაესწრებიან ამერიკის ყოფილი პრეზიდენტები - ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუშ უმცროსი და ბილ კლინტონი. ერთადერთი ცოცხალი ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ღონისძიებას არ დაესწრება, ჯიმი კარტერია, რომელიც პანდემიის დაწყების შემდეგ, დროის უმეტეს ნაწილს სახლში, ჯორჯიის შტატში ატარებს. თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციას მან წარმატებები საჯაროდ უკვე უსურვა.

20 იანვარი

ჯო ბაიდენი ფიცს ტრადიციულად, ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის კიბეზე დადებს. პირველი პრეზიდენტი, ვინც ფიცი ვაშინგტონში დადო, 1801 წელს თომას ჯეფერსონი იყო. თუმცა პირველი ინაუგურაცია 1789 წელს, ნიუ-იორკში გაიმართა და მაშინ ფიცი ჯორჯ ვაშინგტონმა, საპრეზიდენტო ვადის ოფიციალურად დაწყებიდან 2 თვის შემდეგ დადო.

ეროვნული მოლი, რომელიც კაპიტოლიუმის წინაა და სადაც ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ამერიკელები არაერთი შტატიდან ინაუგურაციაზე დასასწრებად ჩადიან, უკვე შემოსაზღვრულია და მსურველებს ცერემონიისთვის თვალის დევნება მხოლოდ ტელეეკრანებით ან სოციალური მედიის საშუალებით შეეძლებათ. ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე, ეროვნულ მოლზე 200 000-მდე დროშა გამოფინეს. დროშები იმ ადამიანთა სიმბოლოა, რომლებიც ინაუგურაციას ვერ დაესწრებიან.

ინაუგურაციაზე დამსწრეთა რაოდენობა ხშირად დიდი განხილვის საგანია ხოლმე. არსებული ცნობებით, ყველაზე მეტი - 1,8 მილიონი ადამიანი პრეზიდენტ ბარაკ ობამას ინაუგურაციას დაესწრო. მართალია, წელს შედარებების საშუალება არ იქნება, მაგრამ ჯო ბაიდენი არის არჩეული პრეზიდენტი და 20 იანვრიდან პრეზიდენტი, რომელსაც ისტორიაში ყველაზე მეტმა ამერიკელმა დაუჭირა მხარი - მას 81 მილიონზე მეტმა მოქალაქემ მისცა ხმა. ამ დრომდე რეკორდულად 2008 წელს ბარაკ ობამას არჩევნები ითვლებოდა, რომელსაც ხმა 65 მილიონ ნახევრამდე ამერიკელმა მისცა. თუმცა ობამას რეკორდი 2020 წლის არჩევნებზე ორივე კანდიდატმა მოხსნა. დონალდ ტრამპმა 74 მილიონზე მეტი ხმა მიიღო. 2020 წლის არჩევნებში ამომრჩეველთა მონაწილეობაც - 66 %-ზე მეტი - ასევე რეკორდული იყო.

19 იანვარს ჯო ბაიდენი ქვეყნის დედაქალაქში ჩამოსვლამდე, თავის მშობლიურ შტატს, დელავერს დაემშვიდობა. ის სიტყვით თავისი შვილის, ბო ბაიდენის სახელობის ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა ცენტრში მივიდა და თქვა, რომ ერთადერთი, რაზეც წუხს ისაა, რომ ინაუგურაციისას მისი ვაჟი მის გვერდით ვერ იქნება. „ამ ქვეყანაში ყველაფერი შესაძლებელია“, - თქვა ემოციური სიტყვის დასასრულს ბაიდენმა. არჩეული პრეზიდენტის სურვილი იყო, რომ ის ვაშინგტონში, ინაუგურაციაზე სწორედ დელავერის შტატიდან მატარებლით ჩასულიყო - გაევლო გზა, რომელსაც სენატორობის დროს, წლების განმავლობაში გადიოდა, რათა დელავერში მყოფ ოჯახის წევრებთან ერთად მეტი დრო გაეტარებინა. თუმცა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გამო, ის ინაუგურაციის წინა ღამეს ვაშინგტონში თეთრ სახლთან მდებარე, „ბლერის სახლში“ დარჩება. ეს ტრადიციულად, პრეზიდენტების ოფიციალური სტუმრების სამყოფელია და მას ხშირად ყველაზე ექსკლუზიურ სასტუმროდაც მოიხსენიებენ.

თუმცა 19 იანვრის საღამოს, ბაიდენი და მისი მომავალი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ლინკოლნის მემორიალთან ორგანიზებულ ღონისძიებაზე მივიდნენ, სადაც კოვიდ-19-ის ვირუსით დარუპული 400 000 ამერიკელის ხსოვნის პატივსაცემად, 400 სანთელია ანთებული.

რაც შეეხება, ინაუგურაციის დამსწრე სტუმრებს, ტრადიციულად, კანონმდებლებს ინაუგურაციაზე კონკრეტული რაოდენობის სტუმრების დაპატიჟება შეუძლიათ ხოლმე, თუმცა წელს, მხოლოდ ერთ უახლოეს ადამიანთან ერთად შეეძლებათ ცერემონიაზე გამოცხადება.

ვაშინგტონის დროით დაახლოებით 11 საათსა და 30 წუთზე საჯარო საზეიმო ღონისძიება დაიწყება. ამერიკის ეროვნულ ჰიმნს ლედი გაგა შეასრულებს.

ფიცს თავდაპირველად არჩეული ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დადებს. ჰარისს ფიცს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, სონია სოტომაიერი დაადებინებს, რომელიც პირველი ლათინური წარმოშობის მოსამართლეა უზენაეს სასამართლოში. ჰარისი ფიცის დადებისას ორ ბიბლიას გამოიყენებს - ერთი უზენაესი სასამართლოს გარდაცვლილ მოსამართლეს თორგუდ მარშალს ეკუთვნოდა, მეორე კი რეგინა შელტონს, რომელსაც ჰარისი მეორე დედად მიიჩნევს. ჰარისი ამერიკის ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი გახდება, რომელიც ასევე ფერადკანიანი და აზიური წარმოშობისაა.

ფიცის დადების შემდეგ ჰარისი თავად, როგორც ამერიკის ვიცე პრეზიდენტი სამ ახალ სენატორს დაადებინებს ფიცს. ამის შემდეგ კი მუსიკალურ ნომერს ჯენიფერ ლოპესი შეასრულებს.

დაახლოებით შუადღის 12:00 საათზე ფიცს ამერიკის 46-ე არჩეული პრეზიდენტი დადებს. მას ფიცს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე - მოსამართლე ჯონ რობერთსი დაადებინებს. ბაიდენი მარცხენა ხელს უკვე მესამედ ბაიდენების ოჯახის საგვარეულო ბიბლიას დაადებს, რომელსაც მისი მეუღლე, ჯილ ბაიდენი დაიჭერს. სწორედ ამის შემდეგ ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდება და საინაუგურაციო სიტყვას წარმოთქვამს.

ფიცის შემდეგ მოვისმენთ რამდენიმე მუსიკალურ ნომერს და პოეზიას. ამის შემდეგ ბაიდენი და ჰარისი უკვე ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან და მის მეუღლე კარენ პენსთან ერთად კაპიტოლიუმის აღმოსავლეთ ნაწილში გადაინაცვლებენ. ჯო ბაიდენი კაპიტოლიუმის საპრეზიდენტო დარბაზში „საპრეზიდენტო დოკუმენტებს“ მოაწერს ხელს.

ამის შემდეგ კი, დაახლოებით, დღის 13:00 საათზე, ბაიდენი და ჰარისი კიდევ ერთ ტრადიციულ ცერემონიაში მიიღებენ მონაწილეობას. სამხედრო ტრადიციის თანახმად, ისინი კაპიტოლიუმის აღმოსავლეთ ფრთასთან ამერიკის შეიარაღებული ძალების მზაობას შეამოწმებენ. პანდემიის მიზეზით გაუქმებულია ე.წ. საინაუგურაციო ლანჩი კაპიტოლიუმში, რომელიც სწორედ შეიარაღებული ძალების შემოწმების ცერემონიამდე უნდა გამართულიყო.

ბაიდენი თეთრ სახლში მისვლამდე, ასევე მივა არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზეც და უცნობი ჯარისკაცის საფლავის გვირგვინით შემკობით პატივს მიაგებს გარდაცვლილ სამხედროებს. ეს იქნება მისი, როგორც მთავარსარდლის, ერთ-ერთი პირველი ოფიციალური ნაბიჯი. მასთან ერთად იქნებიან მეუღლე, კამალა ჰარისი და მისი მეუღლე და ყოფილი პრეზიდენტები ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში უმცროსი და ბილ კლინტონი.

პრეზიდენტი ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი დონალდ ტრამპის საინაუგურაციო წვეულებაზე, 2017 წელი
პრეზიდენტი ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი დონალდ ტრამპის საინაუგურაციო წვეულებაზე, 2017 წელი

მოგვიანებით პრეზიდენტი ბაიდენი ტრადიციის შესაბამისად, საპრეზიდენტო ესკორტით გაემართება თეთრი სახლისკენ. მასთან ერთად იქნებიან ამერიკის შეიარაღებული ძალების ყველა შტოს წარმომადგენლები. ეს ცერემონიაც სოციალური დისტანცირების დაცვით ჩატარდება. ბაიდენსა და ჰარისს მათი მშობლიური უნივერსიტეტების - დელავერისა და ჰოვარდის უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც გააცილებენ.

სხვა წლებისგან განსხვავებით, წელს არ შედგება ტრადიციული აღლუმი, მსვლელობა კაპიტოლიუმიდან თეთრი სახლისკენ, ამის ნაცვლად, როგორც საინაუგურაციო კომიტეტი განმარტავს, იქნება ერთგვარი „ვირტულაური მსვლელობა მთელ ამერიკაში“, რაც ნიშნავს სატელევიზიო პროგრამას ამერიკის სხვადასხვა წერტილიდან ეთნიკური, პროფესიული თუ სხვა ნიშნით განსხვავებული და მრავალფეროვანი ჯგუფების წარმომადგენლების ჩართულობით.

საინაუგურაციო წვეულებები, რომლებსაც ახალარჩეული პრეზიდენტი ინაუგურაციის საღამოს ესწრება ხოლმე, ონლაინ რეჟიმში გაიმართება. მათი უმეტესობის უმთავრესი თემა „ერთიანი და მრავალფეროვანი ამერიკაა“.

საღამოს კი, დაახლოებით, 8 საათსა და 30 წუთზე, პრეზიდენტი ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი ჰარისი ონლაინ-პერფორმანსში მიიღებენ მონაწილეობას და სიტყვით გამოვლენ იმ 90-წუთიანი შოუს დასაწყისში, რომელსაც მსახიობი ტომ ჰენკსი გაუძღვება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG