ამერიკის დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოზე თავდასხმასა და შემდგომ პროცესებს, არაერთი გამოხმაურება მოჰყვა შტატების საზღვრებს გარეთაც, მათ შორის, ავტორიტარული სახელმწიფოების მხრიდან. ისინი ამერიკულ დემოკრატიას „მყიფესაც“ კი უწოდებენ. ანალიტიკოსების აზრით, მეტოქეები ეცდებიან ეს მოვლენები საკუთარ ქვეყნებში მიმდინარე არადემოკრატიულ პროცესებზე საუბრისას, თავდაცვით არგუმენტად გამოიყენონ, თუმცა ვაშინგტონში მიმდინარე მოვლენებს, მათივე განმარტებით, მათთან საერთო არაფერი აქვს.
„დემოკრატიის ზეიმის დასასრული“, “დასავლური დემოკრატია მყიფეა“, „არქაული საარჩევნო სისტემა“ - ირონიითა და შეუფარავი სიხარულით გამოეხმაურნენ 6 იანვარს ვაშინგტონში მომხდარ არეულობას რუსეთში, ჩინეთში, ირანში თუ ზოგიერთ სხვა ქვეყანაში. ამერიკისადმი მტრულად განწყობილი სახელმწიფოებისთვის კაპიტოლიუმზე თავდასხმისა და ევაკუირებული კანონმდებლების კადრები საკუთარ ქვეყნებში მიმდინარე არადემოკრატიული პროცესების შესანიღბ არგუმენტებს შეემატა. თუმცა დასავლელი ანალიტიკოსები ამბობენ, რომ დემოკრატია ამერიკაში 6 იანვარს სულაც არ დამარცხებულა.
არანაირი რეალური პარალელები არ არსებობს. რადგან მიუხედავად მთელი ამ ხმაურისა, ამერიკაში, დღევანდელი რუსეთისგან განსხვავებით, არსებობს პოლიტიკური კონკურენცია, თავისუფალი არჩევნები, ინსტიტუტები; არსებობს წესები, რომლებიც მოქმედებს. და 20 იანვარს ვნახავთ ძალაუფლების გადაცემის მშვიდობიან, კონსტიტუციით განსაზღვრულ პროცესს. იმას, რაც ჩვენს ქვეყანაში 20 წელზე მეტია არ მომხდარა.ვლადიმირ კარა-მურზა
დემოკრატი კონგრესმენი გრეგორი მიკსი, რომელიც წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეა, "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ მომხდარით შემაშფოთებელია, მაგრამ ის, რომ დემოკრატიული პროცესი ამ თავდასხმის შემდეგვე, დაუყოვნებლივ გრძელდება, იმას ადასტურებს, რომ დემოკრატია გაიმარჯვებს.
"რაც მოხდა, შემაშფოთებელია. ეს შეერთებულ შტატებს და იმ ადამიანებს, რომლებიც კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, ცუდად წარმოაჩენს. თუმცა ის, რომ ჩვენ ვმუშაობთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ დემოკრატიამ გაიმარჯვოს და მათი სურვილი, ვინც 46-ე პრეზიდენტს ხმა მისცა, ასახული იყოს, საბოლოოდ აჩვენებს, რომ მიუხედავად იმ პირებისა, რომელთაც ჩვენი დემოკრატიისთვის ზიანის მიყენება სურთ, დემოკრატია შეერთებულ შტატებში მაინც გაიმარჯვებს. ეს მოხდება, მათი მცდელობის მიუხედავად, თუნდაც ეს მთავარსარდალი იყოს. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ამ ქმედებებმა დემოკრატიულ პროცესს ხელი შეუშალოს", - ამბობს მიკსი.
კონგრესმენი განმარტავს, რომ ჯო ბაიდენის ინაუგურაცია იმის დასტური იქნება, რომ დემოკრატია იმარჯვებს მაშინაც კი, როცა ის თავდასხმის ქვეშაა.
"დემოკრატია მარტივი არაა. ზოგჯერ შეიძლება არაფერი გააკეთო და დემოკრატიაზე თავდამსხმელებს მისცე გამარჯვების შანსი. ასე დემოკრატია დამარცხდება. მაგრამ ეს შეერთებულ შტატებში არ მოხდება", - ამბობს კონგრესმენი.
„საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ უფროსი მკვლევარი სტივენ ბლენკი მიიჩნევს, რომ ვაშინგტონში განვითარებული პროცესები დამაზიანებელია ამერიკის პრესტიჟისთვის, რომელიც მსოფლიოში დემოკრატიული პროცესების მთავარი მხარდამჭერია. თუმცა ბლენკი ასევე ფიქრობს, რომ ქვეყნის დემოკრატიულობას არა კონკრეტული არადემოკრატიული ქმედება, არამედ მასზე დემოკრატიული ინსტიტუტების რეაგირება განსაზღვრავს. ამ შემთხვევაში კი, მისი აზრით, ეს ხელისუფლების სხვა შტოებია, რომლებიც ამერიკაში ანგარიშვალდებულების პრინციპით, დამნაშავეებს გამოავლენენ.
"მომხდარი მოვლენები აკნინებს ამერიკის პოზიციებს საზღვარგარეთ, ამერიკის თავდაჯერებას და ჩემი აზრით, ამერიკის პოლიტიკურ სისტემასაც, როგორც ასეთს. ამიტომ საჭიროა კანონის უზენაესობის შესაბამისად, აღდგეს დემოკრატიული პროცედურები იმისთვის, რომ ადამიანები საკუთარ ქმედებებზე იყვნენ პასუხისმგებელნი. ესაა დემოკრატიის არსი. აღმასრულებელი ხელისუფალი არის საკანონმდებლო ხელისუფლების წინაშე ანგარიშვალდებული. თუკი არჩევნები აღმასრულებლის საწინააღმდეგოდ წარიმართება, მას არ აქვს უფლებამოსილება, რომ ამოაყირავოს ეს შედეგები ან ამბოხი წააქეზოს. ამის გამო ის ადამიანები, რომლებმაც ვაშინგტონში დანაშაული ჩაიდინეს, უნდა გასამართლდნენ და დაისაჯონ. ესაა ერთადერთი გზა იმისთვის, რომ მსოფლიოს ვაჩვენოთ, როდესაც ჩვენ დემოკრატიაზე ვსაუბრობთ, ეს საქმიანი საუბარია“, - მიიჩნევს სტივენ ბლენკი.
კრემლისგან დასავლურ დემოკრატიაზე ქილიკი არ გაჰკვირვებია რუს ოპოზიციონერსა და ისტორიკოსს, ვლადიმირ კარა-მურზას. თუმცა ამბობს, რომ რუსეთის ხელისუფლებისგან ეს განცხადებები მოსალოდნელთან ერთად, საშიშიცაა. მისი აზრით, ეს ვლადიმირ პუტინის მოკავშირეებსა თუ სპიკერებს „პროპაგანდისტულ კოზირს“ აძლევს, რათა რუსეთში არადემოკრატიული მოვლენების კრიტიკას ფრაზა - „ამერიკაშიც იგივე ხდება“ - დაუპირისპირონ.
აღმასრულებელი ხელისუფალი არის საკანონმდებლო ხელისუფლების წინაშე ანგარიშვალდებული. და თუკი არჩევნები აღმასრულებლის საწინააღმდეგოდ წარიმართება, მას არ აქვს უფლებამოსილება, რომ ამოაყირავოს ეს შედეგები ან ამბოხი წააქეზოს. ამის გამო ის ადამიანები, რომლებმაც ვაშინგტონში დანაშაული ჩაიდინეს, უნდა გასამართლდნენ და დაისაჯონ. ესაა ერთადერთი გზა იმისთვის, რომ მსოფლიოს ვაჩვენოთ, როდესაც ჩვენ დემოკრატიაზე ვსაუბრობთ, ეს საქმიანი საუბარია,სტივენ ბლენკი
"ბოლო კვირებში განვითარებულ მოვლენებთან ერთად, განსაკუთრებით ალბათ ამერიკაში [ზოგიერთი ძალის მხრიდან] იმის მტკიცება მაშფოთებს, რომ ნოემბრის არჩევნები თითქოს გაყალბდა. შემდეგ კი კაპიტოლიუმზე თავდასხმა მოხდა. ეს კრემლის პროპაგანდისტებს დაეხმარება, რომ იმის შესახებ, რაც რუსეთში ხდება, მთავრობის მიმართ საფუძვლიან კრიტიკას სწორედ ეს დაუპირისპირონ. ეს მოვლენები საშიშად ამიტომ მიმაჩნია. ამიერიდან, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ყოველ ჯერზე, როდესაც რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, სამოქალაქო აქტივისტი ან დამოუკიდებელი ჟურნალისტი, რომელიმე საერთაშორისო ფორუმზე, თუნდაც ევროპარლამენტის სხდომაზე, ისაუბრებს რუსეთში არჩევნების რეალურ ფალსიფიკაციაზე, მშვიდობიანი მოქალაქეებისა და დემონსტრანტების უფლებების რეალურ დარღვევებზე, მაშინ კრემლის რიგითი პროპაგანდისტი ან დასავლეთში ბატონი პუტინის ულტრამემარჯვენე თუ ულტრამემარცხენე მოკავშირეები იტყვიან: "ამერიკაში უარესი ხდება, ან სულ მცირე, იგივე მაინც", იქაც აყალბებენ არჩევნებს, იქაც არღვევენ მშვიდობიანი დემონსტრანტების უფლებებს და ა.შ, - განმარტავს ვლადიმირ კარა-მურზა, "ბორის ნემცოვის ფონდის" დამფუძნებელი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.
თუმცა მისი აზრით, ეს მხოლოდ დროებითი და მოჩვენებითი უპირატესობაა, რადგან ამგვარი არგუმენტები უსაფუძვლო და არაეფექტური იქნება. მისი აზრით, მოსახლეობისთვის განსხვავებებიც აშკარაა:
„არანაირი რეალური პარალელები არ არსებობს. რადგან მიუხედავად მთელი ამ ხმაურისა, ამერიკაში, დღევანდელი რუსეთისგან განსხვავებით, არსებობს პოლიტიკური კონკურენცია, თავისუფალი არჩევნები, ინსტიტუტები; არსებობს წესები, რომლებიც მოქმედებს. და 20 იანვარს მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც ხდება ან მოხდა, ვნახავთ ძალაუფლების გადაცემის მშვიდობიან, კონსტიტუციით განსაზღვრულ პროცესს. იმას, რაც ჩვენს ქვეყანაში 20 წელზე მეტია არ მომხდარა', - ამბობს კარა-მურზა.
კრემლისგან, ჩინეთისგან თუ ირანისგან ამერიკაში მიმდინარე პროცესების საკუთარი პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოყენება ახალი მოვლენა არ არის. ბოლო ასეთი ყველაზე დასამახსოვრებელი კამპანია გასულ ზაფხულს ამერიკაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების გაშუქება იყო. რუსული, ჩინური თუ სხვა რამდენიმე ქვეყნის მედიასაშუალებები, ისევე, როგორც პოლიტიკოსები, ცდილობდნენ წარმოეჩინათ ამერიკა, როგორც ქვეყანა, სადანაც ადამიანთა უფლებები გამუდმებით, სისტემურად ირღვევა, განსაკუთრებით - რასობრივ ნიადაგზე.
6 იანვარს ვაშინგტონში მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით კი ადგილობრივ და ფედერალურ დონეზე გამოძიება გრძელდება. კანონმდებლები პრეზიდენტის შესაძლო ბრალეულობასაც იკვლევენ. წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამს "ამბოხის წაქეზებისთვის" იმპიჩმენტი გამოუცხადა.
ამერიკისა და მსოფლიოს ყურადღების ცენტრში კი კვლავ კაპიტოლიუმი და მისი მიმდებარე ტერიტორია რჩება. დედაქალაქში სიმშვიდის 20 იანვარს კი - ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის უზრუნველსაყოფად სამთავრობო შენობები რკინის ჯებირებითაა შემოღობილი, უსაფრთხოებას კი ვაშინგტონში სამართალდამცავებთან ერთად 20 000-ზე მეტი ეროვნული გვარდიელი იცავს.
Facebook Forum