ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაუტოვებს თუ არა ტრამპი ბაიდენს შეტყობინებას - კიდევ ერთი საპრეზიდენტო ტრადიცია, რომელიც შესაძლოა ტრამპმა დაარღვიოს


ამერიკის საპრეზიდენტო ისტორია ძალაუფლების გადაცემასთან დაკავშირებით მრავალწლიან მნიშვნელოვან ტრადიციებს მოიცავს. თუმცა, ასევე არის სიმბოლური ტრადიციები, რომელთა დაცვას ყველა პრეზიდენტი ცდილობს.

ბოლო სამი ათწლეულია, აშშ-ის თითოეული პრეზიდენტი, მის მემკვიდრეს თეთრ სახლში, მოკლე წერილობით შეტყობინებას უტოვებს. როგორც წესი, თანამდებობიდან წარმავალი პრეზიდენტები, მომავალ პრეზიდენტებს კეთილ სურვილებს უსურვებენ. უცნობია, დაუტოვებს თუ არა ასეთ შეტყობინებას, პრეზიდენტი ტრამპი, ჯო ბაიდენს. უკვე ცნობილია, რომ ბოლო 150 წლის განმავლობაში, დონალდ ტრამპი იქნება პირველი პრეზიდენტი, ვინც მომდევნო პრეზიდენტის ინაუგურაციას არ დაესწრება.

როგორც წესი, პრეზიდენტები მათ მემკვიდრეებს შეტყობინებებს ოვალურ კაბინეტში უტოვებენ.

ტრადიცია 1989 წელს, რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა, რონალდ რეიგანმა დაიწყო.

ჯორჯ, ვაფასებ მოგონებებს, რომლებიც შენთან მაკავშირებს. ჩემს ლოცვებში მოგიხსენებ“ - წერდა პრეზიდენტი რეიგანი მისივე ვიცე-პრეზიდენტს და მომავალ პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშ უფროსს.

ოთხი წლის შემდეგ, უფროსმა ბუშმა კეთილი სურვილები უსურვა დემოკრატ მომავალ პრეზიდენტს, ბილ კლინტონს, რომელმაც ის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა.

ახლა თქვენი წარმატება, ჩვენი ქვეყნის წარმატებაა. მთელი არსებით თქვენ გვერდით ვარ“ - წერდა ბუში კლინტონს.

ორი საპრეზიდენტო ვადის შემდეგ, 2001 წელს, ბილ კლინტონმა წარმატებები უკვე ჯორჯ ბუშ უფროსის ვაჟს, ჯორჯ ბუშ უფროსს უსურვა.

თვქენ ხელმძღვანელობთ ამაყ, ღირსეულ, დიდებულ ხალხს. ამ დღიდან თქვენ თითოეული ჩვენთაგანის პრეზიდენტი ხართ. გიძღვნით სალამს, წარმატეებებს და ბედნიერებას გისურვებთ“ - ეწერა ჯორჯ ბუშ უმცოროსისთვის ბილ კლინტონის მიერ დატოვებულ შეტყობინებაში.

რვა წლიანი პრეზიდენტობის შემდეგ, რესპუბლიკელმა ჯორჯ ბუშმა, 2009 წელს კეთილი სურვილებით დემოკრატ ბარაკ ობამას მიმართა.

იქნება რთული მომენტები. იქნებიან ბრაზიანი კრიტიკოსები. შენი „მეგობრები“ იმედს გაგიცრუებენ. მაგრამ, შენ გეყოლება ყოვლისშემძლე ღმერთი, რომელიც შეგიწყნარებს. გეყოლება ოჯახი, რომელსაც უყვარხარ და ქვეყანა, რომელიც შენ გამოგყვება, მათ შორის მეც“ - წერდა ბუში ობამას.

პრეზიდენტი ბარაკ ობამა, წინამორბედის მსგავსად თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტს ორი ვადის განმავლობაში იკავებდა. მან, დონალდ ტრამპს ვრცელი შეტყობინება დაუტოვა, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში მხარს მის კონკურენტს, დემოკრატ ჰილარი კლინტონს უჭერდა.

გილოცავთ! მილიონობით ადამიანმა იმედი თქვენზე დაამყარა. თითოეულ ჩვენგანს, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა, უნდა გვეიმედებოდეს გაუმჯობესებული კეთილდღეობა და უსაფრთხოება თქვენი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში. ამ დიდებული თავგადასავლის წინ, მე და მიშელი საუკეთესოს გისურვებთ, თქვენ და მელანიას და იცოდეთ, მუდამ მზად ვართ დახმარებისთვის, ნებისმიერი შესაძლებელი ფორმით“ - მისწერა ბარაკ ობამამ, დონალდ ტრამპს.

ასევე, ტრადიციულად, წარმავალი პრეზიდენტი, მომავალ პრეზიდენტს, ინაუგურაციის დღეს თეთრ სახლში მასპინძლობს. სწორედ ამის შემდეგ მიემგზავრებიან ისინი კაპიტოლიუმთან, ფიცის დადების ცერემონიაზე. მაგრამ, ტრამპმა თქვა, რომ ის თეთრ სახლს ინაუგურაციამდე დატოვებს და პრეზიდენტის თვითმფრინავით - “ბორტი ნომერი ერთით” - ფლორიდაში გაემგზავრება. ის არის პირველი პრეზიდენტი, ბოლო 150 წლის განმავლობაში, რომელმაც მომდევნო პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრებაზე უარი თქვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG