ერთ-ერთი ფაქტორი, რომელმაც პრეზიდენტ ბაიდენს რუსეთზე შეხედულება ჩამოუყალიბა, 2008 წელს რუსეთის საქართველოში შეჭრა იყო, ამბობს "ნიუ-იორკ ტაიმსის" ცნობილი ჟურნალისტი და მწერალი პიტერ ბეიკერი. ის დასძენს, რომ ბაიდენს პუტინის მიმართ უფრო მკაცრი მიდგომა ექნება, თუმცა აღნიშნავს, რომ ახალი ადმინისტრაცია უკვე უგზავნის რუსეთს ერთგვარ შერეულ სიგნალებს.
ბეიკერი ასევე საუბრობს პრეზიდენტ ტრამპის მომავალზე და ამბობს, რომ თუ ტრამპმა მესამე პარტია დააარსა, ამან კი შესაძლოა, რესპუბლიკური პარტია დაანგრიოს. პიტერ ბეიკერს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.
პიტერ, დიდი მადლობა ჩვენთან საუბრისთვის დრო რომ გამონახეთ. ძალიან ვაფასებ ამას. ჩვენ ისტორიული მოვლენის მოწმე გავხდით. ასეთი შეფასება გაკეთდა როგორც ამერიკაში, ასევე საზღვარგარეთ. თქვენი სიტყვებით, რას გულისხმობდა ეს ინაუგურაცია? რატომ იყო ასეთი განსაკუთრებული? რას ფიქრობთ?
ვფიქრობ, ეს ინაუგურაცია განსხვავებული იყო ინაუგურაციების უმეტესობისგან ჩვენი ცხოვრების მანძილზე. ეს არ იყო მხოლოდ ერთი პრეზიდენტიდან ძალაუფლების მეორეზე გადაცემა, ან ერთი პარტიიდან მეორეზე. ეს ვაშინგტონში დიდი გარდატეხა იყო. ვიტყოდი, რომ ეს იყო ერთი რეალობიდან მეორეზე გადასვლა.
წარმოუდგენელია უფრო დიდი განსხვავება არსებობდეს ორ კაცს, ორ ადამიანს და ორ პრეზიდენტს შორის, ვიდრე დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის არსებობს.
პრეზიდენტი ტრამპი იყო პრეზიდენტი, რომელიც საკუთარ თავს „აუთსაიდერად“ აფასებდა, რომელსაც განსაკუთრებით არ სურდა ვაშინგტონთან მუშაობა და პოლიტიკურად მისი აფეთქება სურდა. ჯო ბაიდენის შემთხვევაში კი, ის მთელი ცხოვრება „ინსაიდერი“ იყო. თითქმის მთელი საკუთარი პროფესიული ცხოვრება აქ, დედაქალაქში გაატარა და ცდილობდა სისტემის ნაწილი ყოფილიყო. ასე რომ, წარმოუდგენელია უფრო დიდი განსხვავება არსებობდეს ორ კაცს, ორ ადამიანს და ორ პრეზიდენტს შორის, ვიდრე დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის არსებობს.
ეს კონტრასტი ასევე თვალშისაცემია, როდესაც ამერიკის საზოგადოებას ვუყურებთ. არჩევნებში 70 მილიონზე მეტმა ადამიანმა ხმა მისცა პრეზიდენტ ტრამპს. მეორეს მხრივ, 80 მილიონზე მეტმა ადამიანმა ხმა მისცა პრეზიდენტ ბაიდენს. რას ნიშნავს ეს? როგორ აფასებთ ამ პოლარიზაციას? ინაუგურაციის დროს და მანამდეც, პრეზიდენტმა ბაიდენმა არაერთხელ თქვა, რომ ის შეეცდება ერის გაერთიანებას და განკურებას. როგორ ფიქრობთ, ეს შესაძლებელია?
ჩვენ, როგორც ჩანს, პოლარიზაციის თვალსაზრისით უფრო სავალალო, უფრო საშიშ მომენტში ვართ. ცხადია, ყველა წაგებულ კანდიდატს ბევრი ხმა აქვს და მისი ამომრჩეველი უკმაყოფილო ან იმედგაცრუებულია, როდესაც მათი კანდიდატი აგებს. მაგრამ, არასოდეს გვყოლია მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც ცდილობდა დემოკრატიული არჩევნების შედეგები გაეუქმებინა და ეს ფართოდ გავრცელებული გაყალბების ცრუ საფუძვლებით გაეკეთებინა. აქ პრობლემა იმაშია, რომ მსგავსი ნაბიჯები სისტემას ძირს უთხრის და ამცირებს ამერიკელების რწმენას, რომ არჩევნები არის სამართლიანი და თავისუფალი, რომ დემოკრატიული საზოგადოება მუშაობს, რომ სისტემა წარმომადგენლობითი და სამართლიანია. ამას უკვე ხედავთ გამოკითხვებში.
არასოდეს გვყოლია მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც ცდილობდა დემოკრატიული არჩევნების შედეგები გაეუქმებინა და ეს ფართოდ გავრცელებული გაყალბების ცრუ საფუძვლებით გაეკეთებინა. აქ პრობლემა იმაშია, რომ მსგავსი ნაბიჯები სისტემას ძირს უთხრის და ამცირებს ამერიკელების რწმენას, რომ არჩევნები არის სამართლიანი და თავისუფალი, რომ დემოკრატიული საზოგადოება მუშაობს, რომ სისტემა წარმომადგენლობითი და სამართლიანია.
რესპუბლიკელების ნახევარი ამბობს, რომ არ სჯერათ, რომ ჯო ბაიდენმა ლეგიტიმურად გაიმარჯვა. ეს უზარმაზარი პრობლემაა, არა მხოლოდ ამ კონკრეტული პრეზიდენტის, არამედ ამერიკული დემოკრატიისთვისაც. თუ არ გვჯერა არჩევნების, მისი სამართლიანობის და პატიოსნების, მაშინ ძალიან საზიანო სიტუაციაში აღმოვჩნდებით.
6 იანვარს კაპიტოლიუმში განვითარებულმა მოვლენებმა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქცია. თქვენ ისაუბრეთ დემოკრატიასა და ამ ქვეყანაში დემოკრატიის შესაძლო მომავალზე. როგორ ფიქრობთ, საზოგადოებას შეუძლია ამ მდგომარეობიდან გამოსვლა? რამდენად მყარია ამერიკის ინსტიტუტები და ემუქრება, თუ არა რაიმე სახის საფრთხე ამერიკის დემოკრატიას?
ვფიქრობ, დავინახეთ ის, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები ამერიკაში უფრო მყიფეა, ვიდრე გვეგონა. იმის გამო, რომ ორას წელზე მეტია დემოკრატია გვაქვს და ამას ძირითადად, წარმატებით ვაღწევდით, გვქონდა მოლოდინი, რომ ეს ქვაში ამოტვიფრული მოცემულობა იყო. სინამდვილეში, ვფიქრობ, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დავინახეთ, რომ სტანდარტები, საზღვრები და ნორმები, რომლებიც გვეგონა, რომ უცვლელი იყო, შეიძლება საკმაოდ მარტივად გადადოთ გვერდზე, თუ ამის გაკეთება პრეზიდენტს სურს. საბოლოო ჯამში, დემოკრატიულმა სისტემამ იმუშავა. სასამართლოებმა მიიღეს გადაწყვეტილებები, კონგრესმა მოახდინა საარჩევნო კოლეგიის ხმების სერტიფიცირება. საბოლოო ჯამში, სისტემამ იმუშავა. თუმცა, ბუნტმა, რომელიც 6 იანვარს მოხდა, დაგვანახა, რომ ამერიკა არ არის დაცული ისეთი მოვლენებისგან, რომლებსაც მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში ვხედავთ.
მსოფლიო ბაიდენის ადმინისტრაციას ახალი იმედით უყურებს. ხალხი ფიქრობს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ამერიკა დაუბრუნდება ერთგვარ ნორმალურ, საკუთარ როლს მსოფლიოში. როგორ ფიქრობთ, ეს მოხდება პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს?
დიახ, ვფიქრობ, რომ ბაიდენი ამას გააკეთებს. „ამერიკა დაბრუნდა“ -ეს ფრაზა მან წარსულში არაერთხელ გამოიყენა. ამით ის გულისხმობს, რომ ამერიკა დაუბრუნდება საერთაშორისო ლიდერობის უფრო ტრადიციულ როლს, ვიდრე ეს ბოლო პერიოდში ვნახეთ. ეს არ ნიშნავს, რომ ის დაეთანხმება ყველაფერს, რაც წინა პრეზიდენტებმა გააკეთეს, მაგრამ ის ფიქრობს, რომ ამერიკა უნდა იყოს საერთაშორისო ინსტიტუტების შემქმნელი და არა მათი გამანადგურებელი, უნდა იყოს ალიანსების ერთგული პარტნიორი და არა მათი დამანგრეველი, რომ ამერიკის როლი მსოფლიოში სიტუაციის გაუმჯობესებაა და არა დედამიწის სხვადასხვა ნაწილში არეულობის და მტრობის დათესვა. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ეს არ მოეწონებათ და რომლებიც იტყვიან, რომ ტრამპი მართალი იყო, როცა ამბობდა „ამერიკა პირველ რიგშიო.“ საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ ამერიკაში სკეპტიციზმი არსებობს. მაგრამ ბაიდენს, ვფიქრობ, კლუბების, ორგანიზაციების სჯერა, რადგან მათ განმტკიცებაში ბევრი წელი გაატარა.
პრეზიდენტმა ბაიდენმა უკვე მოაწერა ხელი ათეულობით ბრძანებას. შეერთებული შტატები დაუბრუნდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას და ასევე დაბრუნდება პარიზის კლიმატის შეთანხმებაში. ეს პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკის გაუქმება და იმის ნიშანია, რომ ბევრი რამ შეიცვლება. განგრძობითობას ხედავთ რაიმე მიმართულებით?
დიახ, ვფიქრობ ზოგიერთ საკითხზე, როგორიცაა ჯანმო, პარიზის კლიმატის შეთანხმება, თუნდაც სტარტის ახალი ხელშეკრულება რუსეთთან, ობამას პოლიტიკის გაგრძელება იქნება და არა ტრამპის. მაგრამ, ტრამპის საგარეო პოლიტიკის ზოგიერთ ასპექტს, ბაიდენი ვფიქრობ, რაღაც დონეზე გააგრძელებს. ცხადია, ისრაელსა და მის არაბ მეზობლებს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციის შეთანხმებას პრეზიდენტი ბაიდენი მხარს დაუჭერს, თუმცა ვფიქრობ, იმდენს არ დათმობს ამ შეთანხმებებისთვის, რამდენიც ტრამპმა დათმო. ანალოგიურად, ვფიქრობ, ის აპირებს უფრო სკეპტიკურად მიუდგეს ჩინეთს, ვიდრე ამას წინა დემოკრატი ადმინისტრაციები აკეთებდნენ. ეს უფრო მეტად იმის გაგრძელება იქნება, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა გააკეთა. მაგრამ, ისევ მგონია, რომ ტაქტიკა განსხვავებული იქნება. არ ვიცი, გაგრძელდება თუ არა სავაჭრო ომი და გვექნება, თუ არა ტარიფები ჩინეთთან. მაგრამ ის ნამდვილად არ დაუბრუნდება ჩინეთთან ისეთ ურთიერთობას, როგორიც ეს ტრამპამდე იყო.
რუსეთთან, რეალურად საინტერესო ვითარებაა. რუსეთი ჩვენი ყურადღების ცენტრში იყო, მაგრამ არ ვიცოდით რას ფიქრობდა პრეზიდენტი ტრამპი. არსებობდა გაუგებრობა იმის თაობაზე, თუ რატომ ჩანდა იგი ასე მეგობრული ვლადიმირ პუტინთან. ჯო ბაიდენი არ აპირებს მეგობრობას ვლადიმირ პუტინთან.
ჯო ბაიდენი არ აპირებს მეგობრობას ვლადიმირ პუტინთან. მაგრამ, პირველი, რაც მან გააკეთა როგორც პრეზიდენტმა, თქვა, რომ რუსეთთან სტარტის ახალ ხელშეკრულებას დადებს.პიტერ ბეიკერი
მაგრამ, პირველი, რაც მან გააკეთა როგორც პრეზიდენტმა, თქვა, რომ რუსეთთან სტარტის ახალ ხელშეკრულებას დადებს. ცხადია, მას დიდი არჩევანი არ ჰქონდა, რადგან ძველ შეთანხმებას ვადა თებერვალში გასდის. მაგრამ, ეს მეორეს მხრივ არ გზავნის სიგნალს იმაზე, რომ იქნება რეაგირება რუსეთის პროვოკაციებზე, მაგალითად ცოტა ხნის წინ განხორციელებულ ჰაკერულ თავდასხმაზე, ან ალექსეი ნავალნის დაკავებაზე. ჯერ არ გვინახავს ბაიდენის პოზიცია, რომელიც განსხვავებული იქნებოდა ტრამპისგან, საზღვარგარეთ რუსული აგრესიის წინააღმდეგ და შიდა რეპრესიების თვალსაზრისით.
პრეზიდენტმა ბაიდენმა ბევრჯერ თქვა რუსეთზე, რომ რუსეთი არა მხოლოდ კონკურენტი, არამედ მოწინააღმდეგეა. ასევე ვიცით მისი დამოკიდებულების შესახებ პრეზიდენტ პუტინის მიმართ. ბაიდენის ადმინისტრაციის პირველ პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვაზე, აპირებს თუ არა ის დაურეკოს პრეზიდენტ პუტინს, პასუხი უარყოფითი იყო. პრესსპიკერმა თქვა, რომ ჩვენ პირველ რიგში ურთიერთობებს მოკავშირეებთან მოვაგვარებთო. ოთხი წლის განმავლობაში რუსეთისთვის შერეული გზავნილების შემდეგ, როგორ გააგრძელებს პრეზიდენტი ბაიდენი რუსეთთან ურთიერთობას?
ეს კარგი კითხვაა, რადგან ვფიქრობ, რომ ჩვენ უკვე ვხედავთ შერეულ მესიჯებს. ის მკაცრად საუბრობს პუტინზე, მაგრამ ახალი სტარტის შეთანხმების განახლებამ, ვფიქრობ, კითხვები გააჩინა იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს ხელშესახები შედეგების თვალსაზრისით. ვფიქრობ, ბაიდენი იტყვის, რომ უნდა ვიყოთ მკაცრი რუსეთთან, მაგრამ ასევე გვექნება საერთო ინტერესების და თანამშრომლობის შესაძლებლობაც და იარაღის კონტროლის შესახებ შეთანხმება ერთ-ერთი ასეთი საკითხია. ვფიქრობ, ვაშინგტონში რესპუბლიკელები და დემოკრატები იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტ ბაიდენს უფრო მკაცრი ტონი ექნება რუსეთის მიმართ, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ პრეზიდენტ პუტინის ქმედებები არ არის მისაღები საერთაშორისო საზოგადოებისთვის. მაგალითად, მიუღებელია საკუთარი ოპონენტების მოწამვლა და შემდეგ მათი დაპატიმრება, მიუღებელია სხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევა, სხვა ქვეყნების მთავრობის სერვერებზე ჰაკერული თავდასხმა. ასეთი განცხადებები ჯერ არ გვინახავს, თუმცა ჯერ ახალი ადმინისტრაციის ძალიან საწყის ეტაპზე ვართ. ვფიქრობ, დავინახავთ პრეზიდენტ ბაიდენის მიდგომას, რომელიც განსხვავებული იქნება პრეზიდენტ ტრამპის პოზიციისგან, მაგრამ, ამ დროისთვის ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით ამას.
ყველა, ვინც ტრანსატლანტიკური ურთიერთობების წარმატებაზე ფიქრობს, აცნობიერებს, რომ რუსეთთან ურთიერთობაში მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა გერმანიის და სხვა ევროპელი მოკავშირეების გარეშე ძალიან რთული იქნება.
ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ფაქტორი, რომელმაც პრეზიდენტ ბაიდენს რუსეთზე შეხედულება ჩამოუყალიბა, საქართველო იყო. მაშინ, მან დაინახა რუსეთის სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს. ის საქართველოში ჩავიდა ვიცე-პრეზიდენტის ამპლუაში. მაშინ, მან მკაცრად ისაუბრა ამ აგრესიაზე და ვფიქრობ, ამან მის შეხედულებებზე დიდი გავლენა იქონია. იგივე მოხდა უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შემთხვევაშიც. ახალი სტარტის ხელშეკრულებამ ისეთი სიგნალი გააგზავნა, რომლის დანახვაც, ვფიქრობ, რუსეთის მიმართ მკაცრად განწყობილ ბევრ ადამიანს არ მოეწონა. თუმცა, პრეზიდენტი ბაიდენი, ვფიქრობ, პრეზიდენტ პუტინს უფრო ფხიზელი თვალით უდგება, ვიდრე პრეზიდენტი ტრამპი. პრეზიდენტი ტრამპი აღფრთოვანებული იყო პრეზიდენტ პუტინით, მისი სიძლიერით და მისი მიდგომებით. ვფიქრობ, პრეზიდენტი ბაიდენი ამას არ გაიმეორებს.
მართალი ხართ, პრეზიდენტი ბაიდენი საქართველოში ომის შემდეგ ორჯერ იყო - ერთხელ როგორც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და მეორედ, როგორც ვიცე პრეზიდენტი. მან ორგანიზება გაუკეთა საქართველოსთვის ომის შემდგომ მიცემულ ფინანსურ დახმარებას. ცხადია, საქართველოში საზოგადოების ნაწილი სიხარულით შეხვდა პრეზიდენტ ბაიდენის არჩევას და ასევე ტონი ბლინკენის პირველ დიპლომატად წარდგენას. თქვენი აზრით, რამდენად ეყოფა ახალ ადმინისტრაციას პოლიტიკური ყურადღება და ენერგია იმისთვის, რომ ისეთ პატარა ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, ყურადღება მიაქციოს და მათ იმედები არ გაუცრუოს?
ეს კარგი კითხვაა. გამომდინარე იქიდან, თუ რამდენი რამ აქვს ადმინისტრაციას ქვეყნის შიგნით და მთელს მსოფლიოში გასაკეთებელი, პატარა ქვეყნებისათვის კარგი კითხვაა ის, თუ რამდენად მიიღებენ ისინი ისეთი დონის ყურადღებას, როგორიც თვითონ სურთ. ვფიქრობ, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად დაამტკიცებს სენატი ადამიანებს ტონი ბლინკენის რგოლის ქვემოთ. მაგალითად, ვიქტორია ნულანდი სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე იქნება. ის აშკარად კარგად იცნობს რეგიონს, საქართველოს, უკრაინას, ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა სახელმწიფოებს, რომლებიც მოსკოვის მხრიდან ზეწოლას განიცდიან. ამის გამო საქართველოს და რეგიონის სხვა ქვეყნებს თანამგრძნობი მსმენელი ეყოლება ამ ადმინისტრაციაში. მაგრამ ჯერ არ ვიცით, როდის დაამტკიცებენ ამ ადამიანებს. ვიქტორია ნულანდის შემთხვევაში, ეს შესაძლოა მარტამდე არ მოხდეს.
შეერთებულ შტატებში ძალიან მნიშვნელოვანი შიდა პროცესები მიმდინარეობს. ნენსი პელოსი სენატს იმპიჩმენტის საბუთებს ორშაბათს გაუგზავნის და სენატში, სადაც დემოკრატებს აქვთ უმრავლესობა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის სასამართლო პროცესის დანიშვნას მოითხოვს. რას ნიშნავს ეს ამერიკის დემოკრატიისთვის, პრეზიდენტ ტრამპისთვის, რომელიც პრეზიდენტი უკვე აღარ არის. როგორ შეგიძლიათ ახსნათ ეს, რა ხდება?
პრეზიდენტთან დაკავშირებით ასეთი აქამდე არაფერი მომხდარა. ძალიან უჩვეულოა სენატში პრეზიდენტის იმპიჩმენტის ბრალდებით გასამართლება, მას შემდეგ, რაც ის თანამდებობაზე აღარ არის. მაგრამ, აქ არგუმენტი ისაა, რომ მას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს კაპიტოლიუმზე 6 იანვრის თავდასხმაში საკუთარი როლის გამო. ცხადია, მას თანამდებობიდან უკვე ვერ მოხსნიან, რადგან ის პრეზიდენტი აღარ არის. თუმცა, ბრალის დადასტურებას მეორადი ჯარიმა მოჰყვება, რომელიც იქნება მისი დისკვალიფიკაცია ოდესმე ფედერალური სამსახურისგან. ეს იმას ნიშნავს, რომ 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში ის მონაწილეობას ვერ შეძლებს. ეს ასევე ისტორიის საკითხიც იქნება. სენატის მიერ მისი დამნაშავედ აღიარება ისტორიის წინაშე გაკეთებული განცხადება იქნება, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა დემოკრატიის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა. ჯერ ისევ არ ვიცით, სცნობს თუ არა სენატი მას დამნაშავედ. ამისთვის სენატის ორი მესამედის ხმა არის საჭირო, ანუ თუ ყველა დემოკრატი სენატორი მას ხმას მისცემს, დამატებით 17-მა რესპუბლიკელმაც იმპიჩმენტს მხარი უნდა დაუჭიროს. ამასთან, არსებობს სამართლებრივი კითხვები იმაზე, თუ რამდენად კონსტიტუციური იქნება ახლა უკვე ყოფილი პრეზიდენტის იმპიჩმენტი.
რას ნიშნავს ეს ყველაფერი რესპუბლიკური პარტიისთვის? ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ამომრჩევლების თითქმის ნახევარმა, 74-მა მილიონმა ამერიკელმა რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს, დონალდ ტრამპს მისცა ხმა. ტრამპმა თქვა, რომ 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს. როგორ შეიძლება გათამაშდეს ეს სცენარი რესპუბლიკელებისთვის?
ჰო, ეს ძალიან დიდი კითხვაა, მით უმეტეს იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი საკუთარ მრჩევლებთან მესამე პარტიის შექმნაზე საუბრობს. ამერიკაში მესამე პარტიის შექმნით, რესპუბლიკური პარტია დაიშლება. ტრამპმა თქვა, რომ შესაძლოა პარტიას „პატრიოტთა პარტია“ დაარქვას. ეს უდიდესი ცვლილება იქნება. ამერიკაში მესამე პარტია ბოლოს 1950-იანი წლებში არსებობდა. ვერცერთმა ძალამ ამერიკაში წარმატებული ახალი პარტია ვერ შექმნა. არ ვიცით სინამდვილეში შეძლებს, თუ არა ამას ტრამპი, მაგრამ თუ ეს პარტია შეიქმნა, ეს რესპუბლიკელებისთვის უდიდესი დარტყმა იქნება.
სენატში რესპუბლიკელების ლიდერმა სენატორმა მიტჩ მაკკონელმა სცადა პარტიასა და პრეზიდენტ ტრამპს შორის დისტანცირება მოეხდინა. მან ფაქტობრივად თქვა, რომ ნახეთ, რა გააკეთა პრეზიდენტმა ტრამპმა. ჩვენ არ შეიძლება ვიყოთ პარტია, რომელშიც ასეთი ექსტრემისტული ძალები იქნება გაერთიანებულიო. მაგრამ, თქვენ მართალი ხართ. ტრამპს ხმა 74-მა მილიონმა ამომრჩეველმა მისცა. რესპუბლიკელებს ამ ხმების დაკარგვა არ უნდათ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ტრამპთან დაშორება სურდეთ.
რესპუბლიკურ პარტიას დიდი საფიქრალი გაუჩნდა იმაზე, თუ როგორი პარტია უნდა იყოს ის მომავალში. 6 იანვარს, სანამ ბრბო კაპიტოლიუმს დაესხმებოდა თავს, დემონსტაციაზე პრეზიდენტ ტრამპის უფროსი ვაჟი რესპუბლიკელი ლიდერების გასაგონად ყვიროდა, რომ ეს აღარ არის თქვენი პარტია, ეს დონალდ ტრამპის პარტიააო. სწორედ ეს თეორია უნდა გამოსცადოს ახლა რესპუბლიკურმა პარტიამ.
Facebook Forum