ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დონალდ ტრამპს წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი მეორედ გამოუცხადა


ამერიკის წარმომადგენელთა პალატაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხს მხარი დაუჭირეს. იმპიჩმენტის პირველი პროცესისგან განსხვავებით, ამჯერად პრეზიდენტ ტრამპისთვის წაყენებულ „ამბოხების წახალისების“ ბრალდებას, პალატაში ორპარტიული მხარდაჭერა ჰქონდა.

ამ დროისთვის მოქმედი პრეზიდენტის მეორე იმპიჩმენტს მხარი 10-მა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა დაუჭირა, რაც დემოკრატების ხმებთან ერთად საკმარისია იმისთვის, რომ დონალდ ტრამპი ამერიკის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდეს, რომელსაც პალატამ იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადა. პრეზიდენტის იმპიჩმენტს 232-მა კონგრესმენმა მისცა ხმა, წინააღმდეგი 197 კონგრესმენი იყო, 5-მა კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

სენატის უმრავლესობის ლიდერმა, მიჩ მაკკონელმა უარი განაცხადა დაჩქარებული წესით ჩაატაროს იმპიჩმენტისთვის აუცილებელი სასამართლოს ტიპის მოსმენა. მაკკონელმა, სენატის უმცირესობის ლიდერს, ჩაკ შუმერს უკვე აცნობა, რომ არ მოიწვევს საგანგებო სესიას, ტრამპისთვის უფლებამოსილების შეჩერების პროცედურების განსახილველად.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის გამოცხადების უფლება წარმომადგენელთა პალატას აქვს, თუმცა იმისთვის, რომ მას საბოლოოდ შეუწყდეს უფლებამოსილება, ამისთვის სენატის თანხმობაა საჭირო. სწორედ ამიტომ, დიდი მნიშვნელობა აქვს მაკკონელის გადაწყვეტილებას, რადგან ამ კვირაში, განრიგის მიხედვით, სენატი არ უნდა შეიკრიბოს.

შეერთებული შტატების კონგრესის შენობაში დონალდ ტრამპის მხარდამჭერები ზუსტად 1 კვირის წინ შეიჭრნენ და კონგრესის მიერ არჩევნების შედეგების სერტიფიცირების პროცესს ხელი შეუშალეს.

თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ორი პოლიციელი. კანონმდებლები პრეზიდენტს ძალადობრივი თავდასხმის წაქეზებაში ადანაშაულებენ და იმპიჩმენტის მიზეზად თავდასხმამდე დემონსტრანტების წინაშე გაკეთებულ განცხადებებს მიიჩნევენ.

ვაშინგტონში საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული და ინაუგურაციამდე 1 კვირით ადრე, უსაფრთხოების დაცვის მიზნით მობილიზებულია ეროვნული გვარდია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG