ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იმპიჩმენტის გრძელვადიანი შედეგები ამერიკის ისტორიაში


ამერიკის ერთადერთი პრეზიდენტი, რომელსაც წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადა - ასეთია დონალდ ტრამპის სტატუსი დღეს, რომელიც დროს ყველაზე მეტად გაუძლებს და შესაძლოა მის ყველაზე გრძელვადიან მემკვიდრეობადაც კი გადაიქცეს. ისტორიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ ბევრი სხვა ღირსების თუ ნაკლოვანების მიუხედავად, წარმომადგენელთა პალატის მიერ მეორედ გამოცხადებული იმპიჩმენტის ფაქტი, სხვა ყველაფერს გადაწონის.

მართალია, ტრამპმა ნორმების დამრღვევის, რასისტის და ონლაინ ბულერის რეპუტაცია დაიმკვიდრა, მაგრამ პრეზიდენტობის პერიოდში, მან ბევრი საარჩევნო დაპირებაც ეფექტურად შეასრულა, "შეიძლება ყველაზე მეტიც კი" - აღნიშნავს საპრეზიდენტო ისტორიკოსი ბარბარა პერი. ის ვირჯინიის უნივერსიტეტის მილერის ცენტრში საპრეზიდენტო სწავლებათა განყოფილების დირექტორია.

პროფესორ პერის თქმით, "მან [დონალდ ტრამპმა] შეძლებულებს გადასახადი შეუმცირა. შეზღუდა და შეამცირა ფედერალური რეგულაციები. მან დასვა კონსერვატორები - 200-მდე ფედერალური მოსამართლე - ფედერალური სასამართლოების დონეზე და 3 კონსერვატორი წევრი უზენაეს სასამართლოში. ჩინეთთან ძლიერი ხელის ტაქტიკა გამოიყენა. სამხრეთის საზღვარზე მან თავისი კედლის ნაწილი ააგო და შეეცადა და წარმატებას მიაღწია არალეგალური იმიგრაციის შეზღუდვის საქმეში".

პირველი პრეზიდენტი ორი იმპიჩმენტით
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:20 0:00

რთულია იმის წინასწარ სწორად განსაზღვრა, თუ მომავალში როგორი დამოკიდებულება ექნებათ ისტორიკოსებს ამერიკის 45-ე პრეზიდენტის მიმართ. შეხედულებები და შეფასებები დროთა განმავლობაში იცვლება. თუმცა, როგორც პერი და სხვა ისტორიკოსები თუ პოლიტოლოგები აღნიშნავენ, მეორე იმპიჩმენტის პროცესი, რომელიც სამშაბათს სენატში დაიწყება, დიდი ალბათობით, მის მიღწევებს გადაჩრდილავს.

წინასწარი პროგნოზებით, ერთ-ერთი პირველი რამ, რაც რესპუბლიკელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახელის გასწვრივ მომავალში გამოჩნდება, იქნება ორ დანაშაულზე მნიშვნელოვანი ფორმალური ბრალდება და სასამართლოს ტიპის განხილვა. ორივე ბრალდება პირდაპირ, ან ირიბად, საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება.

დემოკრატების მიერ კონტროლირებულმა წარმომადგენელთა პალატამ ტრამპს იმპიჩმენტი პირველად 2019 წლის დეკემბერში გამოუცხადა. მაშინ პრეზიდენტის მიმართ წაყენებული იყო ძალაუფლების გადამეტების და კონგრესის შეფერხების ბრალდებები. საქმე ეხებოდა იმ პერიოდში დემოკრატების წამყვანი საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯო ბაიდენის შვილის საქმიანობის გამოძიებას უკრაინაში. ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა და ბრალდების მიხედვით, ამერიკის დახმარების სანაცვლოდ, ჰანტერ ბაიდენის საქმის გამოძიებას ითხოვდა.

მაგრამ სენატმა, რომელიც მაშინ რესპუბლიკელების ხელში იყო, 2020 წლის თებერვალში მხარი დაუჭირა ტრამპის თანამდებობაზე დატოვებას. დღეს სენატს დემოკრატები აკონტროლებენ. ბრალდება ამჯერად 6 იანვარს კონგრესის შენობასთან მომხდარი ამბოხის წახალისებაა, რაც დამტკიცების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, გამოიწვევს დონალდ ტრამპისთვის საჯარო თანამდებობის დაკავების სამუდამოდ აკრძალვას.

წარმომადგენელთა პალატამ მეორე იმპიჩმენტი 2021 წლის 13 იანვარს დაამტკიცა. ბრალდების მიხედვით, პოსტის დატოვებამდე ორი კვირით ადრე, ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ვაშინგტონში ძალადობრივი ამბოხი წაახალისა. მაშინ, როცა მოქმედი ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის თავმჯდომარეობით, კონგრესის გაერთიანებული სხდომა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდა, ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრენენ.

სამართალდამცავებს ვიცე-პრეზიდენტის და კანონმდებლების ევაკუაცია მოუწიათ. 5 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ერთი პოლიციელია, იყვნენ დაშავებულებიც. მოგვიანებით, ჩაშლილი სხდომა განახლდა და ფორმალური პროცესით, კანონმდებლებმა გამთენიისას, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის არჩევნებზე გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცეს.

სენატში იმპიჩმენტის სასამართლოს ტიპის მოსმენების გამართვას 100-დან 55-მა სენატორმა დაუჭირა მხარი. 45 რესპუბლიკელი სენატორი წინააღმდეგი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ 50 დემოკრატს მხოლოდ 5 რესპუბლიკელი შეუერთდა. იმპიჩმენტის საკითხის კენჭისყრისას კი, დამტკიცებისთვის საჭიროა სენატის არა უბრალო უმრავლესობა, არამედ ხმათა 2/3.

შესაბამისად, დონალდ ტრამპის ბრალეულობაში უნდა დარწმუნდეს, სულ მცირე, 17 რესპუბლიკელი სენატორი, რომ ის სენატმა გაამტყუნოს. წინასწარი შეფასებებით, დემოკრატები სრული შემადგენლობით იმპიჩმენტის მომხრე იქნებიან. მოსმენები კონგრესში 9 თებერვალს დაიწყება და სავარაუდოდ, ერთი კვირა გაგრძელდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG