ევროპული ტურნე უცხოური ინვესტიციების ძიებაში

პრემიერი კვირიკაშვილი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დავოსში

შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ფონზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთელი გასული კვირა ევროპაში გაატარა. იგი პირადად ჩავიდა ჯერ მადრიდში, შემდეგ კი დავოსში, ტურიზმის საერთაშორისო გამოფენასა და მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად და პოტენციური ინვესტორების დასაინტერესებლად.

ესპანეთის დედაქალაქში გიორგი კვირიკაშვილი პირისპირ შეხვდა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენeralur მდივანს იორდანელ ტალებ რიფაის, ესპანეთის პრემიერ მარიანო რახოის და ესპანური სამშენებლო გიგანტის ACS Group-ის აღმსარულებელ დირექტორს ფლორენტინო პერესს, რომელიც იმავდროულად, მსოფლიო საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდის - მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტიც არის.

ესპანეთის მეფე-დედოფალი ტურიზმის საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში გახსნილ ქართულ კუთხეში

IFEMA-ს საგამოფენო კომპლექსში, ტურიზმის საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში გახსნილი ქართული კუთხე, პრემიერ კვირიკაშვილთან ერთად, ესპანეთის მეფე ფელიპე VI-მ და დედოფალმა ლეტიციამაც დაათვალიერეს. პრემიერმა ესპანეთის მონარქი საქართველოში მოიწვია. ესპანეთსა და შვეიცარიაში ვიზიტის შეჯამებისას გიორგი კვირიკაშვილმა კერძოდ აღნიშნა:

საქართველოს აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობები რომ დიდი კომპანიების რეგიონალური წარმომადგენლობების ადგილი გახდეს. ეს იქნა აღნიშნული ერთხმად, ყველა ინვესტორის მიერ, რომლებსაც ჩვენ ამ დღეებში შევხდით“
გიორგი კვირიკაშვილი, პრემიერ-მინისტრი

„ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები ინვესტორებთან, წარვუდგინეთ მათ ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის შესახებ. საქართველოს აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობები, რომ დიდი კომპანიების რეგიონული წარმომადგენლობების ადგილი გახდეს. ეს იქნა აღნიშნული ერთხმად, ყველა ინვესტორის მიერ, რომელსაც ჩვენ ამ დღეებში შევხვდით.“

დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერი ესაუბრა “ბრითიშ პეტროლიუმის“ (BP) აღმასრულებელ დირექტორს რობერტ დადლის, ასევე, Microsoft-ის, Libra Group-ის, Denso-ს, Ginkgo Bioworks-ის, Limak-ის Vestas-სა და Adecco Group-ის ხელმძღვანელებს.

კვირიკაშვილი სიტყვით გამოვიდა სესიაზე - The Silk Road Effect, სადაც აღნიშნა, რომ მალე დასრულდება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გაჭიანურებული მშენებლობა და ხაზი გაუსვა შავ ზღვაზე - ანაკლიის პორტის აგების მნიშვნელობას, რაც "აბრეშუმის გზას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის".

შეხვედრა “ბრითიშ პეტროლიუმის“ (BP) აღმასრულებელ დირექტორთან

დავოსში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირისპირ ასევე შეხვდა სერბეთისა და ხორვატიის პრემიერებს, შვეიცარიისა და უკრაინის პრეზიდენტებს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტ ინდოელი სუმა ჩაკრაბარტისგან, 2017 წელს, 300 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციის განხორციელების დაპირება მიიღო

EBRD-მა 2016 წელს განახორციელა ინვესტიციების რეკორდული მოცულობა საქართველოში, დაახლოებით, 250 მილიონი ევროს ღირებულების 17 პროექტი. გამოვთქვამ იმედს, რომ წელს, შევძლებთ, თითქმის 300 მილიონი ევროს ინვესტირებას საქართველოში“
სუმა ჩაკრაბარტი, EBRD-ის პრეზიდენტი

„ხაზგასმით აღვნიშნეთ ის ფაქტი, რომ EBRD-მა 2016 წელს განახორციელა ინვესტიციების რეკორდული მოცულობა საქართველოში, დაახლოებით, 250 მილიონი ევროს ღირებულების 17 პროექტი.

ყველა პროექტი ძალიან საინტერესოა, მაგრამ მე მაინც გამოვყოფ ერთს, რომლითაც ძალიან ვამაყობ - ეს არის კავკასიაში პირველი, ქარის ელექტროსადგურის ამუშავება გორში. ჩემი აზრით, ძალიან წარმატებული პროექტი აღმოჩნდა. გამოვთქვამ იმედს, რომ წელს შევძლებთ თითქმის 300 მილიონი ევროს ინვესტირებას საქართველოში.“

სტატისტიკის ეროვნული სამსახურს ჯერ არ გამოუქვეყნებია საბოლოო ციფრი, თუ რა ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა გასულ წელს ქვეყანაში. 2016 წლის სამი კვარტლის მონაცემებით კი საქართველოს ეკონომიკაში - 1 მილიარდ 298 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ყველაზე მეტი მოცულობის ინვესტიცია - აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან იყო.

საქსტატის მონაცემები

ეკონომიკის სექტორების მიხედვით, ინვესტორებისთვის ყველა მიმზიდველი - ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა და ფინანსურია სექტორია.

ეკონომიკური ექსპერტების აზრით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა ისევ არადამაკმაყოფილებელია. საქართველოს ეკონომიკის რეალური ზრდისთვის, ყოველწლიურად, 2 მილიარდი და უფრო მეტი მოცულობის ინვესტიციების მოზიდვაა საჭირო.

სულ, ბოლო ათი წლის მანძილზე, საქართველოში 16 მილიარდ 125 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში (1996-2016)

2016 – 1 298 400 000 (სამი კვარტლის მონაცემი)

2015 – 1 564 500 000

2014 – 1 758 400 000

2013 – 941 900 000

2012 – 911 600 000

2011 – 1 117 200 000

2010 – 814 500 000

2009 – 658 400 000

2008 – 1 564 000 000

2007 – 2 014 800 000

2006 – 1 190 400 000

2005 – 449 800 000

2004 – 499 100 000

2003 – 340 100 000

2002 – 167 400 000

2001 – 109 800 000

2000 – 131 200 000

1999 – 82 200 000

1998 – 265 300 000

1997 – 242 600 000

1996 – 3 800 000