ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოგების გადასახადის ესტონური რეფორმა, საქართველოს ძვირი უჯდება


2017 წელი საქართველოში ფასების მკვეთრი ზრდით დაიწყო
2017 წელი საქართველოში ფასების მკვეთრი ზრდით დაიწყო

ახალი წლის პირველი დღეები საქართველოში ფასების მკვეთრი მატებით აღინიშნა. ეკონომიკური ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ლარის გაუფასურების, ეკონომიკური ზრდის შემცირებისა და ახალი ფაქტორის - მოგების გადასახადის ესტონური რეფორმის გამო, ცხოვრების გაძვირების ტენდენცია, შესაძლოა, მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდეს.

2017 წლის 1 იანვრიდან, ფასებმა ავტომატურად მოიმატა ბენზინზე (15 თეთრით), დიზელზე (7-15 თეთრით), მსუბუქ ავტომობილებზე, საავტომობილო ზეთებსა და აირზე (20 თეთრით), თამბაქოზე (20-50 თეთრით), ანუ, იმ პროდუქტებზე, რომელთა აქციზის გადასახადი მთავრობამ გააორმაგა ან სულაც, გაასამმაგა. ამას კი ბაზარზე ჯაჭვური რეაქცია ჰქონდა.

მთავრობა აქციზის გადასახადის ზრდაზე იმ რეფორმის გამო წავიდა, რომელსაც პრემიერ კვირიკაშვილის კაბინეტი - „რევოლუციურს“ უწოდებს. 1 იანვრიდან, საქართველოში, ყოველწლიური - 15%-იანი მოგების გადასახადი, „ესტონური მოდელით“ - განაწილებული მოგების ყოველთვიური გადასახადით შეიცვალა.

ამიერიდან, ბიზნესი მხოლოდ მოგების განაწილების შემთხვევაში დაიბეგრება, ხოლო თუ დივიდენდის რეინვესტირებას ისევ, უკან ეკონომიკაში მოახდენს, ის მოგების გადასახადისგან თავისუფალია. მთავრობა დარწმუნებულია, რომ ბიზნესისთვის მოგების დატოვება, ეკონომიკას მნიშვნელონად გამოაცოცხლებს.

მოგების გადასახადის რეფორმა საქართველოს საკმაოდ ძვირი უჯდება. რეფორმის გამო, 2017 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტი, წინასწარი პროგზონით, 500-დან 800 მილიონამდე ლარს ვერ მიიღებს. დანაკლისის შევსებას, მთავრობა სწორედ გაზრდილი აქციზის გადასახადიდან ელოდება.

აუდიტორული კომპანია „პაპიაშვილი კონსალტინგ ჯგუფის“ მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი ამბობს, რომ „ესტონურ მოდელს“ დადებითთან ერთად, აქვს უარყოფითი მხარეებიც, რომელმაც შესაძლოა, ბიზნესის ნაწილს დამატებითი პრობლემა შეუქმნას:

ის ფაქტი, რომ თუ კომპანია არ წაიღებს დივიდენდს - არ დაიბეგრება, ძალიან პოზიტიური სიახლეა, მაგრამ ახალ კანონში, ამის გარდა, ძალიან ბევრი მომენტია დივიდენდთან გათანაბრებული - ავანსი, სესხი, უსაბუთო ხარჯი, ოფშორში გადარიცხვა.. ბიზნესს ბოლომდე არ აქვს ინფორმაცია ახალი წესის ამ ქვედა დინებებზე"
დავით პაპიაშვილი, აუდიტორი

„ის ფაქტი, რომ თუ კომპანია არ წაიღებს დივიდენდს - არ დაიბეგრება, ძალიან პოზიტიური სიახლეა, მაგრამ ახალ კანონში, ამის გარდა, ძალიან ბევრი მომენტია დივიდენდთან გათანაბრებული - ავანსი, სესხი, უსაბუთო ხარჯი, ოფშორში გადარიცხვა და ა.შ

დარწმუნებული ვარ, რომ ბიზნესს ბოლომდე არ აქვს ინფორმაცია ახალი წესის ამ ქვედა დინებებზე, და სწორედ ამიტომ, საუბარი მიდის, მხოლოდ ერთადერთ კონტექსტში, რომ თუ არ წავიღებთ დივიდენდს არ ვიბეგრებით და მორჩა.“

მხოლოდ განაწილებული მოგების ანუ დივიდენდის დაბეგვრას, პესიმისტურად უყურებს საერთაშორისო სავალუტო ფონდიც. მათი აზრით, საბიუჯეტო შემოსავლების კლება, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ), დაახლოებით, 1,5%-ით (500 მილიონით), ავტომატურად გაზრდის საბიუჯეტო დეფიციტს.

საქართველოს კანონი „ეკონომიკური თავისუფლების“ შესახებ ამბობს, რომ ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან − 3%-ზე მეტი არ უნდა იყოს. მაშინ, როცა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი უკვე - 3,7%-ია.

მაღალი დეფიციტის პირობებში, მთავრობას ისევ დაუდგება ბიუჯეტის შევსების პრობლემა და ავტომატურად მოუწევს საგარეო ვალის გაზრდა, რომელმაც ისედაც გადააჭარბა მშპ-ის 40%-ს. ამჟამად, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 15 მილიარდ 300 მილიონ დოლარს შეადგენს. მხოლოდ, 2016 წლის მესამე კვარტალში ვალმა - 173 მილიონი დოლარით მოიმატა.

ფინანსთან ყოფილი მინისტრი ლექსო ალექსიშვილი მიიჩნევს, რომ მოგების გადასახადის რეფორმის წარმატებით დასრულება მნიშვნელოვანია, თუმცა, ამ პროცესმა საფრთხე არ უნდა შეუქმნას ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას. ალექსიშვილი გამოსავალს საბიუჯეტო ხარჯების მნიშვნელოვან შეკვეცაში ხედავს:

„ჩვენ საბიუჯეტო დეფიციტის მოცულობა უნდა გვქონდეს ზღვრულ ოდენობამდე, სავალუტო ფონდის მოსაზრებით, ეს არის - 3%. ეს ზღვარი რომ დავიცვათ, უნდა მოხდეს საბიუჯეტო ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება და ყველაზე უპრიანი იქნება, რომ მთელი აქცენტი სწორედ ამ მიმართულებით იყოს გადატანილი"
ლექსო ალექსიშვილი ფინანსთა ყოფილი მინისტრი

„ჩვენ საბიუჯეტო დეფიციტის მოცულობა უნდა გვქონდეს ზღვრულ ოდენობამდე, სავალუტო ფონდის მოსაზრებით, ეს არის - 3%. ეს ზღვარი რომ დავიცვათ, უნდა მოხდეს საბიუჯეტო ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება და ყველაზე უპრიანი იქნება, რომ მთელი აქცენტი სწორედ ამ მიმართულებით იყოს გადატანილი.

თუ ჩვენ დავინახავთ, რომ მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, შეიძლება რაიმემ საფრთხე შეუქმნას, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია უარი უნდა ვთქვათ, ე.წ პრიორიტეტულ მიმართულებებზეც, მათ შორის, ინფრასტრუქტურის დაფინანსებაზეც.“

მოგების გადასახადის რეფორმირების იდეა პირადად გიორგი კვირიკაშვილს ეკუთვნის, რომელიც მან, 2015 წლის მარტში, ჯერ კიდევ ეკონომიკის მინისტრის რანგში გაახმოვანა. თუმცა, მაშინდელ მთავრობაში იდეამ მხარდაჭერა ვერ ჰპოვა.

2016 წლის იანვარში, უკვე პრემიერ მინისტრის რანგში, კვირიკაშვილი ისევ მიუბრუნდა ესტონურ მოდელს, რომელიც თავად ესტონეთში 2000 წელს შემოიღეს. პარლამენტმა საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს 2016 წლის მაისში, 85 ხმით დაუჭირა მხარი.

თავდაპირველად, ახალი სისტემა 2016 წლის 1 ივლისს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, ბიზნესის თხოვნის საფუძველზე თარიღმა 2017 წლის 1 იანვრამდე გადმოწია.

1 იანვრიდან ახალი გადასახადის გადამხდელია, საგადასახადო კოდექსით გასაზღვრული ყველა რეზიდენტი საწარმო, გარდა კომერციული ბანკების, საკრედიტო კავშირების, ინდივიდუალურ მეწარმეების, ლომბარდების, სადაზღვევო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების. მათ ახალი რეგულაციები 2019 წლის 1 იანვრამდე არ ეხებათ.

აქციზის გადასახადის ზრდის მოცულობა 2017 წლის 1 იანვრიდან

1 ტონა ბენზინზე - 250 ლარიდან 500 ლარამდე

1 ტონა დიზელზე – 150 ლარიდან 400 ლარამდე

1000 მ3 ბუნებრივ ავტოს საწვავად გამოყენებულ აირზე - 80-დან 200 ლარამდე

ავტოს ზეთებზე - 400-დან 800 ლარამდე

2016 წლის ავტოზე (ძრავი 2 სმ³) – 3000 ლარიდან 4600 ლარამდე

2001 წლის ავტოზე (ძრავი 1.8 სმ³) – 1440 ლარიდან 4140 ლარამდე

2006 წლის ავტოზე (ძრავი 1.6 სმ³) – 750 ლარიდან 1500 ლარამდე

2010 წლის ავტოზე (ძრავი 1.7 სმ³, მარჯვენა საჭე) – 1360 ლარიდან 4080 ლარამდე

1 კოლოფ ფილტრიან სიგარეტზე - 0,6 ლარით - 1,7 ლარამდე

1 უფილტრო სიგარეტზე – 0,3 ლარით - 0,6 ლარამდე

აქციზის გადასახადის კლების მოცულობა 2017 წლის 1 იანვრიდან

2013 წლის ავტოზე (ძრავი 1.8 სმ³, ჰიბრიდი) – 2520 ლარიდან 1008 ლარამდე

XS
SM
MD
LG