ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რატომ არ აისახა მთავრობის დაპირებები 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში ?


2017 წელს, მთარობა 1 640 000 000 ლარის ოდენობის საგარეო ვალის აღებას გეგმავს
2017 წელს, მთარობა 1 640 000 000 ლარის ოდენობის საგარეო ვალის აღებას გეგმავს

საქართველოს მთავრობამ 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პარამეტრები - 4%-იან ეკონომიკურ ზრდაზე გათვალა, მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის პირველ რვა თვეში, ეკონომიკის საშუალო რეალურმა ზრდამ მხოლოდ - 2,7 % შეადგინა, ხოლო 2015 წელს - ეს მაჩვენებელი 2,8 % იყო.

2017 წლის ბიუჯეტის პროექტში შემოსავლები - 8 715 000 000 ლარს შეადგენს, ხარჯები კი 8 787 000 000 ლარია. მხოლოდ საგადასახადო შემოსავლების სახით მთავრობა მომავალ წელს - 8 017 000 000 ლარის მობილიზებას გეგმავს, რაც თავის მხრივ 190 000 000 ლარით აღემატება, 2016 წელს არსებულ საგადასახადო შემოსავლების გეგმას.

ნიშანდობლივია, რომ 2017 წლიდან დაბეგვრას მხოლოდ განაწილებული მოგება დაექვემდებარება. ეს კი, დაახლოებით ორჯერ, ნახევარი მილიარდი ლარით ამცირებს ამ გადასახადის სახით მისაღები შემოსავლების პროგნოზს.

ამის მიუხედავად, მთავრობა პარლამენტში მაინც გაზრდილი ბიუჯეტის პარამეტრებით შევიდა. ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე ახალი ბიუჯეტის პროექტს მთლიანობაში უარყოფითად აფასებს:

„იმ ფონზე, როცა მთავრობის მხრიდან მუდმივად საუბარია გაცილებით სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე და ბიუჯეტის პროექტში დევს მხოლოდ 4 %-იანი ზრდა, მაშინ როცა წელს, ეკონომიკა მხოლოდ 3%-ით შეიძლება გაიზარდოს. ეს არანაირი დაპირებული გარღვევა არ არის. მთავრობას აქამდე ჰქონდა 2017 წლისთვის პროგნოზი 5,5 %-იან ზრდაზე და ესეც კი დაწიეს 1,5 პროცენტული პუნტით.

იმ ფონზე, როცა მთავრობის მხრიდან მუდმივად საუბარია გაცილებით სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე და მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში დევს მხოლოდ 4 %-იანი ზრდა, ეს დაპირებული გარღვევა არ არის"
ბესო ნამჩავაძე, ეკონომისტი

წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტიდან ჩანს, რომ იზრდება დეფიციტი, როგორც ნომინალურ ლარებში, ისე მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობაში. გაზრდილია ადმინისტრირების - ე.წ ბიუროკრატიული ხარჯი, დაახლოებით 200 მილიონით არის გაზრდილი ხელფასების და სახელმწიფო შესყიდვების მუხლი.

დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ წლის ბოლომდე ეს ბიუჯეტი ნახევრად შესაცველილი იქნება.“

2017 წლის ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში, საქართველოს მთავრობა მოულოდნელად აღნიშნავს, რომ „საარჩევნო პერიოდის გათვალისწინებით“, მმართველი პარტიის მიერ წინასაარჩევნოდ წარმოდგენილი ახალი პროგრამებისთვის (სივრცითი მოწყობა, პედაგოგებისთვის ხელფასების გაზრდა, პენსიონერთა დასაქმება და პენსიის მომატება) თანხები გათვალისწინებული არ არის.

ფინანსთა სამინისტრო ამ შემთხვევაში საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლით აპელირებს, რომელიც „არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების შედეგების შეჯამებამდე კრძალავს ისეთი პროექტების ან პროგრამების განხორციელებას, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული საქართველოს ბიუჯეტში“.

ექსპერტები ცალსახად განმარტავენ, რომ კანონის ეს დათქმა, ამ შემთხვევაში ეხება არა მომავალ 2017 წლის, არამედ მიმდინარე 2016 წლის ბიუჯეტს და საარჩევნო კოდექსი არანაირ შეზღუდვას ამ მხრივ მთავრობას არ უწესებს. შესაბამისად, გაუგებარია რატომ არ ასახა წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებები მთავრობამ და მმართველმა პარტიამ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში?

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ მთავრობამ ასე ჩათვალა საჭიროდ და "ბიუჯეტის პროექტის გადამუშავების შედეგად არსებული მაკროეკონომიკური პარამეტრების ფარგლებში" ახალი პროგრამების „მაქსიმალური“ დაფინანსება იგეგმება.

საარჩევნო კოდექსში პირდაპირი აკრძალვა მომავალი ბიუჯეტის დაგეგვმასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, არ არის. თუმცა, მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ ბიუჯეტის პროექტში ახალი ინიციატივები საარჩევნო პერიოდში არ გაჩნდეს"
გიორგი კაკაურიძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე

„საარჩევნო კოდექსში პირდაპირი აკრძალვა მომავალი ბიუჯეტის დაგეგვმასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, არ არის. თუმცა, შინაარსობრივად, მე ვფიქრობ, და საერთოდ მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ არ არის მიზანშეწონილი ახალი ინიციატივები გაჩნდეს და წარმოდგენილი იყოს საარჩევნო პერიოდში. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ გაგრძელდეს მუშაობა ახალ პარლამენტთან და ის დაპირებები მოხვდეს და აიასახოს 2017 და შემდგომი წლების ბიუჯეტებში.“

2017 წლის ბიუჯეტის პროექტით, რომლის განხილვაც უკვე ახალმა პარლამენტმა, 10 ოქტომბერს უნდა დაიწყოს, 1 640 000 000 ლარით იზრდება საგარეო ვალი და მთავრობის განცხადებით, ეს თანხა ძირითადად, ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება. დღეისათვის, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 15 100 000 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს.

XS
SM
MD
LG