საქართველოს საბანკო სექტორის ისტორიაში უპრეცედენტო გარიგება დაფიქსირდა. "თიბისი ბანკმა", ფრანგული ფინანსური კონგლომერატ- „სოსიეტე ჟენერალისგან“ 336 მილიონ ლარად ბანკი „რესპუბლიკის“ საკონტროლო პაკეტი (93%) შეიძინა.
„სოსიეტე ჟენერალმა“ უკვე დაადასტურა, რომ გარიგება წლის ბოლომდე დაიხურება, თანხის 70 პროცენტს ფრანგული კონგლომერატი - ნაღდი ფულით მიიღებს, ხოლო 30 პროცენტი - თიბისი ჯგუფის ახლადგამოშვებული აქციებით დაიფარება. ანუ, 2017 წლიდან, „სოსიეტე ჟენერალი“ "თიბისი ბანკის" მცირე აქციონერი (5.4%) გახდება.
ის, რომ „სოსიეტე ჟენერალი“ საქართველოს ათწლიანი მუშაობის შემდეგ დატოვებდა, ჯერ კიდევ ზაფხულში იყო ცნობილი. თუმცა, იყო მოლოდინი, რომ ბანკი „რესპუბლიკა“ არა "თიბისის", არამედ „ბაზისბანკს“ შეერწყმოდა, რომელსაც 2012 წლიდან, ჩინური ინდუსტრიული გიგანტი "ჰუალინგ ჯგუფი" ფლობს.
ჯერ კიდევ, 2016 წლის ივლისში არსებობდა წინასწარი შეთანხმებაც ფრანგ და ჩინელ ინვესტორებს შორის, მოხდა "ბაზისბანკის" და "რესპუბლიკა" ბანკის აუდიტორული შემოწმებაც, თუმცა ბოლო თვეებში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.
"ჰუალინგ ჯგუფში" დღეს „ამერიკის ხმასთან“ არ გააკეთეს კომენტარი, თუ რაზე ვერ შეთანხმდნენ „სოსიეტე ჟენერალთან“- ფასზე, თუ იყო სხვა გარეშე ფაქტორები?
"თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცრიკიძე კი ამბობს, რომ ბანკების გამსხვილების პროცესი მომხმარებელს არ დააზარალებს:
საქართველო ფინანსური კუთხით დიდი ქვეყანა არ არის, აქედან გამომდინარე, არა მხოლოდ თიბისი ბანკისთვის, არამედ აქ მომუშავე ნებისმიერი საბანკო ინსტიტუტისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, საკუთარი მასშტაბების გაზრდა"ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი
„საქართველო ფინანსური კუთხით დიდი ქვეყანა არ არის, მოსახლეობა 4 მილიონზე ნაკლებია. აქედან გამომდინარე, არა მხოლოდ თიბისისთვის, არამედ აქ მომუშავე ნებისმიერი საბანკო ინსტიტუტისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მისი მასშტაბები.
ამ გარიგებით, ჩვენ ვზრდით თიბისის მასშტაბებს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი ეფექტურობა გაიზრდება და მომხმარებელს ახალ პროდუქტებს უკეთესი პირობით შევთავაზებთ.“
ბანკ "რესპუბლიკის" ყიდვის პარალელურად, თიბისი ბანკმა, მოულოდნელად ასევე შეიძინა „პროგრესს ბანკის“ - 108 მილიონი ლარის აქტივები და 108 მილიონი ლარის დეპოზიტები. ენერგეტიკის ყოფილ მინისტრთან კახი კალაძესთან დაკავშირებულ პროგრესს ბანკში, დღეს აქციების 78%-ს ილია გავრილოვი, ხოლო 22%-ს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ფლობენ.
"თიბისი ბანკში" უარყოფენ, რომ „ბანკი რესპუბლიკის“ შეძენისას, ერთ-ერთი ძირითადი პირობა „პროგრესს ბანკის“ აქტივებისა და დეპოზიტების ყიდვაც იყო. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამის გამო არ შექმნია ამ უპრეცედენტო გარიგებას პრობლემები ეროვნული ბანკის მხრიდან.
ეროვნულმა ბანკის სპეციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „მცირე ზომის საბანკო ბაზარზე, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, გამსხვილება ეფექტიანობის მიღწევის ერთ-ერთი საშუალებაა."
"თიბისი ბანკმა" გამსხვილების პოლიტიკა 2010 წლიდან დაიწყო, როცა "ბანკი კონსტანტას" საკონტროლო პაკეტი (80%) შეიძინა, 2014 წლიდან კი "კონსტანტა" "თიბისის" მთლიანად შეერწყა. 2015 წელს, "თიბისი ბანკმა" 39 მილიონად "პროკრედიტბანკის" მიკროსესხების პორტფელი იყიდა.
2016 წელს კი ეს პროცესი "ბანკი რესპუბლიკისა" და "პროგრეს ბანკის" აქტივების ყიდვით გაგრძელდა. "თიბისი ბანკში" აცხადებენ, რომ წლის ბოლომდე კიდევ ერთი ბანკის პორტფელის ყიდვას გეგმავენ, პარალელურად კი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან მიდის მოლაპარაკება, ბანკი „რესპუბლიკის“ დარჩენილი აქციების (6%) გამოსყიდვაზე.
„საზოგადოება და ბანკების“ ეკონომიკური ანალიტიკოსი გივი ადეიშვილი არ ეთანხმება "თიბისი ბანკისა" და ეროვნული ბანკის პოზიციას და ამბობს, რომ საბანკო სექტორის გამსხვილება, კონკურენციასა და მომხმარებელზე უარყოფითად აისახება:
„ამ გარიგებამდე, მთლიანი სასესხო პორტფელის 7,5% - რესპუბლიკა ბანკს ეჭირა, 32% - აქვს საქართველოს ბანკს და 25% - ჰქონდა თიბისის. გარიგების შემდეგ, საქართველოს საბანკო სექტორის როგორც აქტივების, ისე სასესხო პორტფელის 65% ანუ 2/3-ზე მეტი, ორი მოთამაშის ხელში აღმოჩნდა.კონკურენტული გარემო აღარ არის“გივი ადეიშვილი, ეკონომიკური ანალიტიკოსი
„ამ გარიგებამდე, მთლიანი სასესხო პორტფელის 7,5% - რესპუბლიკა ბანკს ეჭირა, 32% - აქვს "საქართველოს ბანკს" და 25% - ჰქონდა "თიბისის". გარიგების შემდეგ, საქართველოს საბანკო სექტორის როგორც აქტივების, ისე სასესხო პორტფელის 65-ზე ანუ 2/3-ზე მეტი, ორი მოთამაშის ხელში აღმოჩნდა.
აქამდე, საბანკო ბაზარზე რეალურად სწორედ ეს სამი ბანკი ქმნიდა ამინდს და მათ შორის კონკურენცია ბევრი მიმართულებით, მათ შორის საპროცენტი განაკვეთების მხრივ, დადებითად აისახებოდა. დღეს ეს კონკურენტული გარემო აღარ არის“
„სოსიეტე ჟენერალისა“ და "თიბისი ბანკის" გარიგების შედეგად, საქართველოს ბაზარზე მხოლოდ 18 ლიცენზირებული ბანკი დარჩა. აქედან, უცხოური ინვესტიცია - მხოლოდ 16 ბანკის საწესდებო კაპიტალშია წარმოდგენილი.
ამჟამად, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 26.7 მილიარდ ლარს შეადგენს. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 3.8 მილიარდი ლარია, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 14 პროცენტზე მეტია.