ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანაკლიის პორტი: ოპტიმისტურ-პესიმისტური მოლოდინი


ფოტოზე: ანაკლიის ახალი პორტის და თეზ-ის განვითარების გეგმა
ფოტოზე: ანაკლიის ახალი პორტის და თეზ-ის განვითარების გეგმა

საქართველოს მთავრობას ზუსტად 19 თვე დასჭირდა რომ ანაკლიის პორტის მშენებელი ინვესტორი გამოევლინა. 2014 წლის ივლისში გამოცხადებულ სახელმწიფო ტენდერს თავდაპირველად 12 კომპანია გამოეხმაურა, მეორე ეტაპზე აქედან შვიდი გავიდა. გადამწყვეტი ბრძოლა კი ორ კონსორციუმს: „ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა“ და „ანაკლიის ინდუსტრიულ ეკო პარკს პორტს“ შორის გაიმართა.

საბოლოოდ, მთავრობამ გამარჯვებულად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ დაასახელა, რომელიც ქართული „თიბისი ჰოლდინგისა“ და ამერიკული „კონტი ინტერნეშენალის“დაფუძნებულია.

თებერვლიდან აპრილის ჩათვლით, მთავრობა გამარჯვებულ კონსორციუმთან დასკნით მოლაპარაკებებს გამართავს, რათა ხელშეკრულების საბოლოო ვარიანტზე შეთანხმდნენ. ამის შემდეგ, ქართულ-ამერიკულ კონსორციუმს 49 წლის ვადით და მართვის უფლებით გადაეცემა ანაკლიის მომავალი პორტისა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორია.

მასშტაბური მშენებლობის დაწყებას გარემოზე ზემოქმედების შეფასება სჭირდება. მშენებლობის ადგილი პირდაპირ ესაზღვრება კოლხეთის ეროვნული პარკის ჭაობიან ლანდშაფტს. „საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი ტერიტორიებს“ კი გაეროს რამსარის კონვენცია იცავს.

პროექტის ღირებულება 2,5 მილიარდი ამერიკული დოლარია. ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განმარტა თუ რა კრიტერიუმების საფუძველზე გაიმარჯვა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“.

„ოთხი ძირითადი კრიტერიუმი იყო. მათ შორის იყო პორტის განვითარების კონცეფცია, ინვესტორის ფინანსური მდგრადობა, რეგიონის ეკონომიკური განვითარების ზოგადი ხედვა და იურიდიული მხარე.

ოთხივე ამ მიმართულებით საკმაოდ აქტიურად ვიმუშავეთ ჩვენ კონსულტანტებთან ერთად და კომპანიამ წარმოადგინა ნამდვილად საუკეთესო პროექტი. სახელმწიფომ კი საკუთარ ვალდებულებად აიღო, რომ ახალ პორტს მიუყვანოს გზა და რკინიგზა.“

წინასწარი ინფორმაციით, ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობა ცხრა ფაზად წარიმართება. მშენებლობის დაწყებიდან სამ წელიწადში, 7 მილიონი ტონის გამტარუნარიანობის მიღწევისთანავე, ახალი პორტი ოპერირებას დაიწყებს. საბოლოო მიზანი კი მართლაც ზე-ფანტასტიკურია: წელიწადში 100 მილიონი ტონა ტვირთის გატარება.

ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგური 400 ჰექტარზე აშენდება, ანაკლიის თავისუფალი ეკონომიკური ზონა კი დამატებით 600 ჰექტარზე გადაიჭიმება. მშენებლობაზე 3400 ადამიანი დასაქმებას ვარაუდობენ, ხოლო პორტის ამუშავების შემდეგ, იქ, მუდმივად - 6400 ადამიანმა უნდა იმუშაოს.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ანაკლიის ნავსადგურში შესვლას და გაჩერებას შეძლებენ 50-დან 150 ათასი ტონამდე დედვეიტის მქონე ხომალდები. მათ შორის, პანამაქსის და პოსტ პანამაქსის ტიპის გემები, რომელთა მოძრაობა ბათუმის და ფოთის პორტებში პრობლემატური იყო. შედარებისთვის ანაკლიის პორტის სიღრმე 20,5 მეტრია, ბათუმის პორტის - 14 მეტრი, ხოლო ფოთის სულ - 8,5 მეტრი.

ინვესტორისა და საქართველოს მთავრობის გათვლებით, ახალმა პორტმა ჩინეთიდან ევროპამდე ტვირთების გადაზიდვის ხანგრძლივობა ორი კვირით უნდა შეამციროს. მამუკა ხაზარაძემ, რომელიც კურტ კონტთან ერთად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელია, უკვე განაცხადა, რომ გამარჯვებულ კონსორციუმში სულ მალე ერთ-ერთი ჩინური გიგანტი გაერთიანდება

„ჩვენ ვასრულებთ მოლაპარაკებას ჩინეთის მსხვილ კომპანიასთან, დღეს ვერ დავასახელებ ამ კომპანიის სახელს, რამოდენიმე კომპანიასთან მიდის საუბარი, და, ეს კომპანია ასევე გახდება ჩვენი კონსორციუმის წევრი. რაც შეეხება პორტის ოპერატორებს, საკმაოდ დიდი ინტერესია გამოხატული, მსოფლიოში პირველი ცხრა ოპერატორის მხრიდან.“

ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილს მიაჩნია, რომ ანაკლიის ახალი პორტის ინვესტორს და მომავალ ოპერატორს გრანდიოზული ძალისხმევა დასჭირდებათ, რომ ახალი პორტი რეალურად დაიტვირთოს. საქართველოს საზღვაო ნავსაგურების ტვირთბრუნვის სტატისტიკა, ბოლო წლებია, უაღრესად არასახარბიელოა.

2015 წელს, საქართველოს პორტებში გადაზიდული ტვირთების რაოდენობა წინა წელთან შედარებით - 2,1 მილიონი ტონით შემცირდა, 21,3 მილიონი ტონიდან - 19,2 მილიონ ტონამდე. შარშან, გადაზიდვები მნიშვნელოვნად შეუმცირდათ ფოთის (8,6 მილიონი ტონიდან 6,8 მილიონ ტონამდე) და ბათუმის (6,3 მილიონი ტონიდან 5,7 მილიონ ტონამდე) ნავსადგურებს.

იგივე მაჩვენებელზე დარჩა სუფსის საზღვაო ტერმინალი (4,2 მილიონი ტონა) და ტვირთბრუნვა ოდნა გაეზარდა ყულევის საზღვაო ტერმინალს (2,1 მილიონი ტონიდან 2,5 მილიონ ტონამდე).

თუ საქართველოს პორტებში დღეს არსებული სიმძლავრეები, მომავალშიც ვერ დაიტვირთა, ანაკლიის პორტის ამუშავებას, შესაძლოა, მხოლოდ არსებული ტვირთების კიდევ უფრო დანაწევრება მოჰყვეს.ამ შემთხვევაში, საქართველო კიდევ ერთ წამგებიან ნავსადგურს მიიღებს.

ანაკლიის ახალი ნავსადგურის სრულად დატვირთვისთვის კი ჩინეთის ცხოველი დაინტერესების გარდა, ასევე აუცილებელია, საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის ტვირთბრუნვის სიმძლავრის მნიშვნელოვნად გაზრდა. ეს სიმძლავრე დღეს წელიწადში 30 მილიონ ტონას არ აღემატება.

XS
SM
MD
LG