პრეზიდენტი სააკაშვილი, მთავრობა და პარლამენტი მზად არიან ახალი ქალაქის - ლაზიკას მშენებლობის იდეას საქართველოს ერთ-ერთი საგანძური - კოლხეთის ეროვნული პარკი შესწირონ.
მთავრობის მიერ პარლამენტში უკვე ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის მიღების შემდეგ, ეროვნული პარკის შემადგენელ ანაკლია-ჭურიის უბანს ანუ 13 713 ჰექტარს დაცული ტერიტორიის სტატუსი მოეხსნება.
სტატუსის მოხსნა კი ავტომატურად ნიშნავს, რომ იქ ნებისმიერი ტიპის ეკონომიკური აქტივობა შესაძლებელი გახდება. პრეზიდენტისა და მთავრობის მოთხოვნით, ასევე პარლამენტის თანხმობით, კოლხეთის ეროვნული პარკი უკვე შემცირდა 843 ჰექტარით.
მმართველმა ელიტამ ეს გადაწყვეტილება ფოთი-ანაკლიის დამაკავშირებელი გზის მშენებლობით ახსნა, რომელიც პირდაპირ ეროვნული პარკის შუაგულში გაივლის. დღეის მდგომარეობით, კოლხეთის ეროვნული პარკი მოიცავს 30 000 ათას ჰექტარს ხმელეთის ნაწილს და 15 ათას 740 ჰექტარს შავი ზღვის აკვატორიას.
ბიომრავალფეროვნებისა და დაცული ტერიტორიების ექსპერტი რამაზ გოხელაშვილი ამერიკის ხმასთან ამბობს, რომ კოლხეთის ეროვნული პარკის დაზიანება მსოფლიო მნიშვნელობის ბუნების ძეგლის დაზიანებას ნიშნავს
„მსოფლიო მასშტაბით აღიარებულია, რომ ეს არის გლობალური მნიშვნელობის ეკოსისტემა. მართლაც სცდება ეროვნულ მნიშვნელობას, ანუ მისი დაზიანებით, არა მხოლოდ ქართველებისთვის ზიანდება რაიმე, არამედ კაცობრიობისთვის ზიანდება.
როგორც კულტურის სფეროშია, ზოგადსაკაცობრიო კულტურის ძეგლები. ასევე არსებობს ზოგადსაკაცობრიო ბუნების ძეგლები და ასეთია ზუსტად კოლხეთის პარკი.“
კოლხეთის ეროვნული ნაკრძალი 1935 წელს შეიქმნა. ამ ტერიტორიის საერთაშორისო მნიშვნელობა 1996 წლიდან არის აღიარებული, მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა რამსარის კონვენციის რატიფიცირება მოახდინა.
სწორედ აქ კოლხეთის უნიკალურ ჭაობებზე გადის ფრინველთა მიგრაციის ყველაზე დიდი მარშტური, პარკის ტერიტორიაზე 200-ზე მეტი სახეობის ფრინველი ბინადრობს. დედამიწაზე სულ საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი 1926 ტერიტორიაა, რომლებიც 160 ქვეყნის საზღვრებშია მოქცეული.
კოლხეთის ეროვნული პარკის უნიკალურ ბიომრავალფეროვნებაზე პარკის დირექტორი ზურაბ ჯიბლაძე და არასამთავრობო ორგანიზაცია „ჭაობის“ ხელმძღვანელი იზოლდა მაჭუტაძე საუბრობენ
ზურაბ ჯიბლაძე: „გაზაფხულზე და შემოდგომაზე ეს ტერიტოროა არის გადავსებული, გადაშავებული ფრინველისგან. აქ არის ბატები, იხვები, ყანჩები, ჩვამები, მექვიშიები, თოლიები. ძალიან დიდი რაოდენობაა. 196 სახეობაა ფრინველების“
იზოლდა მაჭუტაძე: „აქ გვხდება პონტოს ტუფტი, კოსტალეცკია, წყლის კაკალი, რომელიც ქრობადი სახეობაა მსოფლიოში და შემორჩენილია სანაპირო ზოლის მტკნარწყლიან ზოლში. დიუნა, რომელიც აღარ არის მთელს ევროპაში და შესაბამისად დიუნური მცენარეები მხოლოდ აქ გვხდება.“
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ლაზიკას მშენებლობის იდეა შარშან დეკემბერში გააჟღერა. შვიდი თვის თავზე, ჯერ არ არსებულ ქალაქში უკვე იუსტიციის სახლის მშენებლობა მიმდინარეობს.
პრეზიდენტის პროგნოზით, ლაზიკაში 2022 წლისთვის 500 000 ადამიანმა უნდა იცხოვროს. ქალაქზე უნდა გაიაროს რკინიგზამ, აშენდეს ახალი ნავსადგური, ცათაბჯენები, მოეწყოს თავისუფალი ეკონომიკური ზონა.
სააკაშვილისვე თქმით, ახალი ქალაქის მშენებლობას მილიარდ ნახევარი ლარი ეყოფა, აქედან 200 მილიონს საქართველოს მთავრობა გამოყოფს, დანარჩენი კი უცხოელმა ინვესტორებმა უნდა ჩადონ. ექსპერტები ყველა ასეთ გათვლებს საეჭვოს უწოდებენ, გეოლოგი ჭიჭიკო ჯანელიძე ამბობს, რომ ტორფიანი ჭაობები მშენებლობას არნახულად გააძვირებს
„ტორფის მასა 75-დან 85 პროცენტამდე წყალს შეიცავს და შესაბამისად მას დიდი კუმშვადობის თვისება გააჩნია. თუ მასზე რაიმეს ააშენებ ის აუცილებლად შეიკუმშება. ანუ ეს მიდამო, როგორც გეოლოგები უწოდებენ, დიდი ჯდენის თვისებით გამოირჩევა. ამიტომ, აი ამ ზოლში მშენებლობისთვის ძალზედ არახელსაყრელი პირობები არის წარმოდგენილი.“
გასულ კვირას, მთავრობამ საქართველოს რამდენიმე ქალაქში, ლაზიკას სტატუსის საერთო სახალხო განხილვა სასწრაფო წესით დაიწყო. ზუგდიდში, ფოთში, ოზურგეთსა და ბათუმში გამართულმა შეხვედრებმა აჩვენა რომ განხილვა მცირე გამონაკლისების გარდა, ფორმალურ ხასიათს ატარებს და ყველაზე არსებით საკითხზე - კოლხეთის დაბლობის უნიკალური ეკოსისტემის დაცვაზე, ყურადღება ან ნაკლებად ან საერთოდ არ მახვილდება.