საქართველოს ეროვნული ვალუტა ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება გაუფასურების ისტორიულ მაქსიმუმს. ლარის „შავი დღე“ 1999 წლის 23 თებერვალი იყო, როცა ერთი ამერიკული დოლარი ოფიციალური კურსით, 2 ლარი და 45 თეთრი ღირდა. 16 წლის შემდეგ, ეროვნული ბანკის ახალი კურსი, დოლართან მიმართებაში 2 ლარი და 41 თეთრია.
ექსპორტის მნიშვნელოვანი წილი რუსეთში მიდიოდა, ამიტომ მოხდა ექსპორტის კლება, რასაც დაემატა ფულადი გზავნილებიც შემცირებაც. ეს ყველაფერი იმის ნიშანია, რომ სექტემბერში გვექნება სუსტი ლარი და კურსი კიდევ უფრო დაეცემა. ზოგადი გათვლებით, ეროვნულ ბანკს დაახლოებით, 100 მილიონი ლარი დასჭირდება, რომ ვალუტა გამყარდეს და ლარის მისაღები კურსი შეინარჩუნოს.ემზარ ჯგერენაია
ამასთან, კომერციულ ბანკებში, ლარის გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი უკვე გადაილახა. დღეს, „ბაზის ბანკში“(2.52), „ვითიბი ბანკში“ (2.53), „საქართველოს ბანკში“(2.54), თი-ბი-სი ბანკში“ (2.51) და „კორსტანდარტ ბანკში“ (2.51) ერთი დოლარი 2,5 ლარზე მეტი ღირს.
ქართულ ლარზე სერიოზული შეტევაა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით: ეს არის: ქვეყნის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, 24 პროცენტით შემცირებული ექსპორტი, 35 პროცენტით შემცირებული ფულადი გზავნილები უცხოეთიდან, შემოსავლების კლება ტურიზმიდან.
რთული ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესები: თურქეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, რუსეთში, სომხეთში, ყაზახეთსა და საბერძნეთში. 13 მილიარდის ოდენობის საგარეო ვალი, ასევე საბანკო სპეკულაციები და რასაკვირველია, პანიკა მოსახლეობაში.
ჟურნალ „საქართველოს ეკონომიკის“ მთავარი რედაქტორი, ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია ამბობს, რომ ეროვნულმა ბანკმა, დაახლოებით, 100 მილიონი ლარი უნდა დახარჯოს, რომ ლარის კურსი როგორმე დაიჭიროს:
„რეგიონალური სიტუაცია როგორი რთულიც იყო ისეთად დარჩა. თურქეთში ლირის კურსი ვარდება ყოველდღიურად. უკვე 3,5 გახდა დოლართან მიმართებაში. ეს დევალვაციასთან ერთად, იმას ნიშნავს, რომ ქართველი ექსპორტიორები კარგავენ ბაზარს და არაკონკურენტუნარიანი ხდებიან.
იგივე პროცესებია აზერბაიჯანში, ყახახეთში, ჩინეთში, რა თქმა უნდა, რუსეთშიც, სადაც რუბლი ასევე დიდი სისწრაფით კარგავს პოზიციებს. თურქეთთან ერთად რუსეთიც ჩვენი დიდი სავაჭრო პარტნიორია. ექსპორტის მნიშვნელოვანი წილი რუსეთში მიდიოდა, ამიტომ მოხდა ექსპორტის კლება, რასაც დაემატა ფულადი გზავნილებიც შემცირებაც. ეს ყველაფერი იმის ნიშანია, რომ სექტემბერში გვექნება სუსტი ლარი და კურსი კიდევ უფრო დაეცემა.
ზოგადი გათვლებით, ეროვნულ ბანკს დაახლოებით, 100 მილიონი ლარი დასჭირდება, რომ ვალუტა გამყარდეს და ლარის მისაღები კურსი შეინარჩუნოს.“
ეკონომისტების თქმით, ლარის გაუფასურებაზე ასევე მოქმედებს ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა და მოსახლეობაში ისეთი პოპულარული სახელმწიფო პროგრამები, როგორიც სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სეგმენტის სუბსიდირება(მევენახეობა, მეციტრუსეობა, უფასო ხვნა-თესვა, დანერგე მომავალი, იაფი კრედიტი და ა.შ), საყოველთაო დაზღვევა და საყოველთაო ჯანდაცვაა.
საყოველთა ჯანდაცვის პროგრამა 2015 წლის ბიუჯეტში 475 მილიონი ლარით დაფინანსდა, თუმცა ლარის კურსის ვარდნის, სამედიცინო მომსახურების გაძვირებისა და ბენეფიციართა სარეკორდო რაოდენობის გამო, ცნობილია, რომ ეს თანხა საკმარისი, უკვე, დღეს აღარ არის. სექტემბრის ბოლოს, ბიუჯეტის კორექტირება მოხდება და სახელმწიფო პროგრამის გადასარჩენად, დამატებით რამდენიმე ათეული მილიონი ლარი გამოიყოფა. ეს კი ავტომატურად აისახება ლარის კურსზე.
2015 წლის ბიუჯეტის შემოსავლები გეგმის მიხედვით, 9.8 მილიარდი ლარია, რომლის 77% გადასახადებზე მოდის. 10% - საგარეო, 6% კი შიდა ვალია. დანარჩენი შემოსავლები დონორების გრანტები და სახელმწიფოს ქონების პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავლებია.
ბიუჯეტის ხარჯები 9.5 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული. აქედან მთელი 37% ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე მიდის.20% - პოლიციაზე, ჯარსა და უშიშროებაზე; 15%-ით კი ინფრასტრუქტურის განვითარება ფინანსდება. განათლებას საბიუჯეტო ხარჯის მხოლოდ 12%-ი ხმარდება.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ 2015 წლის ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი. პირველი ექვსს თვეში ეკონომიკის რეალური ზრდა კი მხოლოდ 2,6 % იყო. საერთაშორისო ორგანიზაციებმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საერთოდ 2%-მდე შეამცირეს.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე ამბობს, რომ ღიმილის მომგვრელია როცა მთავრობის ზოგიერთი წევრი, საქართველოს ეკონომიკის და ზოიერთი ევროპული ქვეყნების ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელს ერთმანეთს ადარებს.
„როცა მთლიანი შიგა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე (მშპ) გაქვს 50 000 – 60 000 დოლარი ან ევრო, იქ, ეკონომიკის ერთი პროცენტი ზრდა არის სრულიად საკმარისი. ევროპაში ეს სიმდიდრე უკვე დაგროვებულია. ჩვენ სულ სხვა გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ჩვენ ეს სიმდიდრე და სიკეთე ჯერ უნდა შევქნათ საქართველოში და მერე შეიძლება შევედაროთ - შვეიცარიას.
ჩვენთვის ნომერ პირველი გამოწვევა არის მშპ-ის ზრდის, რაც შეიძლება მაღალი მაჩვენებლის დაფიქსირება და ეს უნდა იყოს აუცილებლად 2 ნიშნა მაჩვენებელზე მეტი. (საქართველოში მშპ ერთ სულ მოსახლეზე 3680 დოლარია). ეს მიიღწევა მხოლოდ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის გზით. საქართველოს შიდა კაპიტალი და რესურსი ამითვის საკმარისი არ არის.“
ჯერჯერობით, ცნობილი არ არის ქვეყნისსაფინანსო სისტემის სტაბილურობის შესანარჩუნებლად, რას გეგმავს ეროვნულ ბანკი, კიდევ გამკაცრდება თუ არა მონეტარული პოლიტიკა?
2015 წლის თებერვალ-აპრილში, საქართველოს მთავარმა ბანკმა აუქციონის წესით, 200 მილიონი დოლარი უკვე გაყიდა, ასევე, თებერვლიდან აგვისტომდე - 2 პროცენტით, 4%-დან 6%-მდე ასწია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, თუმცა, ეს ნაბიჯები ლარის კურსს, ჯერჯერობით ვერ აკავებს.