ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მთავრობა უცხოური ინვესტიციების ზრდაზე საუბრობს


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის პირველ ორ კვარტალში, საქართველოში 530 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც, 25 მილიონით მეტია 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მატება აღინიშნა, მეორე კვარტალში, როცა პირდაპირმა ინვესტიციებმა 355 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის, მეორე კვარტლის მაჩვენებელზე (196 მილიონი დოლარი) მთელი 81 პროცენტით მეტია.

პირდაპირი ინვესტიციების 45 პროცენტი აზერბაიჯანიდან შემოვიდა. უმსხვილეს ინვესტორთა შვიდეულში ასევე არიან: თურქეთი, ჰოლანდია, დიდი ბრიტანეთი, ლუქსემბურგი, საფრანგეთი და კვიპროსი. ყველაზე მეტი ინვესტიცია - 207 მილიონი დოლარი ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში შევიდა; საფინანსო სექტორმა 41 მილიონი მოიზიდა, ხოლო დამამუშავებელმა მრეწველობამ 30 მილიონი დოლარი.

„ახალი პოლიტიკური ცენტრის“ ლიდერი, პარლამენტარი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ პირდაპირი ინვესტიციების ეს ოდენობა საკმარისი მაინც არ არის. მთავრობა უნდა წავიდეს მოგების გადასახადის გაუქმებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ დამატებით 900 მილიონი ლარის რეინვესტირება მოხდება ქართულ ეკონომიკაში. რევოლუციური ნაბიჯი კი ამ მიმართულებით, თავისუფალი სავალუტო რეჟიმის დაშვებაა, რაც ინვესტორთა ნდობას უფრო გაზრდის.

„უნდა მოხდეს გადასახადების შემცირება, მათ შორის ჩვენ უკვე მზად გვაქვს ინიციატივა, რომელიც გულისხმობს მოგების გადასახადის სრულიად გაუქმებას, რაც გაამარტივებს საგადასახადო ადმინისტრირებას. ეს ინიციატივა ასევე გულისხმობს საშემოსავლო გადასახადის 5 პროცენტით შემცირებას და თავისუფალი სავალუტო რეჟიმის შემოღებას.

ანუ, საქართველოში პოტენციურ ინვესტორებს უნდა მიეცეთ საშუალება, რომ ბიზნესი აწარმოონ და საქართველოს მოქალაქეები დაასაქმონ იმ ვალუტაში, რა ვალუტაც მათთვის უფრო ხელსაყრელია.“

ბოლო ათი წლის განმავლობაში, პირდაპირი ინვესტიციების კუთხით, გამორჩეული იყო 2006-2008 წლების პერიოდი, როცა 3 წელიწადში, საქართველოში, ჯამში 4 მილიარდ 768 მილიონი დოლარი შემოვიდა (2006 - მილიარდ 190 მილიონი, 2007 – 2 მილიარდ 14 მილიონი, 2008 - მილიარდ 564 მილიონი). ეს იყო ქართული ეკონომიკის ოქროს ხანა, რომელსაც ბოლო რუსეთთან, 2008 წლის აგვისტოს ომმა მოუღო.

შემდეგ იყო ძირითადად კრიზისული წლები, (2009 – 658 მილიონი, 2010 – 814 მილიონი, 2012 – 919 მილიონი, 2013 - 941 მილიონი), თუმცა ბოლო ოთხ წელიწადშიც იყო, ორი წელიწადი, როცა პირდაპირმა ინვესტიციებმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა. 2011 წელს, საქსტატმა მილიარდ 117 მილიონის ინვესტიცია აღნუსხა, ხოლო 2014 წელს, მილიარდ 758 მილიონი დოლარი.

ვინაიდან ამ წლებში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას არ მოჰყოლია მთლიანი შიდ პროდუქტის ზრდა, ეკონომისტებისა და ფინანსიტების ნაწილი სკეპტიკურად განეწყო საქსტატის მონაცემების მიმართ. თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ხელმძღვანელი, ეკონომისტი გიგა ბედინეიშვილი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ საზოგადოების ნაწილთან ერთად, ასეთი სკეპტიციზმი მასაც ჰქონდა:

„რამდენიმე სტატისტიკული მონაცემი გამოვიდა საქსტატიდან, რომელმაც მართალი რო გითხრათ გამაკვირვა და მაინცდამაინც ლოგიკა ამ ციფრების უკან ვერ დავინახე, მაგრამ ვერ ვიტყვი გადაჭრით, რომ საქსტატის მონაცემებს არ უნდა ვენდოთ. მაგრამ, ფრთხილად კი უნდა ვიყოთ, ამ ციფრების ინტერპრეტაციაში. იმიტომ, რომ ერთი ციფრის საფუძველზე ეკონომიკაში ძალიან შორსმიმავალი დასკვნები არ კეთდება.

თუ გვინდა სერიოზული ანალიზი, მაშინ გრძელ ვადაში უნდა შევხედოთ ამ სიტუაციას. გრძელ ვადაში კი მე არ გამიკვირდება, თუ საქართველოში ფულის ნაკადის შემოდინების ტენდენცია მაინცდამაინც კარგი არ იქნება.“

ეკონომისტების აზრით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ვინაიდან ის პირველ რიგში, უახლესი ტექნოლოგიების შემოდინების საშუალებაა მაშინ როცა, ამგვარი შედეგის მიღწევა შეუძლებელია ფინანსური ინვესტირებით ან ვაჭრობით;

მეორეს მხრივ, პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ზრდის კონკურენციას ადგილობრივ ბაზარზე; წვლილი შეაქვს ქვეყნის ადამიანური კაპიტალის ზრდაში; ინვესტიციების ზრდით გამოწვეული მოგების ზრდა კი ავტომატურად იწვევს ქვეყანაში საგადასახადო შემოსავლების გაზრდას.

ამასთან, წამყვანი ეკონომისტები მიუთითებენ, რომ მხოლოდ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდით ან შემცირებით, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ვერ იმსჯელებ და ინვესტიციების ბუნებას უფრო ღრმა ანალიზი და ფრთხილი მიდგომა სჭირდება.

XS
SM
MD
LG