ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფინანსო ზედამხედველობის სააგენტომ მხოლოდ ორი დღე იმუშავა


საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საბანკო სექტორზე ფინანსურ ზედამხედველობას ისევ ეროვნული ბანკი განახორციელებს.

საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტომ, ახალი თავჯდომარის ირაკლი კოვზანაძის ხელმძღვანელობით, წინა შაბათს, საბჭოს პირველი სხდომა გამართა, გუშინ საღამოს კი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა - საჯარო სამართლის ახალი იურიდიული პირის მუშაობა დროებით შეაჩერა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიზეზი, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 39 დეპუტატის სარჩელი გახდა. ისინი მიიჩნევენ, რომ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელთა შედეგადაც სექტემბერში, საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან გამოვიდა, არაკონსტიტუციურია.

მოსარჩელეთა აზრით, ამ ცვლილებით, ქვეყნის მთავარ ბანკს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებამოსილების განხორციელების უფლება შეეზღუდა, რაც, საფრთხეს უქმნის ფინანსური სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას. მოსარჩელეები, ორ ძირითად ოპოზიციურ პარტიას „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „თავისუფალ დემოკრატებს“ წარმოადგენენ.

საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ საფინანსო ზედამხედველობის მუშაობა ჩერდება, ვიდრე სასამართლო აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს. გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლიდან ხუთმა დაუჭირა მხარი, ოთხი კი წინააღმდეგი წავიდა. საკონსტიტუციო სასამართლოს უფროსმა სამართლებრივმა მრჩეველმა გიორგი დავითურმა ასეთი განმარტება გააკეთა:

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე სადაო ნორმის მოქმედებას, შესაძლოა ეჭვქვეშ დაეყენებინა, არა მხოლოდ ქვეყნის საფინანსო-საბანკო სექტორის მდგრადობა, არამედ გამოეწვია კონკრეტული პირების, საბანკო ურთიერთობების მონაწილეების, ინვესტორებისა და მენაბრეებისთვის უფლებებისა და ინტერესებისთვის გამოუსწორებელი შედეგი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ფუნქციებს შეასრულებს საქართველოს ეროვნული ბანკი.“

ეროვნული ბანკიდან საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს გამოყოფა 2015 წლის, ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი პოლიტიკური მოვლენა იყო. მმართველმა კოალიციამ ამ ცვლილებების აუცილებლობაზე საუბარი ლარის სერიოზული გაუფასურების ფონზე დაიწყო, რომელსაც თან ახლდა ბრალდებები ეროვნული ბანკისა და კომერციული საბანკო სექტორის წინააღმდეგ.

მიუხედავად ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წინააღმდეგგობისა, საპარლამენტო უმრავლეობამ ცვლილებები 17 ივლისს მაინც დაამტკიცა, თუმცა თვის ბოლოსვე, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მას ვეტო დაადო.

უმრავლესობამ ვეტო 81 ხმით, სექტემბრის დასაწყისში დაძლია. პრეზიდენტმა განმარტა რომ ცვლილებებს არც ახლა ეთანხმება, თუმცა ვეტო დაძლეულ კანონპროქტს ხელი მოაწერა. საჯარო სამართლის ახალი იურიდიული პირი ძირითადად, ყოფილი პრემიერის ივანიშვილის და ვიცე-პრემიერ კალაძის მფლობელობაში მყოფ: ქართუ-ბანკისა და პროგრესს ბანკის კადრებით დაკომპლექტდა.

ლონდონის ეკონომიკის სკოლის მაგისტრი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსი მიხეილ კუკავა „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს, ისევე როგორც 2014 წელს, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის გამოყოფა ეროვნული ბანკისგან, ცალსახად, ქვეყნის მთავარი ბანკის დასუსტებისკენ გადადგმული ნაბიჯებია. ეს იმ ფონზე, როცა მსოფლიოში საპირისპირო ტენდენციებია

„ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა შეუძლებელია საბანკო ზედამხედველობის გარეშე, რადგან ეს მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიც არის: კაპიტალის ადექვატურობა, აქტივების კლასიფიკაცია, სარეზერვო მოთხოვნები, შემოწმების რეგულირება, რაც საბანკო ზედამხედველობის უმნიშვნელოვანესი ელემენტებია, ხოლო საბანკო ზედამხედველობა თავის მხრივ ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის ინსტრუმენტია. ამაზე მეტყველებს მსოფლიო ტენდენციაც. 2008 წლის კრიზისის შემდეგ, ევროპის ბანკს დაუმატეს ზედამხედველობის ფუნქცია, ხოლო ინგლისის ბანკს, რომელიც გაერთიანებული სამეფოს ცენტრალური ბანკია, აღუდგა საბანკო და ფინანსური ზედამხედველობა, რომელიც 2001 წლიდან ჩამორთმეული ჰქონდა.“

საინტერესოა, რომ 2008 წლის აპრილში, მაშინ როცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას დავით ამაღლობელი ასრულებდა, ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო, ხოლო საპარლამენტო უმრავლეობაში - „ნაციონალური მოძრაობა“, ეროვნულ ბანკს საბანკო სექტორზე საფინანსო ზედამხედველობის განხორციელების უფლება პირველად ჩამოერთვა.

საბანკო და არასაბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტები მაშინაც საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს სახით გამოიყო და ახალი სააგენტოს უფროსი, გიორგი ქადაგიძე გახდა. 2009 წლის თებერვალში კი, როცა გიორგი ქადაგიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დაინიშნა, საფინანსო ზედამხედველობის უფლება ისევ ეროვნულ ბანკს დაუბრუნდა.

XS
SM
MD
LG