ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რამდენად აფერხებს საქართველოს რუსეთის ეკონომიკური კრიზისი?


„ამერიკის ხმა“ ლონდონში ბრუნო ბალვანერას ესაუბრა. ის ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკში კავკასიის ქვეყნების, მოლდოვის და ბელორუსის დირექტორია.

„რუსეთის კრიზისი ევროპის პერიფერიას აფერხებს“- ასე ჰქვია ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის 2015 წლის ანგარიშს, რომელიც მთავარ ყურადღებას რუსეთის ეკონომიკურ კრიზისზე და მთელ რეგიონში მის გავლენაზე ამახვილებს. ანგარიშში საქართველოს ეკონომიკაში 2015 წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენების საკმაოდ ვრცელი ანალიზიც არის მოცემული. „ამერიკის ხმა“ ამასთან დაკავშირებით ლონდონში ბრუნო ბალვანერას დაუკავშირდა. ის ბანკში კავკასიის ქვეყნების, მოლდოვის და ბელორუსის დირექტორია.

ნავთობზე ფასების დრამატული ვარდნის და დასავლეთის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციების შედეგად, რუსეთში განვითარებულმა კრიზისმა გავლენა არამარტო საქართველოზე, არამედ მთელ რეგიონზე მოახდინა: უკრაინით დაწყებული, კავკასიის ქვეყნების, სხვა ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფოების, თურქეთის, აღმოსავლეთ, თუ დასავლეთ ევროპის ჩათვლით - ამბობს ბრუნო ბალვანერა.

„საქართველო ერთ-ერთი ის ქვეყანაა, რომელზეც კრიზისი აისახა. ერთის მხრივ, შეიზღუდა რუსეთში მიმავალი ექსპორტი. ასევე შემცირდა ფულადი გზავნილები, რომელსაც რუსეთში დასაქმებული ქართველები რიცხავდნენ. რუბლის კურსის ვარდნის გამო საქართველოს გარშემო მყოფ ქვეყნებში ყველგან ვალუტის დევალვაცია მოხდა...

ლარის კურსი 40-პროცენტიანი ვარდნით, საქართველო შეეცადა მთავარ სავაჭრო პარტნიორებთან კონკურენტუნარიანობა შეენარჩუნებინა და ეს კარგია. მაგრამ არც ისე კარგია ის, რომ კომპანიების, ან ოჯახების მიერ აღებული სესხის დაახლოებით 65 პროცენტი ამერიკულ დოლარშია გატანილი. ახლა მათ ვალის დაბრუნება ქართული ლარის კურსით უწევთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი კრედიტი საშუალოდ 40 პროცენტით გაიზარდა“ - აღნიშნავს ის.

თუმცა, ბრუნო ბალვანერას აზრით, ამ მხრივ ყველაზე რთული მომენტი საქართველომ უკვე გადალახა. ქართული ლარი სტაბილური გახდა, იმპორტი საგრძნობლად შეიზღუდა და საქართველო ახლა ექსპორტის დონის შენარჩუნებას ცდილობს. მაგრამ როგორ უნდა მოიქცეს ამ ეტაპზე საქართველო, რას ურჩევდა ის საქართველოს მთავრობას?

„უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს შემთხვევაში საქმე გვაქვს შედარებით მცირე ზომის ეკონომიკასთან, რომელიც ინტეგრირებულია მთელ რეგიონში. ვფიქრობ, სავაჭრო აქტივობა უნდა გაღრმავდეს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, თურქეთი. საქართველოს ახლა კარგი შესაძლებლობა აქვს რუსეთ-თურქეთს შორის სანქციების ფონზე, ისარგებლოს მომენტით და თურქეთის მაგივრად რუსეთის ბაზარზე კიტრი, პომიდორი და სხვა პროდუქტები შეიტანოს.

ამავე დროს უნდა ვიფიქროთ მომავალი წლის არჩევნებზეც. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ იმაში, რომ გარემო საქართველოში პროგნოზირებადია, კანონის უზენაესობა დაცულია, მთავრობა ყველაფერს აკეთებს ინვესტიციების გაგრძელებისთვის და მათი მოზიდვისთვის“ - ამბობს ბრუნო ბალვანერა.

ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი უახლოეს მომავალში დიდ ცვლილებებს არ ელოდება, არც ნავთობზე ფასების გაზრდის და არც რუსეთზე დაწესებული სანქციების მოხსნის თვალსაზრისით. შესაბამისად, მთელ რეგიონს, მათ შორის საქართველოს, ახალ ეკონომიკურ რეალობასთან ადაპტირება უწევს. ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საქართველოს, მის მეზობელ კავკასიის ქვეყნებს და თურქეთს თითქმის ერთნაირი აქვს: 2.5-დან 3 პროცენტამდე.

იხილეთ ვიდეო.

XS
SM
MD
LG