ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორ გავზარდოთ უცხოური ინვესტიციები?


„ეს საკითხი ყოველთვის უნდა ყოფილიყო და ახლაც უნდა იყოს ქართული დიპლომატიის პრიორიტეტი“ - პროფესორი მამუკა წერეთელი.

"ამერიკის ხმა" საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აუცილებლობის თემაზე ვაშინგტონში მოქმედი ორგანიზაციის "ამერიკა-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს" პრეზიდენტს, პროფესორ მამუკა წერეთელს ესაუბრა. ინტერვიუს მაია ქვარცხავა უძღვება.

ვიდრე უშუალოდ ამერიკულ ინვესტიციებზე ვისაუბრებდეთ, თქვენი აზრით, რით აიხსნება საქართველოში საგარეო უწყების ხელმძღვანელის შერჩევა გამოკვეთილად ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ინვესტიციების მოზიდვის დატვირთვით და საერთოდ რამდენად მართებულად თვლით ამგვარ პოლიტიკურ სვლას?

ეკონომიკა, ბუნებრივია, არის ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი, ერთ-ერთი ძირითადი ქვაკუთხედი. ის განსაზღვრავს დიპლომატიის, საგარეო ურთიერთობების უზრუნველყოფას და რაც მთავარია, განსაზღვრავს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფას. გამომდინარე აქედან, ბუნებრივია, რომ პრიორიტეტული უნდა იყოს ეს სფერო - ეკონომიკის გაჯანსაღება-გაძლიერება, ინვესტიციების მოზიდვა, რაც არის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტი ეკონომიკის გაძლიერების.

ალბათ მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი იმას, რომ რეალურად ქვეყნის წინაშე მდგომი ამოცანები და გამოწვევები, ის საფრთხეები, რომლებიც არსებობს, ან შეიძლება წარმოიშვას, შეუძლებელია დაიძლიოს სწორედ ძლიერი ეკონომიკის გარეშე. იქნება ეს დემოგრაფიული პრობლემები, რომელიც ქვეყანას აქვს, იქნება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, კიდევ ერთხელ და ასე შემდეგ.

აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ეს საკითხი ყოველთვის უნდა ყოფილიყო და ახლაც უნდა იყოს ქართული დიპლომატიის პრიორიტეტი. კონკრეტული ადამიანების თანამდებობაზე დანიშნვა პოლიტიკური საკითხია, რომელიც პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებას წარმოადგენს და ამიტომ მისი კომენტირებისგან თავს შევიკავებ. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს თემა საერთოდ იყოს პრიორიტეტული.

კიდევ რა აუცილებელ პირობებზე შეიძლება საუბარი უცხოური და კერძოდ, ამერიკული ინვესტიციების უფრო ეფექტურად მოზიდვისთვის?

რა თქმა უნდა, ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის ზრდა, გაძლიერება და გაჯანსაღება, პირველ რიგში არის დამოკიდებული შიდა პროცესებზე. იმაზე, თუ რა ხდება თავად ქვეყანაში, როგორ ვითარდება ის, რამდენად თავისუფალი და გახსნილია იქ ეკონომიკური გარემო. უკვე გარკვეული თვალსაზრისით კომიკური ელფერიც კი შეიძინა სხვა ქვეყნების მაგალითების მოყვანამ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბარია სინგაპურზე. ზოგისთვის ის ბოროტების სიმბოლოა, ზოგი კი მას სიკეთის იდეალად მიიჩნევს.

ჩვენი პირადი განწყობის მიუხედავად, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია სინგაპურთან დაკავშირებით: 2014 წელს 5 მილიონი მოსახლეობის მქონე ქვეყანამ 81 მილიარდი დოლარის ოდენობის პირდაპირი საგარეო ინვესტიცია მიიღო. უცხოური ინვესტიციების მიღების მხრივ, გასულ წელს პირველ ადგილზე ჩინეთი იყო. მეორე ადგილზე ჰონგ-კონგი გავიდა, რომელიც ტექნიკურად ჩინეთის ნაწილია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ საკუთარი იურისდიქციის მქონე ეს მცირე ქალაქი-სახელმწიფო სულ 7-მილიონიანი მოსახლეობის მქონე ტერიტორიას წარმოადგენს. ჰონგ-კონგმა შარშან 111 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიცია მიიღო. სხვათა შორის, უფრო მეტი, ვიდრე მთლიანად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.

რის თქმა მინდა: რეალურად, ამას თავისი მიზეზები აქვს, ბუნებრივია, მათ შორის ისტორიულიც, ეკონომიკურიც და სხვა. მაგრამ მთავარია ის, რომ პატარა სახელმწიფოებს, იქიდან გამომდინარე, თუ როგორ დაალაგებენ ისინი თავიანთ ეკონომიკურ გარემოს და წყობას, აქვთ შესაძლებლობა მიიღონ დიდი ინვესტიციები, ჩაერთონ გლობალურ ეკონომიკურ პროცესებში და სერიოზული წვლილი შეიტანონ როგორც საკუთარი, ისე გლობალური ეკონომიკის განვითარებაში. ასე რომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ქვეყნის შიგნით როგორ დავალაგებთ ჩვენ ეკონომიკას და რამდენად გახსნილები ვიქნებით საგარეო ინვესტიციებისთვის, ზოგადად იმ ეკონომიკური პროცესებისთვის, რომელიც მსოფლიოში ხდება.

აქ ერთ საკითხსაც მინდა ხაზი გავუსვა: ეროვნული თვითმყოფადობა, ეკონომიკური თავისუფლება და გლობალურ პროცესებში ინტეგრაცია, ერთმანეთთან წინააღმდეგობრივი საკითხები არ არის. შეიძლება იყო დამოუკიდებელი და აბსოლუტურად თვითმყოფადი ეროვნულად, მაგრამ ამავე დროს იყო ინტეგრირებული მსოფლიო ეკონომიკაში და გახსნილი სხვადასხვა გლობალური პროცესებისთვის. სხვათა შორის, ჩვენს ისტორიასაც თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ძლიერი საქართველო ყოველთვის იყო მაშინ, როცა ის ინტეგრირებული იყო მაშინდელ გლობალურ ეკონომიკურ პროცესებში. მაშინ, როცა ის იყო ტრანზიტის ქვეყანა, ვაჭრობდა ყველა სახელმწიფოსთან ახლო, თუ შორეულ სამეზობლოში და ასე შემდეგ. ეს არის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იმის, რომ ქვეყანა გაჯანსაღდეს და წინ წავიდეს. ვიმეორებ, ჩემი აზრით საჭიროა შიდა პროცესების განსხვავებულად დალაგება, კერძოდ, ეკონომიკური გარემოს მეტად გახსნა, კონკურენტუნარიანობის წახალისება, უფრო კონკურენტული გარემოს შექმნა და ასე შემდეგ.

ოფიციალური ინფორმაციით, 2012 წელთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა 2014-ში თითქმის 40 პროცენტით გაიზარდა და 1.2 მილიარდს გადააჭარბა. ეს საკმარისად არ მიგაჩნიათ?

საქართველოს წლიურად სჭირდება ალბათ, სულ მცირე, 2-3 მილიარდი დოლარის ოდენობის საგარეო ინვესტიცია, იმისათვის, რომ წინ წავიდეს, ლარის კურსი გაძლიერდეს და გამყარდეს, რომ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას. ისევ დიპლომატიას რომ დავუბრუნდეთ, მისი მთავარი ამოცანა არის ის, რომ ეროვნული უსაფრთხოება გააძლიეროს. ადრეც ვთქვი, რომ ეროვნული უსაფრთხოების და ანუ დიპლომატიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილური გარემო. ეს კი იმას ნიშნავს, ნაკლებად იქნება უცხო ძალების მხრიდან მანიპულირების შესაძლებლობა. გარე ძალებისთვის ძალიან ადვილია სუსტ ეკონომიკურ გარემოში მანიპულაცია, როგორც დესტაბილიზაციის ინიცირებით, ასე სხვა ტიპის საზიანო ქმედებით.

ისევ მივდივართ იქამდე, რომ ეკონომიკის მოძლიერება და სამუშაო ადგილების შექმნა, რაც ჩემი აზრით, დღევანდელი ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა, შეუძლებელია მოხდეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გარეშე. ეს ცალკე მდგომი პრობლემა არ გახლავთ და დაკავშირებულია მთელ რიგ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან. თუ არ მოხდა ინვესტიციების ზრდა და სამუშაო ადგილების შექმნა, შეუძლებელია შევაჩეროთ ისეთი ნეგატიური პროცესები, როგორიცაა ემიგრაციის ზრდა, ან დემოგრაფიული პროცესები, რომელიც ფაქტიურად საქართველოს დეპოპულაციისკენ მიაქანებს. ყველა ამ პრობლემის მოგვარების გზა, ყოველ შემთხვევაში, მე პირადად ასე ვხედავ, ეს არის მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა.

ამერიკა-საქართველოს ბიზნეს-საბჭო, რომლის პრეზიდენტიც ხართ, დიდი ხანია ინვესტიციების მოზიდვაზე უშუალოდ მუშაობს. რა დინამიკაა თქვენი გადასახედიდან, იკლო ამერიკულმა ინვესტიციებმა, თუ იზრდება?

ამერიკა-საქართველოს ბიზნეს-საბჭო 1998 წელს დაფუძნდა. მე ვიყავი მაშინ დამფუძნებელი აღმასრულებელი დირექტორი, ორგანიზაციის პრეზიდენტი კი გახლდათ საქართველოს დიდი მეგობარი ენდერს ვიმბუში. ჩვენი ამოცანა ყოველთვის იყო საქართველოში მეტი ამერიკული ინვესტიციის მოზიდვა, ბიზნეს-კონტაქტების დამყარება, ქართულ-ამერიკული ვაჭრობის წახალისება და ამ მიმართულებით პარტნიორული ურთიერთობების გაუმჯობესება.

ქართულ-ამერიკულ ბიზნეს-ურთიერთობებში ერთი სახის მონოტონური ტენდენცია არ ყოფილა. იყო პერიოდები, როცა დიდი ინტერესი გაჩნდა, ეს განსაკუთრებით შეინიშნებოდა 90-იანი წლების ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისში. მაშინ დაინტერესება უმეტესად ენერგეტიკის სფეროში, კასპიის აუზის რესურსების მიმართ გაიზარდა. მაშინ ბევრი წევრი კომპანია გვყავდა და შესაბამისად აქტიურობაც მეტი იყო. 2005 წლიდან სამწუხაროდ ინტერესმა იკლო, 2008 წლის შემდეგ კი ძალიან შეიზღუდა. ეს ყველაფერი ქართულ ეკონომიკაში ჩადებული პირდაპირი ამერიკული ინვესტიციების მთლიან მოცულობაზე უშუალოდ აისახებოდა.

ჩვენ ახლა ვცდილობთ როგორმე განვაახლოთ ამერიკული ბიზნესების ინტერესი საქართველოს მიმართ. წინა წლების განმავლობაში რატომღაც ორიენტაცია ძირითადად იყო აღებული უფრო დიდი კომპანიების, კორპორაციების, დიდი სახელების საქართველოში შემოყვანის მიმართულებით. ეს ყველა პერიოდს ეხება. გარკვეული თვალსაზრისით ამგვარი სტრატეგია გასაგებია და ძალიან კარგიც არის, მაგრამ უფრო რთულია. დიდი მოცულობის კომპანიებს გაცილებით უფრო დიდი ბაზრები და განსხვავებული ინტერესები აქვთ. შესაბამისად, მათი საქართველოთი დაინტერესება ძნელია.

მე ვხედავ დიდ პოტენციალს ამერიკულ საშუალო და მცირე ბიზნესებთან თანამშრომლობაში. არითმეტიკულად რომ შევხედოთ, 1000 კომპანია რომ შემოვიყვანოთ თითო მილიონიანი ინვესტიციით, ეს უკვე მილიარდი დოლარის ოდენობის უცხოურ ინვესტიციას უდრის. ძნელია, რა თქმა უნდა, ადვილი ნამდვილად არ არის. თუმცა, შესაძლებლად მიმაჩნია, რომ აქტიური მუშაობის შედეგად, მეტი ამერიკული კომპანია, მათ შორის საშუალო და მცირე ზომის, შემოვიდეს საქართველოში.

ამიტომ, ჩვენი ამოცანა, როგორც ორგანიზაციის, მდგომარეობს იმაში, რომ რაც შეიძლება მეტ ამერიკულ კომპანიას გავაცნოთ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები და რაც მთავარია, გავაცნოთ კონკრეტული პროექტები, მივაწოდოთ ინფორმაცია იმ შესაძლებლობების თაობაზე, რომელიც საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით არსებობს.

კონკრეტულად რა გზებით, როგორ ცდილობთ ამერიკული ბიზნესების დაინტერესებას?

მაგალითად, საინტერესო პროექტების მოძიების მიზნით, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება არის დამწყები, ე.წ. სტარტაფ-კომპანიების ბიზნეს-გეგმების კონკურსის მოწყობა. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აქვთ ამგვარი გამოცდილება, მათ შორის საქართველოშიც, მაგრამ ჩვენი ორგანიზაციისთვის ეს სიახლეა და ასეთი პროექტი პირველად ხორციელდება. გვინდა თავი მოვუყაროთ ისეთ კომპანიებს, რომელთაც შემდგომში ამერიკიდან ინვესტიციების მიღების და შემდგომი ზრდის, განვითარების პოტენციალი გააჩნია. გეგმაში გვაქვს შევარჩიოთ 5 საუკეთესო კომპანია. გამარჯვებულებისთვის დაწესებული გვაქვს გარკვეული პრიზები და ფულადი ჯილდოები. მათ თბილისში, 27 ოქტომბერს მე-18 ყოველწლიურ კონფერენციაზე გადავცემთ.

ჯილდოზე უფრო მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, იქნება ის, რომ შერჩეული კომპანიების მენეჯერები და ბიზნეს-გეგმების ავტორები ჩამოვიყვანოთ ამერიკის შეერთებულ შტატებში და შევახვედროთ ისინი პოტენციურ ინვესტორებს. ვფიქრობ, ამ გზით უფრო მეტ წვლილს შევიტანთ საქართველოში ამერიკული ინვესტიციების მოზიდვის საქმეში და ზოგადად ქართულ-ამერიკული ბიზნეს-პარტნიორობის შემდგომ განვითარებაში.

ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭო საწევროზე დაფუძნებული ორგანიზაციაა. ბუნებრივია, ჩვენთან ის ამერიკული ორგანიზაციები არიან გაწევრიანებული, რომელთაც ინტერესები საქართველოში აქვთ. იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი კომპანია ბევრი არ არის, არც საწევრო ბაზა გვაქვს დიდი მოცულობის. თუმცა, ვინც გვყავს, ისინი საკმაოდ აქტიურად არიან ჩართულები ჩვენს საქმიანობაში. ამერიკული კომპანიები ფაქტიურად ერთგვარი ქსელის როლს ასრულებენ, რომლის მეშვეობითაც ჩვენ პოტენციურ ინვესტორებში ინფორმაციას ვავრცელებთ. წლების განმავლობაში გარკვეული საკონტაქტო ბაზა შეიქმნა, რომელიც დიდ დახმარებას გვიწევს.

ისევ პირველ კითხვას რომ დავუბრუნდეთ და დიპლომატიასთან ამ საქმიანობის კავშირის თემას, მე ვთვლი, რომ ამერიკაში ჯერ კიდევ ძალიან დიდი პოტენციალია აუთვისებელი. ჩვენ, როგორც დიპლომატები, ისე დანარჩენი ორგანიზაციები, ძირითადად სულ რამდენიმე ქალაქში ვმუშაობთ. უმეტესად ეს არის ვაშინგტონი, ნიუ იორკი და შეიძლება კიდევ ერთი-ორი ქალაქი იყოს. რეალურად კი ამერიკა, რა თქმა უნდა, არ არის თითო ოროლა ქალაქი, უზარმაზარი ქვეყანაა, წარმოუდგენლად დიდი შესაძლებლობების.

რამდენიმე დღეა აიდაჰოდან დავბრუნდი, რომელიც შეიძლება ამერიკული ბიზნეს-სფეროს ლიდერი არ იყოს, მაგრამ უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია და მე ამაში საკუთარი თვალით დავრწმუნდი. ვაშინგტონის შტატის მეზობლად მდებარეობს, უყვართ ღვინო, უყვართ მოგზაურობა და საქართველოს მიმართ ძალიან დიდი ინტერესიც დავინახე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამერიკა ძალიან დივერსიფიცირებულია, ერთ-ორ ადგილას არ არის სიმდიდრე თავმოყრილი, არამედ მთელ ტერიტორიაზეა განაწილებული. მასშტაბებიც საკმაოდ განსხვავებულია და როცა აქაური მასშტაბის მცირე ინვესტიციაზე ვსაუბრობთ, საქართველოსთვის ის შეიძლება საკმაოდ დიდი მოცულობის თანხა იყოს.

უზარმაზარი სამუშაოა ჩასატარებელი ამ მიმართულებით და რაც შეიძლება მეტი რესურსი უნდა ჰქონდეს საელჩოს და მის თანამშრომლებსაც, რომ უფრო ხშირად იმოგზაურონ სხვადასხვა ქალაქებში, შტატებში, წარადგინონ ის პროექტები, რომლებიც იმ მომენტში აქვთ ხელთ და კიდევ უფრო მეტი ინტერესი გააღვიძონ საქართველოს მიმართ.

რამდენად გეხმარებათ საქართველოს მთავრობა ამერიკა-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს საქმიანობაში?

სხვათა შორის, ხელისუფლებასთან თანამშრომლობას ჩვენ ყველა პერიოდში ვახერხებდით. ბევრმა ხელისუფლებამ გაიარა ორგანიზაციის თვალწინ. საქმე, რომელსაც ვაკეთებთ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე ვთვლით, მთლიანად საქართველოს ინტერესებს ემსახურება. შეიძლება ურთიერთობები ადვილი ყოველთვის არ ყოფილა, მაგრამ ზოგადად, ყველა მთავრობას აინტერესებდა მეტი ამერიკული ინვესტიცია შესულიყო საქართველოში.

სხვა საკითხია, რა დონის, რა ხარისხის იყო ეს ინტერესი, ანდა კონკრეტულად რას აკეთებდნენ ამისთვის. მაგრამ, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ამ ინტერესს ყოველთვის ვხედავდი, მთავრობის გარკვეული ნაწილისგან მაინც. საქართველოს ხელისუფლებასთან დღესაც გრძელდება თანამშრომლობა, როგორც საელჩოსთან, ისე ეკონომიკის, თუ სხვა სამინისტროებთან და უწყებებთან. განსაკუთრებით აქტიურობს დიასპორის სამინისტრო და მაქსიმალურად ცდილობს საინვესტიციო პროცესებში ქართული დიასპორის ჩართვას.

ჩვენთვის ყველაზე დიდი დახმარება და საბოლოო ჯამში, ისევ საქართველოსთვისაა ეს დახმარება, იქნებოდა ის, რომ რაც შეიძლება კარგი ბიზნეს-გარემო შეიქმნას საქართველოში, რომ მოგვეცეს საშუალება, რაც შეიძლება მეტი ქართული პროექტის, უხეშად რომ ვთქვა, გაყიდვაში დახმარება შევძლოთ. საკუთარ ფუნქციას ხომ ჩვენი ორგანიზაცია ხედავს იმაში, რომ საქართველოში ამერიკული ინვესტიციების მაქსიმალური წახალისება მოხდეს.

სხვათა შორის, ძალიან მნიშვნელოვანია აქ ერთი რამ: პროექტებს ქართული გადასახედიდან ვუყურებთ და ხშირად გვავიწყდება ამერიკელთა ინტერესი: ის, რომ ამერიკელი მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში დებს ფულს საქმეში, თუ თავისთვის მოგებას ხედავს. ეს თითქოს ელემენტარულია, ორჯერ ორი ოთხია, მაგრამ მაინც გვავიწყდება ხოლმე და ხშირია ისეთი პროექტები, რომელიც ამ მხარეს ნაკლებად ითვალისწინებს. პროექტი, რომელსაც კომერციული სიცოცხლისუნარიანობა აქვს და სპეციალური გათვლებით სამომავლო მოგება დასაბუთებულია, ის უფრო გაყიდვადია და მისთვის თანხების გამონახვა შედარებით იოლია.

მომავალში ამ საკითხში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივას ვხედავ. თუმცა, ყველაფერი საბოლოო ჯამში მაინც მიდის იქამდე, თუ რა სიტუაციაა ადგილზე, საქართველოში და რამდენად გახსნილია ქვეყანა ინვესტიციების მიმართ. შემთხვევით არ მითქვამს, რომ ეროვნული თვითმყოფადობა წინააღმდეგობაში არ მოდის გლობალურ ეკონომიკურ პროცესებში მონაწილეობასთან. ერთ კონკრეტულ მაგალითს გეტყვით: ის, რომ საქართველოში უცხოელებისთვის მიწის საკუთრების უფლება შეიზღუდა, უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ხელს არ უწყობს.

ეს სამკაოდ ვრცელი თემაა და საუბარს ამ მიმართულებით აღარ გავაგრძელებ. მოკლედ გეტყვით, რომ ჩემი აზრით, საქართველოში არის გარკვეული სტრატეგიული ზონები, სადაც დავუშვათ, შეიძლება საჭირო იყოს უცხოელთა საკუთრების უფლებების ლიმიტირება. მაგრამ, თუ მართლა გვინდა, რომ უცხოური ინვესტიციები საქართველოში შემოვიდეს, მაშინ უნდა გავუწიოთ ანგარიში იმას, რომ საკუთრების უფლება ამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

უცხოელებს უნდა დავანახოთ, რომ საკუთრების უფლება მათთვის რეალურია და ამასთან ის მაქსიმალურად დაცულია. მაგალითების მოყვანა შორს წაგვიყვანს. მთავარია, როგორმე გავაჩინოთ ინვესტორში ის შეგრძნება, რომ მათი უფლებები საქართველოში იქნება დაცული. თუ ეს ვერ შევძელით, მაშინ ინვესტიციებიც ვერ შემოვა. იმიტომაც მიდიან ჰონგ-კონგში, თუ სინგაპურში, სადაც მათ ადგილობრივი კანონმდებლობა იცავს, კანონმდებლობა, რომელიც თავსებადია ამერიკის შეერთებული შტატების, ან დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობასთან.

XS
SM
MD
LG