2017 წლის დადგომამდე 10 დღით ადრე, საქართველოს ეროვნული ვალუტა ლარი გაუფასურების აბსოლუტურ რეკორდზე მიდის. ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსი, აშშ დოლართან მიმართებაში უკვე - 2 ლარი და 78 თეთრია, მაშინ როცა კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში, კურსი დიდი ხანია გადასცდა - 2 ლარისა და 80 თეთრის ნიშნულს. რაც მთავარია, დღეს, ვერავინ ამბობს, როგორი იქნება ახალი ისტორიული მინიმუმი ანუ სადამდე შეიძლება „გაიქცეს“ ლარი.
Bloomberg Terminal-ის მონაცემებით, ბოლო ერთი თვის მანძილზე, ჩვენს რეგიონში, დოლართან მიმართებაში, ყველაზე მეტად სწორედ ქართული ლარი გაუფასურდა - თითქმის, 12 %-ით. შემდეგ მოდის: თურქული ლირა - 5,12 %-ით, აზერბაიჯანული მანათი - 4,33 %-ით და სომხური დრამი 0,31 %-ით. ხოლო, რუსული რუბლი ამ მოკლევადიან პერიოდში, დოლართან მიმართ საერთოდ გამყარდა - 3,33 %-ით.
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ლადო პაპავა მიიჩნევს, რომ ის რაც დეკემბერში ლარს დაემართა არის „ნახტომისებური გაუფასურება“, რაც დამანგრეველია ეკონომიკისთვის და რაზეც, პირველ რიგში, ე.წ "ლარიზაციის გეგმის" ავტორი, საქართველოს მთავრობაა პასუხისმგებელი.
ლარი უნდა უფასურდებოდეს. მაგრამ, უნდა უფასურდებოდეს, არ ნიშნავს, რომ ის, ასე ნატხომისებურად უნდა ეცემოდეს. ეს უკვე მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხია. გაუაზრებელმა, ნაჩქარევმა და შეუთანხმებელმა განცხადებებმა გამოიწვია - ლარის ნახტომისებური, არაპროგნოზირებადი, ბიზნესის დამანგრეველი და სოციალური პანიკის შემქნელი დაცემა“ვლადიმერ პაპავა, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი
„დღეს ობიექტური გარემოა მსოფლიოში და ჩვენს გარშემო რეგიონში, რომლის გამოც, ლარი, რა თქმა უნდა უნდა უფასურდებოდეს. მაგრამ, უნდა უფასურდებოდეს არ ნიშნავს, რომ ის, ასე ნახტომისებურად უნდა ეცემოდეს.
ეს უკვე მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხია, გაუაზრებელმა, ნაჩქარევმა და შეუთანხმებელმა განცხადებებმა გამოიწვია, - ლარის ნახტომისებური, არაპროგნოზირებადი, ბიზნესის დამანგრეველი და სოციალური პანიკის შემქნელი დაცემა.“
ბოლო ექვსი თვის მანძილზე, ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის სავალუტო აუქციონზე, ჯამში 220 000 000 აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა „ნახტომისებური გაუფასურების“ თავიდან აცილება მაინც ვერ შეძლო. ბოლო ასეთი აუქციონი გუშინ გაიმართა, რომელზეც 40 000 000 აშშ დოლარი იქნა გაყიდული. ამ ვაჭრობის შემდეგ, ლარი კიდევ 4 პუნქტით დაეცა.
ლარის ვარდნით გამოწვეული ხელფასების, პენსიების და დანაზოგების გაუფასურების პარალელურად, ტოტალურად იზრდება ფასები, როგორც ადგილობრივ, ისე იმპორტირებულ საქონელზე.
საქსტატის მონაცემებით, განსაკუთრებით გაზრდილია ამბულატორიული სამედიცინო მომსახურებისა (5.6%-ით) და კავშირგაბმულობის(4%-ით) ხარჯი. ასევე, ფასები ბოსტნეულისა და ბაღჩეულის (8,7 %-ით), რძის, ყველისა და კვერცხის ნაწარმზე (3,0%), ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე(10.5%-ით).
ეკონომისტების შეფასებით, ფასების „ნახტომისებური“ ზრდა და ცხოვრების კიდევ უფრო გაძვირება გარდაუვალია 2017 წლის იანვრიდან, როცა მთავრობა გააორმაგებს აქციზს ბენზინზე, დიზელზე, მსუბუქ ავტომობილებზე, ავტომობილის აირზე, ზეთებსა და თამბაქოზე.
მთავრობა ამ არაპოპულარულ ნაბიჯზე, 2017 წლის ბიუჯეტის გადარჩენის მიზნით წავიდა, რომელიც ლარის 2,5-იან გაცვლით კურსსა და 4 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
ეკონომიკის ექსპერტი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ ასეთი ღრმა კრიზისის ფონზე, ყველაზე სწორი გამოსავალი სახელმწიფო ბიუჯეტის მნიშვნელოვანი შეკვეცა იქნებოდა, რადგან, არ არსებობს გარანტია, რომ მთავრობა 2017 წელს, 4 პროცენტიან ზრდას (2016 წელს, მშპ-ს ზრდა მხოლოდ 2,7 %-ია, დაგეგმილი 3%-ის ნაცვლად - ზ.წ) ნამდვილად უზრუნველყოფს ან გაზრდილი გადასახადების ამოღებას შეძლებს.
„მთავრობამ უნდა აღიაროს, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ ძალუძთ ამხელა ტვირთის აწევა, რამხელაზეც გაიბერა დღევანდელი საქართველოს მთავრობა. რა უნდა გააკეთონ? უნდა წავიდნენ ახლავე პარლამენტში და ბიუჯეტში ცვლილებები უნდა შეიტანონ.
გადასახადები კი არ უნდა გაზარდონ, რომლის აწევითაც, ამ გაბერილი ბიუჯეტის დაბალანსებას ცდილობენ, არამედ თავად ბიუჯეტი უნდა შეკვეცონ. კაცმა არ იცის, რეალურად ავკრეფთ თუ არა 2017 წელს ამ გაზრდილ გადასახადებს? რომ არ გვქონდეს, ის 4%-იანი ეკონომიკური ზრდა, წლის ბოლოს, ბიუჯეტის სეკვესტრი ისედაც ხომ მოგვიწევს?“ვახტანგ მეგრელიშვილი, ეკონომიკის ექსპერტი
გადასახადები კი არ უნდა გაზარდონ, რომლის აწევითაც, ამ გაბერილი ბიუჯეტის დაბალანსებას ცდილობენ, არამედ, თავად ბიუჯეტი უნდა შეკვეცონ.
კაცმა არ იცის, რეალურად ავკრეფთ, თუ არა 2017 წელს ამ გაზრდილ გადასახადებს. მომავალი წელი, შეიძლება, საერთოდ ბიუჯეტის დეფიციტით დავამთავროთ. რომ არ გვქონდეს ის 4%-იანი ეკონომიკური ზრდა, წლის ბოლოს, ბიუჯეტის სეკვესტრი ისედაც ხომ მოგვიწევს?“
2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, გაზრდილი ბიუროკრატიული და სოციალური ხარჯების და საგარეო ვალის მომსახურების ტვირთის გარდა, ქართული ლარის მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს საქართველოს უარყოფითი სავაჭრო სალდო, რომელიც, ბოლო მონაცემებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვის 65 %-ს შეადგენს.
პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2016 წლის ნოემბრის მონაცემებით თითქმის - 1 300 000 000 აშშ დოლარს მიაღწია. მთავრობა ვარაუდობს, რომ წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი კიდევ 300 მილიონით გაიზრდება, თუმცა ექსპერტების აზრით, ეკონომიკური და სავალუტო კრიზისის ასეთი გაღრმავების ფონზე, ეს საკმარისი უკვე არ არის.