ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრემიერი ღარიბაშვილი ინვესტიციების ზრდას ელოდება


საქართველოს პრემიერი დავოსში ჯორჯ სოროსს შეხვდა
საქართველოს პრემიერი დავოსში ჯორჯ სოროსს შეხვდა

EBRD მზად არის საქართველოს ჰიდრო ენერგეტიკაში 200 000 000 დოლარი დააბანდოს

საქართველო ისრაელიდან პირდაპირი ინვესტიციებისა და ორმხრივი ვაჭრობის გაზრდას ელოდება. ასეთი შედეგით დასრულდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში.

საქართველოს პრემიერს ჰქონდა უმაღლესი დონის შეხვედრები, როგორც ისრაელის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან, ისე ბიზნეს ელიტასთან. ღარიბაშვილი პირისპირ შეხვდა პრეზიდენტ პერესს, პრემიერ ნეთანიაჰუს, საგარეო მინისტრ ლიბერმანსა და შინაგან საქმეთა მინისტრ საარს.

ერთობლივი ეკონომიკური კომისიის შექმნით კი, იერუსალიმმა და თბილისმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებისკენ.

ვიზიტის პირველ დღეს, ძველ იერუსალიმში, გოდების კედლის მონახულების შემდეგ, ქართული დელეგაციის საპატივცემულოდ სადილი, იქვე, იუდაიზმის მსოფლიო ცენტრ „Aish Hatorah”-ში გაიმართა.

ნიშანდობლივია, რომ ამ შეხვედრას დაესწრენ არა მხოლოდ ქართული წარმოშობის ებრაელი ბიზნესმენები. ღარიბაშვილთან შეხვერდა, საინტერესო აღმოჩნდა ლიბიაში დაბადებულ, მილიარდერ იცხაკ თშუვასთვისაც, რომელიც ნიუ იორკში Plaza Hotel-ის მფლობელია. თშუვა ასევე ფლობს დიდძალ უძრავ ქონებას ლას ვეგასში, კალიფორნიასა და მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში.

ოფიციალური სადილის ორგანიზატორები სამტრედიის რაიონის, სოფელ კულაშში დაბადებული ძმები: მიხეილ და გაბრიელ მირილაშვილები იყვნენ. ეს უკანასკნელი ქართველ ებრაელთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტია. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის ბიზნესის ინტერესზე კერძოდ ბრძანა:

„არსებობს უზარმაზარი პოტენციალი საქართველო-ისრაელს შორის, რომელიც აუთვისებელია. ამის გამოყენება ჩვენ ძალიან ეფექტურად შეგვეძლება და აქ სწორედ ამ კონკრეტული ნაბიჯების გამოყენებაზე მქონდა საუბარი.

გვქონდა შეხვედრა მნიშვნელოვან ებრაელ ინვესტორებთან, რომლებიც მთელ მსოფლიოში არიან ცნობილნი. მათგან მივიღე მრავალი წინადადება, ისინი ჩამოვლენ საქართველოში მარტის პირველ ნახევარში.

პრემიერ ნეთანიაჰუსგან მივიღე სრული მხარდაჭერა. ის პირადად გაუწევს რეკომენდაციას ებრაელ ინვესტორებს, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში და გააკეთონ ინვესტირება. ეს უნდა მოხდეს წელს, წლის პირველ ნახევარში.“

ისრაელში გამგზავრებამდე, ირაკლი ღარიბაშვილი, შვეიცარიაში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრო, რომელიც დავოსში 1971 წლიდან, ყოველწლიურად იმართება. პრემიერმა აქაც მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა, როგორც პოლიტიკის, ისე ეკონიმიკისა და ბიზნესის კუთხით.

ღარიბაშვილის ტეტ-ა-ტეტ ჰქონდა შეხვედრები: შვეიცარიის პრეზიდენტ ბურკჰალტერთან, შვედეთის საგარეო მინისტრ ბილტთან, ფინეთის პრემიერ კატაინენთან, ესტონეთის პრეზიდენტ ილვესთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევთან, საუდუს არაბეთის პრინც ალ ფაიზალთან და ყაზახეთის ეკონომიკის მინისტრ სულთანოვთან.

დავოსში ქართველი პრემიერის სხვა შეხვედრებიდან გამოსარჩევია, აუდიენცია ფილანტროპ ჯორჯ სოროსთან; საუბარი ცნობილ ჰოლანდიელ ეკონომისტ ვიქტორ ჰალბერშტადთან და რუსული ნავთობგიგანტის „ლუკოილის“ პრეზიდენტ, აზერბაიჯანული წარმოშობის ვაგიტ ალეკპეროვთან.

საინტერესოა, რომ ეს ალეკპეროვის პირველი შეხვედრა იყო საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელთან, მას შემდეგ, რაც 2013 წელს, მიხეილ სააკაშვილმა ალეკპეროვი, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალეივის ხელისუფლების დამხობის სურვილში ამხილა.

რუსული „ლუკოილის“ გარდა, ღარიბაშვილი ასევე პირისპირ შეხვდა უმსხვილესი კორპორაციების: ამერიკული Lazard-ის, Blackstone-ისა და AGROS-ს პირველ პირებს. ასევე ინდური TATA-ს, არაბული Jumeirah-ის, ფრანგული Lafarge-ეს, კუვეიტური Agility Logistics-ის, ჰოლანდიური Royal Philips და დანიური Maersk-ის ხელმძღვანელებს. Maersk-ი 2011 წლიდან ფოთის ნავსადგურის ოპერატორია.

საქართველოს ეკონომიკა და აქ არსებული ბიზნეს გარემო იყო ღარიბაშვილისა და ქრისტინ ლაგარდის შეხვედრის მთავარი თემა. ლაგარდი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელია.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდეტმა სუმა ჩაკრატაბმა კი ქართველ პრემიერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნესს ფორუმს, 2015 წლის მაისში, თბილისი უმასპიძლებს.

ამ ღონისძიებაზე 64 ქვეყნის დელეგაცია ჩამოვა, მათ შორის, 31 ქვეყანას - ფინანთა მინისტრები წარმოადგენენ. საინტერესოა, რომ 1992 წლიდან, EBRD-მა საქართველოში 165 პროექტი - 1 800 000 000 დოლარით დააფინანსა. სუმა ჩაკრატაბა კერძოდ ამბობს:

EBRD-ს აქციონერებმა 2015 წლის ყოველწლიური შეხვედრის ადგილად ერთხმად აირჩიეს საქართველო დედაქალაქი თბილისი. მე მგონი ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ყოველწლიურ შეხვედრას კავკასიის რეგიონში ვატარებთ. მე ძალიან მეამაყება რომ ეს იქნება თბილისში.

ჩვენ მოუთმენლად ველით ამ შეხვედრას და გავაკეთებთ ბიზნეს განვითარების ძალიან დიდ ღონისძიებას, რათა მოვახერხოთ ინვესტორთა მოზიდვა საქართველოში. ჩვენ ძალიან ძლიერი პატრნიორობა გვაკავშირებს.

გასულ წელს, ჩვენ 13 პროექტი განვახორციელეთ საქართველოში, დაახლოებით 100 000 000 დოლარის ფარგლებში. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ რიცხვს გავაორმაგებთ. ყველაზე მეტად ჩვენ გვახარებს, ჰიდროენერგეტიკის სფეროში მოღვაწეობა.


საქართველოს არ აქვს ნავთობი, მაგრამ აქვს წყალი და მას შეუძლია აწაარმოოს ჰიდროენერგიის ექსპორტი რეგიონალურ ბაზრებზე. გვინდა ამის ხელშეწყობა და ვუმიზნებთ, ერთ-ორ პროექტს კონკრეტულად ამ სფეროში.“

უკვე, ხუთშაბათს, 31 იანვარს, პრემიერი ღარიბაშვილი საგარეო და თავდაცვის მინისტრებთან ერთად, მიუნხენის, საიუბილეო, რიგით 50-ე უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

მიუნხენის კონფერენციას დღის წესრიგი უკვე ცნობილია: სირია, ირანი და უკრაინა. თუმცა, ქართული დელეგაცია ეცდება მსოფლიოს ყურდღება კიდევ ერთხელ მიაპყროს: ოკუპირებულ ტერიტორიებს, რუსეთსა და ევროინტეგრაციის თანმდევ პრობლემებს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე.
XS
SM
MD
LG