ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილებასთან დაკავშირებულმა სასამართლო დავამ, როგორც ჩანს, დიდი ხნით გადაინაცვლა უკვე სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
ევროსასამართლომ 3 მარტს, დროებით შეაჩერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც რუსთავი 2 -ზე საკუთრების უფლება 2 მარტს, ტელევიზიის ყოფილ მფლობელს, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდა.
7 მარტს, სტრასბურგში განაჩენის აღსრულების დროებით შეჩერება უკვე „შემდგომ პროცედურამდე“ გაახანგრძლივეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ შეძლებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას იმ დრომდე, სანამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქმეზე - „რუსთავი 2 და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ განხილვას არ დაასრულებს.
შესაბამისად, ამ დრომდე, ტელეკომპანიას ისევ ძმები ლევან და გიორგი ყარამანიშვილების დანიშნული მენეჯმენტი გაუძღვება და ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ში მმართველობის განხორციელებას ვერ შეძლებს.
საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტის ვახუშტი მენაბდის აზრით, საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ რეზონანსულ საქმეს ევროსასამართლო განიხილავს.
პრინციპში ყველასთვის ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. დაველოდოთ ევროსასამართლოს საბოლოო დასკვნებს, რომელიც ნათელს მოჰფენს, იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც ვდგავართ და რომელიც მუდმივად იყო კამათის საგანი“ვახუშტი მენაბდე, კონსტიტუციონალისტი
„პრინციპში ყველასთვის ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. დაველოდოთ ევროსასამართლოს საბოლოო დასკვნებს, რომელიც ნათელს მოჰფენს, იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც ვდგავართ და რომელიც მუდმივად იყო კამათის საგანი.“
ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, რომელიც „რუსთავი 2“-ის საკონტროლო პაკეტს 2004-2006 წლებში ფლობდა, დავა ტელეკომპანიის დასაბრუნებლად 2015 წლის აგვისტოში წამოიწყო და ეს საქმე საქალაქო, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში 20 თვეში მოიგო.
ხალვაში არ მალავს, რომ 2004 წელს, „რუსთავი 2“ მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის თხოვნით იყიდა და ტელებიზნესი არ აინტერესებდა.
2004 წლის ზაფხულში, ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის 10%-იანი წილი ნიკა ტაბატაძისგან შეიძინა, 30%-იანი ეროსი კიწმარიშვილისგან და 60%-იანი ვინმე პაატა კარსანიძისგან. სრულიად უცნობ კარსანიძეს „რუსთავი 2“-ის საკონტროლო პაკეტი, მას შემდეგ ჩაუვარდა ხელში, რაც ხელისუფლების ზეწოლით, თავიანთი 30-30%-იანი წილები, ტელევიზიის დამფუძნებლებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ იძულებით გადაუფორმეს.
ხალვაში ტელეკომპანიას ორი წლის მანძილზე მართავდა. 2006 წელს, სააკაშვილსა და ოქრუაშვილის შორის მომხდარი ცნობილი დაპირისპირების შემდეგ, მას სხვა ბიზნესებთან ერთად „რუსთავი 2“-იც ჩამოართვეს.
2016-17 წლებში, საქართველოს სასამართლოებში გამარჯვების შემდეგ, ხალვაშმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიის 50%-ს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს გადასცემს, როგორც წინა ხელისუფლებისგან დაზარალებულ აქციონერებს. მან დვალს ტელეკომპანიის დირექტორობაც შესთავაზა. თუმცა, სულ უფრო მძაფრი ადგილობრივი და საერთაშორისო კრიტიკის შემდეგ, დვალი აცხადებს, რომ ის „რუსთავი 2“-ში ცენზორად არ დაბრუნდება და ხელისუფლების მორჩილი, პარტიული ტელევიზიის წილები მას არ აინტერესებს.
„რუსთავი 2“-ის ამჟამინდელი მფლობელები, ძმები ყარამანიშვილები, მათი მენეჯმენტი და ჟურნალისტური კოლექტივი თვლიან, რომ ქიბარ ხალვაში ამჯერადაც ხელისუფლების დავალებით მოქმედებს და მისი მთავარი მიზანი ოპოზიციური ტელეარხის დადუმებაა.
საქართველოს მთავრობა სასამართლო დავის დაწყებიდან განაჩენის გამოცხადებამდე, მუდმივად ხაზს უსვამდა, რომ ეს ორ კერძო სუბიექტს შორის მიმდინარე კერძო ქონებრივი დავა იყო. აშკარაა, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება კვირიკაშვილის მთვარობისთვის უსიამოვნო სიურპრიზი გამოდგა.
ასეთ გადაწყვეტილებას არ ელოდა ქიბარ ხალვაშიც. მისი ადვოკატი პაატა სალია ამბობს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება „აღსრულების დროებით შეჩერების“ თაობაზე უპრეცედენტოა და ისინიც იძულებულნი არიან, მოთმინებით დაელოდონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საბოლოო ვერდიქტს
იმ შემთხვევაში, თუ კი, საბოლოო ჯამში, მათი სარჩელი დაკმაყოფილდება, ეს იქნება დავის ხელახლა განხილვის საფუძველი საქართველოში. როგორც ცნობილია ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ავტომატურად ეროვნულ დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებას არ აუქმებს, თუმცა, შესაძლებელია საუბარი იყოს გარკვეულ ფინანსურ კომპენსაციაზე"პაატა სალია, ქიბარ ხალვაშის ადვოკატი
„უნდა დაველოდოთ საქმის არსებით განხილვას, საქმეს პრიორიტეტი აქვს მინიჭებული და წესით, ის შედარებით მოკლე ვადებში უნდა განიხილონ სტრასბურგში.
ევროსასამართლომ უნდა იმსჯელოს, დაირღვა თუ არა ჩვენი მოწინააღმდეგე მხარის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებები.
სავარაუდოდ, ჩვენი მოწინააღდეგე მხარე კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაზე იდავებს. სწორედ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი შემდგომი ნაბიჯების გადადგმა.
იმ შემთხვევაში, თუ კი, საბოლოო ჯამში, მათი სარჩელი დაკმაყოფილდება, ეს იქნება დავის ხელახლა განხილვის საფუძველი საქართველოში. როგორც ცნობილია ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ავტომატურად ეროვნულ დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებას არ აუქმებს, თუმცა, შესაძლებელია საუბარი იყოს გარკვეულ ფინანსურ კომპენსაციაზე და ა.შ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ევროსასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების დალოდება გვმართებს.“
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება სავალდებულოდ შესასრულებელი საქართველოსთვის, 1999 წლის შემდეგ არის, რაც ჩვენი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრი გახდა და პარლამენტმა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის რატიფიცირება მოახდინა.
კონვენციის 46-ე მუხლი ამბობს, რომ „მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, დაემორჩილონ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ნებისმიერ საქმეზე, რომლის მხარეებიც ისინი არიან”.
სრულყოფილი საჩივარი სტრასბურგში, მოსარჩელემ, ტელეკომპანიის ამჟამინდელი მფლობელების ძმები ყარამანიშვილების დაცვის მხარემ - 31 მარტამდე უნდა წარადგინოს, მოპასუხე კი უკვე საქართელოს მთავრობა იქნება, ვინაიდან, მოსარჩელე სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაზე აკეთებს აქცენტს. იურისტების ვარაუდით, დიდი ალბათობით, ქიბარ ხალვაში არ იქნება დაშვებული საქმეში მესამე მხარედ.
მიუხედავად იმისა, რომ საქმეს პრიორიტეტი აქვს მინიჭებული, დღეს შეუძლებელია ზუსტი ვადების განსაზღვრა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო „რუსთავი 2“-ის საქმეზე რამდენ ხანში გამაოცხადებს განაჩენს.
რუსთავი 2-ის მფლობელთა ცვლილება (1994-2017)
- 1994 - ეროსი კიწმარიშვილი 33,3%, დავით დვალი 33,3%, ჯარჯი აქიმიძე 33,3%
- 2004 - ეროსი კიწმარიშვილი 30 %, დავით დვალი 30 %, ჯარჯი აქიმიძე 30 %, ნიკა ტაბატაძე 10 %
- 2004 - პაატა კარსანიძე 60%, ეროსი კიწმარიშვილი 30 %, ნიკა ტაბატაძე 10 %
- 2004 - ქიბარ ხალვაში 100 %
- 2005 - ქიბარ ხალვაში 78 %, „ საქცემენტი“ (რობერტ ბეჟუაშვილი) 22 %
- 2006 - ქიბარ ხალვაში 78 %, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ 22 %
- 2006 - „ჯეოტრანსი“ 78 %, „ჩემექსიმ ინტერნეიშენალი“ (მარშალის კუნძულები) 22 %
- 2006 - „დელგადო რესურსი“ (ბრიტანეთის ვირჯინია) 55%, %, „ჩემექსიმ ინტერნეიშენალი“ (მარშალის კუნძულები) 22 %, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ 23 %
- 2007 – „ჯეომედია ჯგუფი“ (მარშალის კუნძულები) 55%, „ჩემექსიმ ინტერნეიშენალი“ (მარშალის კუნძულები) 22 %, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ 23 %
- 2008 - „ჯეომედია ჯგუფი“ (მარშალის კინძულები) 40%, „ჩემექსიმ ინტერნეიშენალი“ (მარშალის კუნძულები) 22 %, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ 8 %, ირაკლი ჩიქოვანი 30 %
- 2009 – „დექსონ ლიმიტედი“ (ბრიტანეთის ვირჯინია) 70%,„ჩემექსიმ ინტერნეიშენალი“ (მარშალის კუნძულები) 30 %
- 2012 - ლევან ყარამანიშვილი 90 %, გოგი გეგეშიძე 10 %
- 2012 - ლევან ყარამანიშვილი 50 %, დავით კეზერაშვილი 40%, გოგი გეგეშიძე 10 %
- 2012 - ლევან ყარამანიშვილი 50 %, გიორგი ყარამანიშვილი 40%, გოგი გეგეშიძე 10 %
- 2012 – „ტელეკომპანია საქართველო“ 51 %, ლევან ყარამანიშვილი 22 %, გიორგი ყარამანიშვილი 18 %, გოგი გეგეშიძე 9 %
- 2014 - „ტელეკომპანია საქართველო“ 51 %, ლევან ყარამანიშვილი 22 %, გიორგი ყარამანიშვილი 18 %, ნინო ნიჟარაძე 9 %
- 2017 - უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, 60% გადაეცა ისევ ქიბარ ხალვაშს და 40% შპს „პანორამას“, რომლის 100%-იანი მეპატრონე ასევე ქიბარ ხალვაშია. ევროსასამართლომ სწორედ ამ გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა