ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვის დარჩება „რუსთავი 2“: უზენაესი სასამართლოს განაჩენის მოლოდინში


"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საპროტესტო აქციაზე. On.ge-ს ფოტო
"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საპროტესტო აქციაზე. On.ge-ს ფოტო

ტელეკომპანია „რუსთავი 2“- მა მაუწყებლობა ისევ აღადგინა. არხი „სამართლიანი მართლმსაჯულების მოთხოვნით“, პროტესტის ნიშნად 17 თებერვალს გაითიშა, 19 თებერვალს კი თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერთა მრავალრიცხოვანი აქცია შედგა.

„რუსთავი 2“-ისთვის სამი ჯგუფი დავობს: ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ახლო მეგობრები: ძმები ლევან და გიორგი ყარამანიშვილები, რომლებიც ტელევიზიას 2012 წლიდან მართავენ.

1994 წელს, „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები: დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, ისინი ტელევიზიას 2004 წლამდე ფლობდნენ და ქიბარ ხალვაში, მას „რუსთავი 2“-ის წილები 2004-06 წლებში ეკუთნოდა.

2015 წლის 2 ნოემბრისა და 2016 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებებით, სასამართლომ „რუსთავი 2“-ის აქციათა 100% სწორედ ქიბარ ხალვაშს დაუბრუნა, თუმცა აღსრულების მუხლის შეჩერების გამო, ტელევიზიას ისევ ძმები ყარამანიშვილები განაგებენ.

ზაალ უდუმაშვილი კვირის აქციაზე
ზაალ უდუმაშვილი კვირის აქციაზე

ამ რეზონანსულ საქმეს ამჟამად საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს. „რუსთავი 2“-ის დირექტორის მოადგილე, ჟურნალისტი ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება ტოტალურ ზეწოლას ახორციელებს სასამართლოზე, რათა ტელევიზია ისევ ქიბარ ხალვაშს ჩაუგდოს ხელში და სარედაქციო პოლიტიკა რადიკალურად შეიცვალოს.

რუსთავი 2-ში 1000-მდე ადამიანი მუშაობს, რომელიც სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებს ამ ტელევიზიისთვის. არცერთი ნაბიჯით უკან არავინ დაიხევს. ეს ტელევიზია იმუშავებს ისე, როგორც აქამდე მუშაობდა“
ზაალ უდუმაშვილი, "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი

„რუსთავი 2-ის საკითხის გადაწყვეტა ბოლო სტადიაშია და დღეების ამბავია, რომ გამოცხადდეს საბოლოო გადაწყვეტილება ჩვენს საქმეზე.

მე მინდა მივმართო ხელისუფლებას - თქვენ თუ გგონიათ რომ "რუსთავი 2"-ს ხონჩაზე მიიღებთ ძალიან ცდებით. "რუსთავი 2"-ში 1000-მდე ადამიანი მუშაობს, რომელიც სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებს ამ ტელევიზიისთვის. არცერთი ნაბიჯით უკან არავინ დაიხევს. ეს ტელევიზია იმუშავებს ისე, როგორც აქამდე მუშაობდა.“

ძმებმა ყარამანიშვილებმა უზენაესს სასამართლოს 2016 წლის ივნისში მიმართეს, მას შემდეგ რაც, მათ დავა „რუსთავი 2“-ისთვის, ქიბარ ხალვაშთან სამოქალაქოს მერე, სააპელაციო სასამართლოშიც წააგეს. უზენაესმა სასამართლომ ყარამანიშვილების საკასაციო საჩივარი დასაშვებად 9 სექტემბერს სცნო.

სამი მოსამართლის შემადგენლობით, უზენაესი სასამართლოს პალატამ, რუსთავი 2-ის საქმის არსებითად განხილვა 2016 წლის ნოემბრის ბოლოს დაიწყო, თუმცა მალევე, ეს საქმე უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას გადაეცა.

უზენაეს სასამართლოს დიდ პალატას საქმის განსახილველად კანონით განსაზღვრული 6 თვიანი ვადა ჰქონდა, რომელიც 2017 წლის 25 იანვარს ამოიწურა. იმ დროისთვის, სასამართლოს კოლეგიაც არ იყო დაკომპლექტებული. ყარამანიშვილების დაცვის მხრიდან, ბოლო საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების მომენტიდან, ვადა კი უკვე 10 თებერვალს ამოიწურა.

რატომ დაირღვა ეს ვადები და რამდენი ხანი დასჭირდება დიდ პალატას, "რუსთავი 2"-ის კუთვნილებასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილების გამოსატანად უცნობია. ამ თემაზე დღეს კომენტარი არ გააკეთა უზენაესი სასამართლოს თავჯმდომარე ნინო გვენეტაძემ, რომელიც თავად დიდი პალატის წევრია. მან კერძოდ ბრძანა

სამართალწარმოების მიმდინარე საქმეებზე კომენტარს არ გავაკეთებ“
ნინო გვენეტაძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

„სამართალწარმოების მიმდინარე საქმეებზე კომენტარს არ გავაკეთებ“

გერმანიაში მცხოვრები ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის დაცვის მხარე კი მიიჩნევს, რომ ტელევიზიის გათიშვითა და ხმაურიანი აქციების მოწყობით, ძმები ყარამანიშვილები და მათ უკან მდგომი პოლიტიკური ძალები, სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობენ.

რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია თბილისში
რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია თბილისში

თუ სასამართლო მოექცა ზეგავლენის ქვეშ, რისი ნიშნებიც უკვე ჩანს, ეს არამარტო ამ კონკრეტული საქმისთვის იქნება საზიანო, არამედ საბოლოოდ დაასამარებს სამართლიანობის აღდგენის იდეას"
პაატა სალია, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი

„თუ სასამართლო მოექცა ზეგავლენის ქვეშ, რისი ნიშნებიც უკვე ჩანს, ეს არამარტო ამ კონკრეტული საქმისთვის იქნება საზიანო, არამედ საბოლოოდ დაასამარებს სამართლიანობის აღდგენის იდეას. სასამართლომ არ უნდა დაუშვას მის საქმიანობაში უკანონო ჩარევა და არ უნდა იქცეს ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლად“ - აცხადებს ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია.

XS
SM
MD
LG