თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ, დღეს, თითქმის ოთხსაათიანი განხილვის შემდეგ, არ დააკმაყოფილა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დე ფაქტო მეპატრონეების, ძმები ლევან და გიორგი ყარამანიშვილების დაცვის მხარის შუამდგომლობა, კოლეგიის ერთ-ერთი წევრის, მოსამართლე ნათია გუჯაბიძის აცილების თაობაზე.
დაცვის მხარე გამოთქვამდა ეჭვს, რომ 42 წლის ნათია გუჯაბიძე, რომელიც 2015 წლის სექტემბერში, უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო, მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლდა, ხოლო, მიმდინარე წლის იანვარში, ახალი ვადით სააპელაციოს მოსამართლედ განწესდა, არ იქნებოდა ობიექტური.
ეჭვი მაქვს, რომ თუ სასამართლო ამ შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებს, ამას აუცილებლად მოყვება კიდევ ერთი შუამდგომლობა უკვე მთელი კოლეგიის აცილების თაობაზეპაატა სალია
ეჭვის მთავარ მიზეზად, ადვოკატებმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მოსამართლეთა ერთობა“ დაასახელეს, რომლის გამგეობის წევრი ნათია გუჯაბიძესთან ერთად, მოსამართლე თამაზ ურთმელიძეც არის.
მოსამართლე უთმელიძე „რუსთავი 2“-ის კუთნილების საკითხს საქალაქო სასამართლოში იხილავდა და საბოლოოდ, მან ტელეკომპანია ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს გადასცა. „მოსამართლეთა ერთობამ“ პირველ ინსტანციაში „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვის პერიოდში ორი განცხადება (http://ujg.ge/) გაავრცელა, რომელიც ძმები ყარამანიშვილების დაცვის მხარის აზრით, აშკარადა მიკერძოებული იყო. ყარამანიშვილების ადვოკატმა თამთა მურადაშვილმა პროცესზე კერძოდ თქვა:
„გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ მოსამართლე ნათია გუჯაბიძეს, შესაძლოა გააჩნდეს, შინაგანი მხარდაჭერის სურვილი იმ კოლეგის მიმართ, რომელთან ერთადაც ის თანამშრომლობს სასამართლოს გარეთაც, ცალკე არსებულ ორგანიზაციაში. დამატებით ავღნიშნავთ, რომ ნათია გუჯაბიძე არის იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ჯგუფელი და მეგობარი.“
მოსამართლე ნათია გუჯაბიძემ, რომელიც 2005 წლიდან მუშაობს თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში, კატეგორიულად უარყო ყარანიშვილების დაცვის მხარის ბრალდება, რომ იგი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის თანაკურსელი და ახლო მეგობარია:
„ქ-ნ წულუკიანთან არასოდეს, არც ერთხელ, არანაირი კომუნიკაცია, სტუდენტობის პერიოდშიც კი არ მქონია, იმ უბრალო მიზეზით, რომ სხვადასხვა ფაკულტეტებზე ვსავლობდით.“
ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა, მოწინააღმდეგე მხარე, სააპელაციო პროცესის შეგნებულ გაჭიანურებაში დაადანაშაულა, რათა დროში მაქსიმალურად გაიწელოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდა.
ადვოკატმა პაატა სალიამ ივარაუდა, რომ თუ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამოსამართლე გუჯაბიძის აცილებას არ დააკმაყოფილებდა, მაშინ ყარამანიშვილების დაცვის მხარე კოლეგიის სხვა წევრის ან მთლიანად კოლეგიის აცილებას მოითხოვდა:
„ხშირ შემთხვევაში ჩვენი მოწინააღმდეგე მხარის მოქმედება ჰგავს იმას, რომ მათ ყოველთვის უნდათ ნებისმიერი სადაო საკითხი სასამართლოს გარეთ გაიტანონ და მისი გადაწყვეტილება მოხდეს სატელევიზო ეთერში. ეჭვი მაქვს, რომ თუ სასამართლო ამ შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებს, ამას აუცილებლად მოყვება კიდევ ერთი შუამდგომლობა უკვე მთელი კოლეგიის აცილების თაობაზე.“
ქიბარ ხალვაშის ადვოკატის ეს პროგნოზი გამართლდა. როგორც კი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის თავჯდომარე ნატა ნაზღაიძემ გამოაცხადა, რომ კოლეგიამ მოსამართლე ნათია გუჯაბიძის აცილებაზე უარი თქვა, ძმები ყარამანიშვილების ადვოკატებმა, უკვე კოლეგიის მეორე წევრის, მოსამართლე შორენა ყაველაშვილის აცილება მოითხოვეს. თუმცა, კოლეგიამ ეს მოთხოვნაც დაუსაბუთებულად მიიჩნია და ისიც უარყო.
ძმები ყარამანაიშვილები და „რუსთავი 2“-ის შემოქმედებითი კოლექტივის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული პროცესია, რომელსაც საქართველოს ხელისფლება მართავს. კომიკოსმა ვანო ჯავახიშვილმა, რომელიც დღევანდელ პროცესს თვალს ადევნებდა კერძოდ აღნიშნა:
„რამდენიმე მოსამართლე და კოლეგია შეიცვალა გაუგებარი მიზეზით, ახლა იხილავენ საქმეს დაჩქარებული წესით, ამიტომ გვიჩნდება ეჭვი, რომ ეს ხდება წინასაარჩევნოდ, რომ რამენაირად, ახლა ბოტანიკური ბაღი ხომ მიიერთა და ახლა უნდა რუსთავი 2-იც მიიერთოს.“
ბიზნესმენი ძმები ყარამანიშვილები თბილისის სააპელაციო სასამართლოში, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, რომლითაც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წილის 100 პროცენტი ყარამანიშვილებს ჩამოერთვათ და ისევ ქიბარ ხალვაშს გადაეცა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გარდა, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოშიც იხილავს.
რუსთავი 2–ის ირგვლივ მიმდინარე სასამართლო დავის ქრონოლოგია
05.08.2015 - გერმანიაში მცხოვრებმა ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, რომელიც 2004-06 წლებში, რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტს ფლობდა, ტელეკომპანიაში საკუთარი წილის დაბრუნების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა
08.08.2015 - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ თურთმელიძემ „რუსთავი 2“-ის ქონებას ყადაღა დაადო, ამჟამინდელ მფლობელებს კი წილების გასხვისება აუკრძალა
29.09.2015 - სასამართლომ დააყადაღა ლევან და გიორგი ყარამანიშვილების საკუთრებაში მყოფი ტვ „საქართველო“, რომელიც „რუსთავი 2“-ში 51%-იან წილს ფლობს. ცნობილი გახდა, რომ ყარამანიშვილების ამ წილის თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ახლო ნათესავზე გასხვისებას გეგმავდნენ
08.10.2015 - საქართველოში აშშ-ს ელჩმა განაცხადა, რომ ამ პროცესებიდან „ისე ჩანს, რომ საქართველოს მთავრობა მედიის თავისუფლებას ზღუდავს“.
20.10.2015 - ყარამანიშვილების დაცვის მხარემ დააყენა მოსამართლე ურთმელიძის აცილების შუამდგომლობა, რომელიც არ დაკმაყოფილდა
21.10.2015 - „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიან განაცხადა, რომ მას პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ვიდეო ფაილების გამოქვეყნებით დაემუქრნენ
22.10.2015 - სადაო ტელეკომპანიის ეზოში, „რუსთავი 2“-ის დამოუკიდებლობის დაცვის საბაბით კარვები გაიშალა
22.10. 2015 - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს აშფოთებს „ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც რუსთავი-2-ის დახურვას გამოიწვევს“
27.10.2015 პრეზიდენტმა მარგველაშვილმა საკუთარ რეზიდენციაში გერმანიიდან ჩამოსული ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში მიიღო. ხალვაშმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ტელევიზია პირადად პრეზიდენტმა სააკაშვილმა წაართვა
29.10.2015 - ინტერნეტით გავრცელდა, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ უკანონოდ მოპოვებული, ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას და ნაცმოძრაობის რამდენიმე ლიდერის სატელეფონო საუბრები, სადაც ისინი ტელეკომპანიის დაცვის საბაბით, მასობრივ არეულობას გეგმავენ. სუს-მა გამოძიება დაიწყო
02.11.2015 - ძმები ყარამანიშვილების ინტერესების დაცვის მხარის სარჩელის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ ნორმის მოქმედება, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებელ აღსრულებას ეხება
03.11.2015 - თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ზე ქიბარ ხალვაშის უფლებები აღადგინა
05.11.2015 - მოსამართლე ურთმელიძემ „რუსთავი 2“-ში დროებითი ადმინისტრაცია დანიშვნა: რეზო საყევარიშვილი, პატარკაციშვილების ოჯახთან დაახლოებული პირი და დავით დვალი, რუსთავი 2–ის, ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელსაც წილი 2004 წელს დაათმობინეს.
06.11.2015 - აშშ-ს და ევროკავშირის ელჩებმა განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება „წარმოშობს სერიოზულ კითხვებს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით“
12.11.2015 - მოსამართლე ურთმელიძემ დროებით მმართველებთან დაკავშირებული მისივე გადაწყვეტილება შეცვალა და ტელეკომპანიის ყოფილ მენეჯმენტს უფლებამოსილება აღუდგინა
13.11.2015 - საკონსტიტუციო სასამართლომ ყარამანიშვილების დაცვის მხარის სარჩელის შემდეგ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ის ნორმა შეაჩერა, რომლის საფუძველზეც მოსამართლემ „რუსთავი 2“–ში დროებითი მმართველების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო
09.01.2016 - ყარამანიშვილების დაცვის მხარემ, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა
21.04.2016 - სააპელაციო სასამართლომ ყარამანიშვილების სარჩელის განხილვა დაიწყო, თუმცა, მანამდე, გაურკვეველი მიზეზით, ამ საქმეზე ორი კოლეგია შეიცვალა
27.04.2016 - ყარამანიშვილების დაცვის მხარემ, სააპელაციოს სხდომაზე, ჯერ მოსამართლე ნათია გუჯაბიძის, შემდეგ კი მოსამართლე შორენა ყაველაშვილის აცილება მოითხოვა, კოლეგიამ ორივე მოთხოვნა უარყო