ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამი ყოფილი მფლობელი „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ


„რუსთავი 2“-ის ამჟამინდელმა მეპატრონეებმა უკვე განაცხადეს რომ ეს პოლიტიკური დევნაა. ყოფილი მფლობელები კი ამბობენ, რომ ამ საქმეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან საერთო არაფერი აქვს.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს, რომლის ქონებაც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაყადაღებულია, კომპანიის სამი ყოფილი მფლობელი უჩივის: ქიბარ ხალვაში, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე. ისინი 2004 და 2006 წლებში, „რუსთავი2“-ის წართმეული წილების დაბრუნებას ითხოვენ.

დვალი და აქიმიძე ეროსი კიწმარიშვილთან ერთად ის ტრიო იყო, რომელმაც „რუსთავი 2“ ქალაქ რუსთავში, 1994 წელს, დააფუძნა და ტელევიზია ნაციონალურ მაუწყებლად აქცია. ამ ტელევიზიამ მთავარი როლი ითამაშა 2003 წლის ნოემბერშივარდების რევოლუციასა და პრეზიდენტ შევარდნაძის გადაყენებაში.

2004 წლის თებერვლამდე დვალი, აქიმიძე და კიწმარიშვილი „რუსთავი 2“-ში თანაბრად 33,3 %-ს ფლობდნენ, ივნისიდან ტრიომ კომპანიის 10 პროცენტი ჟურნალისტ ნიკა ტაბატაძეს დაუთმო და თითოეულმა აქციების 30 %-ი დაიტოვა.

ქიბარ ხალვაში ახლა ჩივის ზუსტად იმავე თემაზე და მიაჩნია, რომ მასაც უსამართლოდ წაართვეს „რუსთავი 2“, რაშიც აბსოლუტურად ვეთანხმები. ქიბარსაც იგივე მეთოდებით და ფორმით ჩამოართვეს ტელევიზია, როგორც მანამდე ჩვენ.
დავით დვალი

2004 წლის ზაფხულში, ერთის მხრივ, დვალსა და აქიმიძეს და მეორეს მხრივ, კიწმარიშვილს შორის მწვავე კონფლიქტი დაიწყო. კიწმარიშვილმა ვალებში მყოფი ტელეარხის გაკოტრების პროცედურები წამოიწყო. თანადამფუძნებლები იძულებული გახადა წილები გაეყიდათ და კომპანიის ვალი ასე დაეფარათ. დვალი და აქიმიძე ამბობენ, რომ ეს გეგმა უმაღლესი ხელისუფლების დაკვეთით ამუშავდა და მათ სხვა არჩევანი უბრალოდ არ დაუტოვეს

დავით დვალი დღეს აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მათი იძულებით დათმობილი წილები სწორედ ქიბარ ხალვაშს გადასცა და იმედს გამოთქვამს, რომ ხალვაშისა და მათი კანონიერი ინტერესები სასამართლოში არ გადაიკვეთება. აქვს თუ არა რუსთავი 2-ის წილზე პრეტენზია კიწმარიშვილის ოჯახს უცნობია. ეროსი კიწმარიშვილი 2014 წლის 15 ივლისს საკუთარ მანქანაში იპოვეს. სიკვდილის ძირითად ვერსიად თვითმკვლელობა განიხილება, თუმცა გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.

„ქიბარ ხალვაში ახლა ჩივის ზუსტად იმავე თემაზე და მიაჩნია, რომ მასაც უსამართლოდ წაართვეს „რუსთავი 2“, რაშიც აბსოლუტურად ვეთანხმები. ქიბარსაც იგივე მეთოდებით და ფორმით ჩამოართვეს ტელევიზია, როგორც მანამდე ჩვენ. მე უბრალოდ იმედი მაქვს, რომ ქიბარის პრეტენზიები არ იკვეთება ჩვენს პრეტენზიებთან. ჩვენ, როცა ვამბობ მე ვგულისხმობ, ჩემი და ჯარჯის კუთვნილ 30-30%-ს, ანუ 60 პროცენტს. ამიტომ მგონია რომ ხალვაშის პრეტენზიები ეხება დანარჩენ წილს და არა ჩვენს წილებს, რომელიც ჩვენ ჩამოგვართვეს და მას გადასცეს,“ ამბობს დვალი.

„რუსთავი 2“-ის მფლობელი, ქიბარ ხალვაში 2004 წლის ივნისში გახდა. თავდაცვის მაშინდელ მინისტრთან ირაკლი ოქრუაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის ხელში, ჯერ დვალის და აქიმიძის 60 პროცენტი გადავიდა, შემდეგ, ტაბატაძის 10 პროცენტი და ბოლოს, კიწმარიშვილის 30 პროცენტიც. ხელისუფლების შუამავალი ამ გარიგებაში ვინმე პაატა კარსანიძე იყო.

ხალვაში ტელეკომპანიის 100%-ს 2005 წლის დეკემბრამდე ფლობდა, შემდეგ 22% პროცენტი მაშინდელი საგარეო მინისტრის გელა ბეჟუაშვილის მამამ რობერტ ბეჟუაშვილმა შეიძინა. დანარჩენი 78 პროცენტი კი ხალვაშმა 2006 წლის ნოემბერში დათმო, როცა უკვე ეკონომიკის მინისტრის რანგში, პრეზიდენტ სააკაშვილთან დაპირისპირებულმა ოქრუაშვილმა თანამდებობა დატოვა.

ჩემთვის პირადად მთავარია, ყოფილ ხელისფლებას, რომლისთვისაც „რუსთავი 2“ ასე მნიშვნელოვანია, ის რაც უკანონოდ მიითვისა, უკან გამოვართვათ.
ქიბარ ხალვაში

ხალვაშის 78 პროცენტი ჯერ, ვინმე ბიძინა ნიჟარაძის კომპანია „ჯეოტრანსზე“ გადაფორმდა, ათ დღეში კი აქციების 55%-ი უკვე ბრიტანეთის ვირჯინიის ოფშორში რეგისტრირებულ „დელგადო რესურსს“ გადაეცა, რომლის წარმომადგენელიც პრეზიდენტ სააკაშვილის მეგობარი ლევან ყარამანიშვილი იყო.

ქიბარ ხალვაში ამბობს, რომ თავის დროზე „რუსთავი2“ თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის თხოვნით იყიდა, რაც მისი თქმით, დიდი შეცდომა იყო.

„ერთ დღეს მთხოვეს, რომ „რუსთავი 2“ იყიდებოდა და თუ მქონდა ყიდვის სურვილი. მართალია, თავიდან უარი ვთქვი, ვუთხარი რომ არ ვიცი ეს სფერო და არ მაინტერესებს მეთქი, თუმცა დამითანხმეს იმით, რომ შეიძლება ეს ტელევიზია ისეთმა ხალხმა იყიდოს, რომ ქვეყანა დაანგრიონო. მითხრეს დაგვიდექი გვერდში და ჩვენც ყველანაირად დაგიდგებითო. ამიტომ დავთანხმდი, რაც ჩემი დიდი შეცდომა იყო.

რაც შეეხება სასამართლო დავას, მიმაჩნია, რომ მფლობელის ვინაობა ძალიან მარტივად გაირკვევა, ამისათვის საჭიროა ჩვენ ყველა წარვდგეთ სასამართლოს წინაშე, და შემდგომში დავემორჩილოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. ჩემი აზრით ყველა მომჩივანი მხარე იქნება, ალბათ კმაყოფილი. ჩემთვის პირადად მთავარია, დღეს, ყოფილ ხელისფლებას, რომლისთვისაც „რუსთავი 2“ ასე მნიშვნელოვანია, ის რაც უკანონოდ მიითვისა, უკან გამოვართვათ,“ აცხადებს ხალვაში.

1994-დან 2014 წლამდე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელი 20-ზე მეტჯერ შეიცვალა. დღეის მონაცემებით, „რუსთავი 2“-ის 22 %-ს ლევან ყარამანიშვილი, 18 %-ს გიორგი ყარამანიშვილი, 9 %-ს - შარშან გარდაცვლილი აქციონერის, გოგი გეგეშიძის მეუღლე ნინო ნიჟარაძე, ხოლო 51 %-ს ტელეკომპანია საქართველო ფლობენ. თავის მხრივ, ტელეკომპანია „საქართველოს“ აქციების 60 %-ი და 40 %-ის მფლობელები ასევე ლევან და გიორგი ყარამანიშვილები არიან.

ტელეკომპანიის ამჟამინდელი დირექტორი ნიკა გვარამიაა, იგი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს იუსტიციის და განათლების მინისტრი, ასევე გენერალური პროკურორის მოადგილე იყო. ტელევიზიის ფინანსური დირექტორის თანამდებობა კი ფინანსთა სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის უფროსის ყოფილ მოადგილეს და ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს კახა დამენიას უჭირავს.

„რუსთავი 2“-ის ამჟამინდელმა მეპატრონეებმა უკვე განაცხადეს რომ ეს პოლიტიკური დევნაა. ყოფილი მფლობელები კი ამბობენ, რომ „რუსთავი 2“ დიდი ხანია ნაციონალური მოძრაობის პარტიული რუპორია და ამ საქმეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან საერთო არაფერი აქვს.

რუსთავი 2-ის მფლობელთა ცვლილება საჯარო რეესტრი მიხედვით (1994-2014)

  • რუსთავი 2-ის მფლობელთა ცვლილება საჯარო რეესტრი მიხედვით
  • 1994 - ეროსი კიწმარიშვილი 33,3%, დავით დვალი 33,3%, ჯარჯი აქიმიძე 33,3%
  • 2004 - ეროსი კიწმარიშვილი 30 %, დავით დვალი 30 %, ჯარჯი აქიმიძე 30 %, ნიკა ტაბატაძე 10 %
  • 2004 - პაატა კარსანიძე 60%, ეროსი კიწმარიშვილი 30 %, ნიკა ტაბატაძე 10 %
  • 2004 - ქიბარ ხალვაში 100 %
  • 2005 - ქიბარ ხალვაში 78 %, „ საქცემენტი“ (რობერტ ბეჟუაშვილი) 22 %
  • 2006 - ქიბარ ხალვაში 78 %, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ 22 %
  • 2006 - „ჯეოტრანსი“ 78 %, „ჩემექსიმ ინტერნეიშენალი“ (მარშალის კუნძულები) 22 %
  • 2006 - „დელგადო რესურსი“ (ბრიტანეთის ვირჯინია) 55%, %, „ჩემექსიმ ინტერნეიშენალი“ (მარშალის კუნძულები) 22 %, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ 23 %
  • 2007 – „ჯეომედია ჯგუფი“ (მარშალის კუნძულები) 55%, „ჩემექსიმ ინტერნეიშენალი“ (მარშალის კუნძულები) 22 %, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ 23 %
  • 2008 - „ჯეომედია ჯგუფი“ (მარშალის კინძულები) 40%, „ჩემექსიმ ინტერნეიშენალი“ (მარშალის კუნძულები) 22 %, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ 8 %, ირაკლი ჩიქოვანი 30 %
  • 2009 – „დექსონ ლიმიტედი“ (ბრიტანეთის ვირჯინია) 70%,„ჩემექსიმ ინტერნეიშენალი“ (მარშალის კუნძულები) 30 %
  • 2012 - ლევან ყარამანიშვილი 90 %, გოგი გეგეშიძე 10 %
  • 2012 - ლევან ყარამანიშვილი 50 %, დავით კეზერაშვილი 40%, გოგი გეგეშიძე 10 %
  • 2012 - ლევან ყარამანიშვილი 50 %, გიორგი ყარამანიშვილი 40%, გოგი გეგეშიძე 10 %
  • 2012 – „ტელეკომპანია საქართველო“ 51 %, ლევან ყარამანიშვილი 22 %, გიორგი ყარამანიშვილი 18 %, გოგი გეგეშიძე 9 %
  • 2014 - „ტელეკომპანია საქართველო“ 51 %, ლევან ყარამანიშვილი 22 %, გიორგი ყარამანიშვილი 18 %, ნინო ნიჟარაძე 9 %
XS
SM
MD
LG