უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების მოთხოვნით, „რუსთავი 2“-მა ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიმართა. ამ წუთისთვის არსებული ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ტელეკომპანიის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა .
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, "ამერიკის ხმის" კორესპონდენტის სინდი სეინის შეკითხვას რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, შემდეგნაირად უპასუხა:
"შეერთებული შტატები შეშფოთებულია რუსთავი 2-თან დაკავშირებით [საქართველოს] უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგით. [გადაწყვეტილებამ] შესაძლოა, შეზღუდოს ოპოზიციის ხმა ქართულ სამაუწყებლო მედიაში. პლურალისტური მედიაგარემო არსებითია საქართველოს დემოკრატიული ზრდისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისათვის. ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები და უზრუნველყოს, რომ მედიაგარემო დარჩეს თავისუფალი, ღია და პლურალისტური."
"ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია პოლ სტრონსკის, ვაშინგტონის კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის ექსპერტს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნულ თემაზე განაცხადა:
"ამბავი შემაშფოთებელია, მაგრამ არა მოულოდნელი. მრავალი წელია, [არხის] საკუთრების სტრუქტურასთან დაკავშირებით დავა მიმდინარეობს. რაც არ უნდა მომხდარიყო 10 წლის წინ სააკაშვილის მთავრობის პირობებში, დღეს არაარსებითია. "რუსთავი 2" მნიშვნელოვან როლს თამაშობს, როგორც დამოუკიდებელი ხმა. დამოუკიდებელი მედია სჭირდება საქართველოს, განსაკუთრებით ოქტომბრის არჩევნებში "ქართული ოცნების" დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ. სააკაშვილის ეპოქაზე დაუსრულებელი დავა ვერ დაგვეხმარება დღევანდელი გადაუდებელი საკითხების მოგვარებაში. ვიმედოვნებ, მთავრობის მიმართ კრიტიკული ხმები შეინარჩუნებენ მექანიზმებსა და საშუალებას, მათ შორის რუსთავი 2-ზე, რათა გააჟღერონ ის, რაც აწუხებთ და მთავრობისგან მოითხოვენ პასუხს. ესაა ნებისმიერი დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილი. [საქართველოში დემოკრატიის] უკანდახევის აღქმაც კი დააზიანებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს."
2 მარტს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ყოფილ მფლობელ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. „რუსთავი 2“-ის საკონტროლო პაკეტის წინა მფლობელები ლევან და გიორგი ყარამანაშვილები, ტელეკომპანიის მენეჯმენტთან ერთად, მიმდინარე მოვლენებში ხელისუფლების ჩარევის ნიშნებს ხედავენ. მათი განცხადებების მიხედვით, „რუსთავი-2“-ის დაბრუნების სურვილი ქიბარ ხალვაშს მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ უკარნახა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით, დღეს განცხადება გაავრცელა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ. ხელისუფლება ტელეკომპანიის საქმეს უწოდებს „მძიმე მემკვიდრეობას“, რომელმაც „უკვე გაიარა დამოუკიდებელი სასამართლოს სამი ინსტანცია“. საქართველოს მთავრობა „ძალ-ღონეს არ დაიშურებს ქვეყანაში მედიისა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად“ - ნათქვამია განცხადებაში.